უთხოვარი – საკრალური ხე, რომელიც საქართველოს თამარ მეფემ შეუნარჩუნა

CC0 / Pixabay / უთხოვარი
უთხოვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდის თანახმად, სწორედ თამარმა აუკრძალა გლეხებს უთხოვარის ტყეების გაჩეხვა. სახელწოდებასაც ამ ლეგენდას ვუმადლით და იმასაც, რომ საქართველო დღეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც უთხოვარის რელიქტური კორომებია შემორჩენილი.

„შტახსი, ტვია, გია – ხე ესე დაისხამს ფოთოლთა ნემსების სახედ ვ(ით)ა ფიჭვიცა. ნაყოფსა მისსა შეადგენენ ხილნი, რომელნიცა დამწიფდებიან შემოდგომას და არიან წვრილნი, ჩაჭირებულად ალისფერნი და მქონებელნი მოშავოჲსა კურკისა თეთრის გულითურთ. გაიზდების კლდიანთა მთათა ზ(ედ)ა. მოკვეცითა მისგან შტოებისათა, შესაძლო არს მიცემად სხუისა და სხუისა შესახედავისა. ხე თავით არს წითელი, მტკიცე და გრძელსა ხანსა გამძლე, გინა წინააღმდეგი სიდამპლისა“ (იოანე ბაგრატიონი, 1814). ასე აღწერს იოანე ბაგრატიონი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ბინადარს, ხმელთაშუაზღვეთურ – დასავლეთ ევრაზიული წარმოშობის, იურული პერიოდის რელიქტს, უთხოვარს, იგივე ურთხელს, წითელ ხეს (Taxus baccata, კახური, ფშავური, ხევსურული – უთხოვარი; რაჭული, ლეჩხუმური, იმერული, გურული – ურთხმელა, ურთხველა; აჭარული – მადა, ურთხმელა, სატილია; ქვემორაჭული – წუთული; ქართლური – ურთხლი; სულხან-საბა–ორბელიანი – საჯი; მეგრული – ურთხელი; სვანური – ურთხელ, შაჲრა).

სხვადასხვა ხალხების კულტურებში უთხოვარი სიკვდილის სიმბოლოა. უთხოვრის ჩირაღდნები უჭირავთ რომაული შურისძიების ღმერთებს ფურიებს. ძველი ეგვიპტელები ფარაონებს უთხოვრისგან გამოთლილ სარკოფაგებში ასვენებდნენ. სლავურ ქვეყნებში უთხოვარი სევდის და ნაღველის სიმბოლო, „სიკვდილის ხეა“. ძველ რომში უთხოვრის ტოტები იყო დასაფლავების რიტუალების ატრიბუტი.

მცენარე მოხსენიებულია მსოფლიოს ხალხთა მხატვრულ ლიტერატურაში, პოეზიასა და პროზაულ ნაწარმოებში, როგორც შხამიანი, მომაკვდინებელი და საკრალური დანიშნულების ხე. ლეგენდების თანახმად, შუა საუკუნეებში მტრებს ღვინოს უთხოვრის ფიალებით ასმევდნენ – სასმელში უთხოვრის შხამები სწრაფად იხსნებოდა და მტერს ასე იოლად იცილებდნენ.

თუ სხვა ქვეყნებში ურთხელი საიქიოს ქურუმების, უბედურების და სევდის სიმბოლოა, საქართველოში მას წმინდა ხედ მიიჩნევენ. „ურთხელიონს“ სწირავდნენ ძღვენს და ოჯახის კეთილდღეობას, ბედნიერებას, ავი თვალისგან დაცვას ევედრებოდნენ.

მარადიულობის და აღორძინებადი სასიცოცხლო ძალის სიმბოლო ტრადიციული რიტუალების აუცილებელი ატრიბუტია. კერიის დადგმის რიტუალისას კერასთან აუცილებლად იდგმებოდა ურთხელის წმინდა ხე – როგორც ნაყოფიერების სიმბოლო.

