უმაღლესი დაწესებულებები სრულყოფილად ფუნქციონირებას მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებენ – განათლების სამინისტრო

გამოწერა
1 სექტემბრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მისაღებად.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ნატალია სმოლნიკოვა. 1 სექტემბრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას.

შესაბამისი ცვლილებები შეეხო „განათლების ხარისხის შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, და „საშუალო განათლების შესახებ“ კანონებს. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15 სექტემბრამდე უნდა დაამტკიცოს ავტორიზაციის წესდება, ხოლო 2011 წლის 1 მარტიდან – აკრედიტაციის წესდება. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის და აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლები იძულებულნი იქნებიან გაიარონ ავტორიზაცია. 

ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებს მიეცემათ საქმიანობის გაგრძელების უფლება 2015/16 სასწავლო წლამდე. 

ავტორიზაციის გავლის გარეშე უმაღლეს სასწავლებლებს უფლება არ ექნებათ, გამოიყენონ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელონ ამ სტატუსის შესაბამისი საქმანობა: ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის, პროფესიული კვალიფიკაციის ხარისხის მინიჭების ან დიპლომების გაცემის უფლება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, პირები, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე ჩაირიცხნენ ლიცენზირებულ დაწესებულებებში მიიღებენ ამ დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ ეს დაწესებულება განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში 10 დღის ვადაში წარმოადგენს ამ პირთა სახელობით სიას პირადი ნომრების მითითებით და მათი ჩარიცხვის ბრძანებებს.

განათლების სამინისტრო მოუწოდებს მათ, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებით ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებს მიმართონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ჩაირიცხონ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით პროფესიული განათლება ჩამოყალიბდა აკადემიური განათლების სრულფასოვან ალტერნატივად, რომელიც დასაქმების ბაზართან უფრო მეტად თავსებადია.

პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული კვალიფიკაცია და იღებს პროფესიულ დიპლომს. პროფესიულ კვალიფიკაციათა რიცხვს განეკუთვნება: ბუღალტერ-მოანგარიშე, ვებ-ტექნოლოგი, მშენებლობის მენეჯერი, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, ლანდშაფტის დიზაინერი, ფერმერი, მეღვინე.

ყველა ახალი ამბავი
0