16:06 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ბეგქონდარა

შემოდგომის ნობათი: რომელი მცენარეები უნდა შევაგროვოთ ოქტომბერში

CC BY-SA 2.0 / stanze / Thymus
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (148)
16730

მწიფე და ბარაქიანი შემოდგომა უხვად გვასაჩუქრებს მცენარეული ნობათით. მოწეული ჭირნახულის დაბინავებასთან ერთად ვიზრუნოთ მწვანე აფთიაქის გამდიდრებაზეც.

ვაგრძელებთ სერიას და კვლავ გთავაზობთ სამკურნალო მცენარეებს, რომელთა შეგროვება ოქტომბრის თვეში უნდა მოხდეს.

ფითრი (Viscum album L, მესხური – ბიდნა; გურული, აჭარული – მადა; ჭანური – ჭაბუ, მცხული კაკა; მეგრული – ლიყვი, ლეყვი; სვანური – ჭაგვ, ფითირ) – რომაული სიტყვაა და ნიშნავს მსუბუქ ნაყოფს. მცენარეს ქართული სახელი „ფითრი" მისი ნაყოფების ძლიერი სითეთრის გამო ეწოდა. ანტიკური დროიდან პოპულარული ფითრი საყოველთაოდ აღიარებული სამკურნალო მცენარეა. მისი გამოყენება უფრო ინტენსიურად XVI საუკუნიდან იწყება, როგორც ძლიერი დამამშვიდებელი საშუალება ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს. ფითრის მზა ნედლეულს აქვს სუსტი მომწარო სუნი და სასიამოვნო გემო. იხმარება არტერიებში კალციუმის მარილების დაგროვების (არტერიოსკლეროზი) დროს, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ეს მარადმწვანე მრავალწლოვანი მცენარე პარაზიტობს მერქნიან ტყის ფოთლოვან სახეობებზე (მუხა, ვაშლი, მსხალი და სხვ.) და გავრცელებულია მთელ საქართველოში. გასულ საუკუნეში ფითრიდან მიიღეს პრეპარატი ვისკულენი, რომელსაც აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და წნევის დამწევი მოქმედება. ფითრის ფოთოლი შეიცავს დიდი ოდენობით ორგანულ მჟავებს, შაქრებს, მწარე, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ფისებს, ნაცარს. ფითრის ფარმაცევტული პრეპარატები გამოიყენება ართროზის და ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ. სამკურნალო მიზნით გროვდება ყლორტები მთელი წლის განმავლობაში.

ვაზი (Vitis vinifera L., დასავლური – ვენახი; ჭანური, მეგრული – ბინეხი, ბენეხი; სვანური – ვააზ, ღვაზ) – ყურძნის ღვინოსა და მცენარის ფოთლებში დიდი ოდენობით შემავალი საქაროზა, ინვერტული შაქარი, გლუტამინი, ქოლინი, ქვერცეტინი, კაროტინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, მინერალური მარილები და ბიოოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებები განსაკუთრებულად ღირებულს ხდის ამ მცენარეს. ვაზის სხვადასხვა ფერის და გემოს ნაყოფები უხსოვარი დროიდან იხმარება სამკურნალო მიზნით. ამისთვის ყურძნის წვენს აცლიან დადუღებას, დადუღებულს ასუფთავებენ ნახშირით, გასუფთავებული წვენიდან კი იღებენ თეთრი ღვინის ქვას, რომელსაც სვამენ როგორც კუჭის ამშლელ საშუალებას. ცნობილია, რომ ვაზის ნაყოფს აქვს მადის მომგვრელი და გამასუქებელი მოქმედება. ძველად საქართველოში სიგამხდრის დროს ყურძნის წვენს ასმევდნენ ბავშვს. ქიშმიშს უმატებდნენ საგულე ჩაის, რძეში მოხარშული ქიშმიშის ნახარშით მკურნალობდნენ კბილისა და ღრძილების ჩირქოვან ანთებებს, ღვინოს სამკურნალო მიზნით იყენებდნენ გულის აღმგზნებად კოლაფსის შემთხვევაში და შესაზელად სიცხის დასაწევად მალარიის დროს. კახეთში შავი ყურძნის მარცვლებს აყრიან შაქარს და მუწუკების და ჩირქგროვების მოსამწიფებლად იდებენ საფენის სახით. ყურძნის წიპწას მრავალძარღვასთან ერთად იყენებენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.