სამეგრელოში სცოდნიათ გაზაფხულის ბუნიაობისას „ურთხაობის“ აღნიშვნა. ურთხელიონთან შესაწირავით სალოცავად მისულები წმინდა ხეს გამრავლებას, მოსავლიანობას და ბედნიერებას შესთხოვდნენ. ოჯახის წევრები ხის გარშემო დგებოდნენ. უფროსი მამაკაცი ძღვენს ხის ძირში დადებდა, შემდეგ ხეს პატარა ტოტს მოტეხავდა, ხეს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა, ოჯახის ავი თვალისგან დაცვას ევედრებოდა და თან მოტეხილ ტოტს ოჯახის ყველა წევრს სამ-სამჯერ შემოკრავდა. რიტუალის შემდეგ ოჯახში დაბრუნებისას ეზოში პირველი ოჯახის უფროსი კაცი შევიდოდა. ურთხელიონის ტოტს ნახშირს წაუსვამდა და ჭიშკარზე დაკიდებდა. შემდეგ სახლში ოჯახის სხვა წევრებიც შევიდოდნენ და სადღესასწაულო სუფრას მიუსხდებოდნენ. ურთხაობის მეორე დღეს, მზის ამოსვლამდე უჯახის უფროსი კვლავ მივიდოდა ურთხელის ხესთან, რამდენიმე პატარა ტოტს მოტეხავდა, ნახშირს წაუსვამდა, ამ ტოტებიდან პატარა ჯვრებს გააკეთებდა და ბაღში, ვენახში, ყანასა და ბოსტანში შენობა-ნაგებობებზე (ნალია, ბოსელი, ბეღელი და სხვ.) ჩამოკიდებდა.

ახალ წელს ურთხელის ტოტებს სახლის კარზე ან ჭიშკარზე კიდებდნენ, როგორც ბედნიერების მომტან და ავი თვალისგან დამცავ თილისმას. ქალები აცხობდნენ რიტუალურ კვერებს. მოზელდნენ მჭადის (ფეტვის) ფქვილის და ღერღილისგან ცომს, შიგ ურთხელის წიწვებს ურევდნენ. ცაზე მთვარის გამოჩენისთანავე წმინდა ხის და შვილების სახელზე გამოაცხობდნენ კვერებს, მივიდოდნენ ურთხელიონთან, ძირში კვერს დადებდნენ და ხეს შეევედრებოდნენ: „ხეო, ძლიერო, ჩემო წმინდა ხეო, შენთან მოვედი, რომ შეგთხოვო ჩემი შვილების ბედნიერება და ჯანმრთელობა“.

ურთხელის ხეს ევედრებოდნენ ბავშვების ჯანმრთელობასაც. თუ ბავშვი დიდი ხნით იყო ავად, დედა ურთხელიონთან დაჩოქილი ლოცულობდა და წმინდა ხეს შვილის გამოჯანმრთელებას შესთხოვდა. დაჩოქილი ხეს სამჯერ შემოუვლიდა, ნახშირიანი ხელით ხეს ჯვარს დაუსვამდა და შუბლს ისე მიადებდა, რომ ჯვარის გამოსახულება შუბლზე გადასვლოდა. სახლში უმძრახად დაბრუნდებოდა, შვილს შუბლს მიადებდა ისე, რომ ჯვრის გამოსახულება ბავშვის შუბლზე გადასულიყო და ურთხელიდან მოტეხილ ტოტს ბავშვის ოთახის კარზე დაამაგრებდა.

ურთხელი წმინდა ხედ იყო მიჩნეული ფშავშიც. მას სალოცავებთან რგავდნენ. ხატის შესაწირავს კი აუცილებლად ურთხელისგან გამოთლილ სპეციალურ კირჩხზე (ორკაპა ჯოხი) კიდებდნენ. ურთხელს რგავდნენ საფლავებთან. მთავარი როლი ჰქონდა ამ ხეს უგზო-უკვლოდ დაკარგულის დაკრძალვის რიტუალში. კენოტაფის (ცარიელი საფლავი) გამართვისას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სიმაღლის ურთხელის ტოტს მოჭრიდნენ, შემოსავდნენ და დაკრძალვის რიტუალით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით კრძალავდნენ.

25 მ, ერთეულ შემთხვევებში 30 მ სიმაღლის მეზოფილური ტყის ორსახლიანი წიწვოვანი მცენარეები იზრდება ტყის მთელ სარტყელში კლდიან ფერდობებზე, მდინარეთა ხევებში. ხაზური და სპირალურად ერთ სიბრტყეში განლაგებული ფოთლები ბრტყელი წიწვების იერს ქმნის. ორსახლიანი მერქნიანი მცენარეებია. მამრობითი გირჩები თითო-თითოა ფოთლების იღლიებში განლაგებული. მდედრობითი ყვავილი უმეტესად ერთი თესლკვირტითაა. მურა ფერის, ოვალური, მაგარი თესლები წითელი, კაშკაშა ფერის ხორცოვან ნაყოფშია გახვეული. თესლების წარმოსაქმნელად აუცილებელია მამრობითი და მდედრობითი ინდივიდები ახლოს იყოს ერთმანეთთან.

უთხოვრის ნაყოფები და ფოთლების ესენცია კლასიკურ ჰომეოპათიაში რევმატიზმის, პოდაგრის, ღვიძლის, თირკმლის, გულის დაავადებების, ყაბზობის, წითელი ქარის, ეგზემის და დერმატიტების სამკურნალოდ გამოიყენება. ხალხური მედიცინა კი მცენარის ფოთლების ნახარშს იყენებს ქალური დაავადებების – მენსტრუალური ციკლის მოშლის სამკურნალოდ. აგრეთვე როგორც ანტიჰელმინტური საშუალება. ფოთლების ნაყენს – კრუპის, ანგინის და მუნის სამკურნალოდ.

აიურვედა უთხოვრის ტოტებს და წიწვებს იყენებს როგორც კარდიოტონური, სპაზმოლიზური, ამოსახველებელი საშუალება, მეტეორიზმის, ეპილეპსიის, ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, დიარეის დროს. წითელ ნაყოფსაფარს როგორც მატონიზირებელი, ამოსახველებელი, ნაღველმდენი საშუალება. ცოცხალი წვენი როგორც შარდმდენი და საფაღარათე, ვეჟინი – ფილტვების დაავადებების, ასციტის, ბუასილის დროს, ჟელე – ქრონიკული ხველის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების და ყივანახველას დროს.

ძვირფასმერქნიანი უთხოვრის მძიმე, მკვრივი, მყარი და მტკიცე, ამავდროულად ელასტიური მერქანი ფაქტობრივად არ ლპება. მოყვითალო-წითელი, ან მურა-წითელია, წყალში იისფერ-ალისფერი ხდება, დროთა განმავლობაში კი მუქდება და ემსგავსება აბანოზის ხეს (შავი ხე). გამოირჩევა ლამაზი ტექსტურით. გული მოწითალო-ყავისფერია, ნელი ზრდის გამო აქვს თხელი წლიური რგოლები. შრება და ითლება კარგად.

უთხოვრის მერქანს იყენებდნენ კოვზების, თეფშების, ყუთების, სათლების, კასრების, დაზგების, სავარცხლების, სხვადასხვა ჭურჭლის და საყოფაცხოვრებო ნივთების, წყლის არხების, ლურსმნების, ნავების, ნიჩბების, მათრახის ტარების, წისქვილის ნაწილების, ნაჯახების, ხიდების და სხვ. დასამზადებლად. სინესტისადმი მდგრადი მერქანი საუკეთესოა წყალქვეშა ნაგებობების, საავეჯო და სახარატო საქმეში, სუვენირების, ჩუქურთმების და მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის.

საინტერესო ფაქტები უთხოვრის შესახებ:

უთხოვრის ტყეები 200 მლნ წლის წინ ფარავდა ხმელეთის უდიდეს ნაწილს და დედამიწაზე ადამიანის გაჩენის დღიდან დიდად ფასობს როგორც საუკეთესო საყოფაცხოვრებო დანიშნულების მერქნიანი ხე. შუა საუკუნეებში თითქმის მთლიანად განადგურდა ძვირფასი მერქნის გამო.

უთხოვარი მიეკუთვნება იშვიათ სახეობათა რიცხვს და შეტანილია ყველა რეგიონულ „წითელ წიგნში“, მათ შორის, საქართველოს „წითელ წიგნსა“ და „წითელ ნუსხაში“, აგრეთვე, IUSN-ის „წითელ ნუსხაში“.

დედამიწაზე ერთადერთი ადგილი, სადაც უთხოვარი რელიქტური ტყის სახითაა შემორჩენილი, საქართველოშია (მდინარე ბაწარას ხეობა, ალაზნის ზემო წელი). 100 ჰა ფართობზე გაშლილ უთხოვრის ტყეში მრავლად გვხვდება 1,5 მ დიამეტრის და 30 მ სიმაღლის ხეები. უთხოვრის ტყეს უკავია ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის 7.8%.

საქართველოში უთხოვრიანების საერთო ფართობი 259 ჰა-ს შეადგენს, მერქნის საერთო მარაგი 54 900 მ3. უთხოვრის ბიოჯგუფები მცირერიცხოვანი კორომების და ერთეული ინდივიდები წიფლნარებში შერეული სახით გვხვდება აფხაზეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, იმერეთის, აჭარის, გურიის, სამაჩაბლოს, ქართლის, მთიულეთის, კახეთის, თრიალეთისა და მესხეთის ტყიან ფართობებზე, ზღვის დონიდან 900-1200, ზოგჯერ 1700 მეტრამდე.

ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა, რომელსაც არ აქვს ფისი და ამიტომ მისთვის არ არის დამახასიათებელი წიწვოვნებისთვის ჩვეული სასიამოვნო არომატი.

სხვა წიწვოვნებისგან განსხვავებით, უთხოვარს არ აქვს გირჩები, მისი ნაყოფები „უთხოვრის კენკრის“ სახელით მოიხსენიება. იმის მიუხედავად, რომ მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია, უთხოვრის წითელი ხორციანი ნაყოფსაფარი აბსოლუტურად უვნებელია და იჭმევა კიდეც. 

უძველესი წარმომადგენელი – ფორტინგელის უთხოვარი შოტლანდიაშია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ხის გარშემოწერილობა 16 მეტრს აღწევდა. ღეროს გულის ლპობის გამო მისი ზუსტი ასაკის დადგენა შეუძლებელია. მეცნიერთა აზრით, ხის ასაკი 5000 წელს არ აღემატება. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ხის ქვეშ დაიბადა და გაატარა ბავშვობა პილატე პონტოელმა.

ერთ-ერთი საუკეთესო მაღალდეკორატიული უთხოვარი კარგად იტანს კრეჭას და მებაღე-დეკორატორების საყვარელი მცენარეა თავისი ულამაზესი ვარჯის და კაშკაშა წითელი ნაყოფების გამო. გამოიყენება ურბანული განაშენიანებისას, დასახლებული პუნქტების გასალამაზებლად.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მცენარის ქერქებისა და წიწვებისგან გამოყვეს ალკალოიდები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ანელებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, ამის გამო მცენარე მეორედ დადგა გადაშენების საფრთხის ქვეშ. დღეს ამ ნივთიერებების სინთეზური ანალოგები ლაბორატორიულად მიიღება და მცენარეს ამ მიზნით აღარ ანადგურებენ.

უთხოვრის მერქნის საუკეთესო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი ადამიანისათვის, ამას მოწმობს არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი პალეოზოური ერის 2 მეტრის სიგრძის შუბი, დათარიღებული 90 ათასი წლით (ესექსი).

უთხოვრის მერქანს აქვს ბაქტერიციდული თვისებები – ანადგურებს ბაქტერიებს და წმენდს ჰაერს მის გარშემო. სახლი დაცული იყო ინფექციური დაავადებებისგან, თუ უთხოვრის მერქნისგან დამზადებული კოჭები, ან შიდა ფასადის ნაწილები ჰქონდა. მერქნის ეს თვისება იცოდნენ შუა საუკუნეებში და ამიტომ უთხოვარი განსაკუთრებით ფასობდა სასახლეების და სახლების აგებისას. საძირკვლის კოჭები პირდაპირ იდებოდა სახლის ქვის ფუნდამენტზე და თითქმის არ ზიანდებოდა ტენის ზემოქმედებით.

ლეგენდის თანახმად, რიჩარდ ლომგული სწორედ უთხოვრის შუბით არის მოკლული.

უთხოვარის გვარი (Taxus) 10 სახეობით და 2 სახესხვაობით არის წარმოდგენილი აზიის (სუმატრა და სულავესი), ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნებში.

პეტროვის კუნძულები (იაპონიის ზღვის ჩრდილოეთით, პრიმორიეს მხარე) ერთ-ერთი ადგილია, სადაც შემორჩენილია მითები და ლეგენდები უთხოვრის შესახებ. ილოუს ტომის გადმოცემით, მისტიკური უთხოვარი იცავს გასასვლელს აწმყოსა და მომავალს შორის. მცენარის ფესვები იცავს ადამიანებს ქვესკნელის ბოროტი სულებისგან და ამავდროულად აკავშირებს ცოცხლების და სულების სამყაროებს. დღემდე სწამთ, რომ კუნძულზე „ყურიანი“ უთხოვრის ხეები გულმხურვალედ მთხოვნელს სურვილს აუცილებლად შეუსრულებს.

ლეგენდის თანახმად, ყირიმის ხანი გინეა ჰუსტის სასახლეს რომ დაესხა, მეზარბაზნეებმა მისი მეომრები უთხოვრის მერქნისგან გამოთლილი ბირთვებით მოიგერიეს, რომელსაც ზამბარის ეფექტი ჰქონდა – დაცემისას ხტუნავდა და მტერს რამდენჯერმე ეჯახებოდა.

უთხოვრის ლაბირინთები ამშვენებს ფრანგული სტილის პარკებს ევროპის ქვეყნებში, უთხოვრის გაშლილი ბოსკეტები (კორომი) და ცხაურები კი ვერსალის მშვენებას წარმოადგენს.

წიწვოვანთა შორის ერთ-ერთი უჩვეულო და ულამაზესი მცენარე უდავოდ გამორჩეულია თავისი მაღალდეკორატიულობით. ბევრი მოყვარული მებაღე გაურბის უთხოვრის დარგვას ნაკვეთზე, მისი ტოქსიკური და „მძიმე“ ენერგეტიკის გამო. თუმცა, მათი შიში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. თამამად შეგიძლიათ დაამშვენოთ თქვენი ეზოები ამ ულამაზესი მცენარით, მით უფრო, რომ უჩვეულოდ ლამაზი ვარჯის მქონე უთხოვარი შესანიშნავად ემორჩილება კრეჭვა-ფორმირებას, ქმნის მჭიდრო ნარგავებს და იდეალურია დაჩრდილული ზონებისთვის. უთხოვარი დიდი ოდენობით შეიცავს ალკალოიდებს და არ გაგიკვირდეთ, თუ ხის გაკრეჭვისას მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობთ. ეს რომ არ მოხდეს, გამოიყენეთ ხელთათმანები და პირბადე.

და, ბოლოს, როგორ გავამრავლოთ ეს ულამაზესი ძვირფასი მცენარე

აღსანიშნავია, რომ უთხოვარი თესლმსხმოიარობას იწყებს 30 წლის შემდეგ, დაჩრდილულ ადგილებში მდგარი ინდივიდები – კიდევ უფრო გვიან. ამიტომ უთხოვრის ტყეების თვითგანახლება რთულად ხდება.

მნიშვნელოვანია მოყვარული მებაღეებისათვის იმის ცოდნა, რომ უთხოვარი მრავლდება დაკალმებით. კალმების აჭრა ხდება ყლორტიდან – ესაა ხის ღეროს, ანუ ტოტის ბოლო წლის ნაზარდი. ყლორტი ორგვარი შეიძლება იყოს: მომწიფებული (ზრდა დამთავრებული), ანუ გამერქნებული და მოუმწიფებელი (მწვანე, გაუმერქნებელი). შესაბამისად, კალმებიც ორგვარია: ზამთრის კალამი – იჭრება გამერქნებული ყლორტიდან და ზაფხულის მწვანე კალამი – იჭრება გაუმერქნებელი ყლორტიდან. ზოგჯერ კალმების აჭრა ხდება ორწლიანი ტოტებიდანაც.

კალამი უნდა აიჭრას თესლისგან გამოზრდილი სტადიურად ახალგაზრდა ხის, ან სტადიურად მომწიფებული ხის ძირკვის ამონაყარისგან, მაგრამ არა ვარჯზე მოკვეთილი ტოტისგან და, მით უმეტეს, მსხმოიარე ტოტისგან. ზემოთ ამართულ ტოტებზე აჭრილი კალმებისგან იზრდება კომპაქტური ვერტიკალური ზრდის ვარჯის, ჰორიზონტალური ტოტებიდან აჭრილი კალმებიდან კი გადაშლილი ვარჯის, დაბალტანიანი ბუჩქები.

კუნელი - Sputnik საქართველო
ასე ნაცნობი და უცნობი კუნელი – ხელმისაწვდომი ხილი და სამკურნალო საშუალება

ზამთრის კალმები მზადდება შემოდგომით, ფოთოლცვენის დაწყებიდან გაზაფხულზე წვენის მოძრაობის დაწყებამდე. კალმად ოპტიმალურია აღებული იქნას 20 სმ სიგრძის და 1-1,5 სმ სისქის ყლორტი. ყლორტის ერთი კვირტშორისი ერთი საღი კვირტით, ან რამდენიმე კვირტშორისი ერთი-ორი საღი კვირტით. უფრო მოკლე ან გრძელი კალმებიდან სუსტი აღმონაცენი ვითარდება.

ზამთრის კალმის დამზადებისას: თუ არ არის ყინვიანი ზამთარი, კალმის ამოკვეთა და დარგვა შემოდგომის მიწურულში, კალმის ამოკვეთისთანავე ხდება. შესაძლებელია საკალმე მასალა დამზადდეს შემოდგომაზე, კალამს ზამთარში ააჭრიან და ინახავენ გაზაფხულამდე. ან, უკეთეს შემთხვევაში, საკალმე მასალას კონებად შეკრულს, სათანადო პირობებში (დაჭკნობა-გახმობისგან, გაყინვისგან, მზისგან დაცულ, მოჩრდილულ ადგილზე, ცივ სარდაფში) ინახავენ გაზაფხულამდე და კალმებს აჭრიან გაზაფხულზე, უშუალოდ დარგვის წინ. ასეთ დროს ამონაყარი უკეთესი ვითარდება, ვიდრე პირველ ორ შემთხვევაში. ყლორტები და კალმები ცივ სარდაფში ყლორტები სანახევროდ, კალმები კი მთლიანად სველი ქვიშით უნდა დაიფაროს.

ალოე - Sputnik საქართველო
უებარი საბრი და ვერა – ალოეს სამკურნალო თვისებები

რაც შეეხება მწვანე კალმებს, ზამთრის კალმებისგან განსხვავებით, ზაფხულის კალმებს ფოთლები აქვს. საკალმე ყლორტების აჭრა ხდება დილით ადრე  და შემდეგ გრილ შენობაში იკვეთება 6 სმ-მდე სიგრძის კალმები, რომელიც დაუყოვნებლივ სველ ნაქსოვში იხვევა. კალმად იჭრება ყლორტის კენწეროს სულ ზედა ნაწილი 8 სმ-მდე, რომელსაც ქვედა ნაწილში 1,5 სმ-მდე წიწვი ეცლება. კალმის ქვედა თავს 1 სმ-მდე აპობენ და შიგ ქვიშას დებენ, შემდეგ კი მაღალი ტენიანობის და სითბოს პირობებში, კარგი აერაციის  სათბურში, ან მინადაფარებულ ყუთში რგავენ დასაფესვიანებლად.

კალმებს რგავენ სპეციალურად მომზადებულ ნიადაგში: 8-10 სმ სისქის ნოყიერ მიწას ზემოდან ეყრება 4-5 სმ სისქეზე წმინდა, კარგად გარეცხილი (უმჯობესია გამომწვარი) მდინარის ქვიშა ან ქვიშის ნარევი. კალმებს დღე-ღამის მანძილზე 2-3 ჯერ მსუბუქად რწყავენ. დაფესვიანებულ კალმებს გამოსაზამთრებლად სათბურში ტოვებენ და ამის შემდეგ გადააქვთ ღია გრუნტში (ასე შეიძლება სხვა წიწვოვანთა გამრავლებაც დაკალმებით). 

 

ყველა ახალი ამბავი
0