ცოცხანა, ცოცხობა (Verbena officinalis L., იმერული – შავი ცოცხი, სამაჭრია; რაჭული, კახური – ცოცხმაგარა; გარეკახური, ქიზიყური – ჩადი; ლეჩხუმური – მოზვრიკუდე; გურული – ცოცხა-ცოცხა, ცახა-ცახა; ინგილოური – კარაზანა; მეგრული – მაქოსალაია, მაწკინტია, ჩე ოქოსალე) – ეს მცენარე ღმერთებისთვის შესაწირავად მიჰქონდათ და გვარის ლათინური სახელიც (Verba) ნიშნავს გაღმერთებულს, საფიცარს. მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ კოლხები, ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები და კელტები, რაც კარგად ჩანს ამ ხალხების ზეპირსიტყვიერებაში, უძველესი დროიდან შემონახულ ხელნაწერებსა და სამკურნალო წიგნებში. ცოცხანათი მკურნალობდნენ მრავალ დაავადებას, იყენებდნენ ჭრილობების შესახორცებლად, მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სალბუნს და ჯადოქრულ მალამოს. სამკურნალო მზა ნედლეული უსუნოა, აქვს მწარე, მკაწრავი გემო. აქვს შარდმდენი მოქმედება და გამოდის სხვადასხვა შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში ფერადი და თირკმლის ჩაის სახით. ურევენ აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებ წყალში. ცოცხანა იზრდება ტენიან ადგილებში, ნათესებში და რუდერალურ ადგილებზე მთის შუა სარტყლამდე აფხაზეთში, იმერეთში, აჭარასა და ქართლში. კავკასიის ხალხები მის წვენს, ან ნახარშს სვამენ მუცლის ჭრითი ტკივილების დროს და ჩაჭედილი თიაქრით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. ცოცხანას წვრილად დაჭრილ ფოთლებს, ქერის ფქვილს და კვერცხის ცილას ზელენ ერთად და სალბუნის სახით იდებენ ნაღრძობზე, შესიებულ ადგილებზე. დაწყლულებულ კანზე კი იდებენ მთლიანად დანაყილ მცენარეს. ფოთლების ნახარშის აბაზანები უებარი სამკურნალო საშუალებაა მალარიით, თავის ტკივილით და საერთო სისუსტით დაავადებულ ბავშვებში. სამკურნალო მიზნით გროვდება მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. სამეგრელოსა და სამტრედიაში მცენარეს ბაიას სახელით იცნობენ.

მაჟარა, სამატლე (Thalictrum spp., კახური – ფათალ-კოვზა; გარეკახური, ქიზიყური – გველის ჭყიმა; მთიულური – გველის წამალი; მოხევური – ციების წამალაი; სვანური – კვაცხ.; სამატლე - Thalictrum foetidum L. თუშური – მატლის ბალახი; რაჭული, ლეჩხუმური – დაჭრილის წამალი) – გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე ტყის პირებზე, ბუჩქნარებსა და ბალახოვან ფერდობებზე. ქართულ ხალხურ მედიცინაში მაჟარას ნახარშით იბანდნენ დაბინძურებულ ჭრილობებს და მკურნალობდნენ მტკივნეულ მენსტრუალურ ციკლს. მცენარის ნახარშს იყენებდნენ ვეტერინარიაშიც, დაბინძურებული ჭრილობების ჩამოსაბანად. საინტერესოა მაჟარას სხვა სახეობა – სამატლე, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმში ჭრილობების შესახორცებლად იყენებდნენ. მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილებს მთლიანად ახმობდნენ და შემდეგ დაფშვნილს იყრიდნენ ჭრილობაზე. მცენარე აბსოლუტურად უნაწიბუროდ აშუშებდა ჭრილობებს. სწორედ ამ თვისების გამო მეტად პოპულარული და ძვირფასი ყოფილა და რაჭაში სპეციალურადაც კი აშენებდნენ. მცენარის ფესვები შხამიანია და აქვს შარდმდენი მოქმედება. სამკურნალო მიზნით აგროვებენ ბალახს მაისის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე.

ბეგქონდარა (Thymus spp.) და ურცი (Thymus vulgaris) – ლათინურად ძლიერს, ღონიერს ნიშნავს და მართლაც, ამ გვარის წარმომადგენლები მძაფრი სუნით გამოირჩევიან. ბეგქონდარას უძველესი დროიდან იყენებენ ქალური დაავადებების სამკურნალოდ. ბეგქონდარას ნაყენი, ჩაი, ან ბალახეული ნაკრები უებარია ხველების დროს ნახველის გამოსადევნად, გაციების დროს ოფლის მოსაგვრელად, ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე ჭვლების დროს აბაზანების სახით.

ბეგქონდარას საქართველოში მთის ქონდარს და მწყემსის საკაზმსსაც უწოდებენ, რადგან მწყემსები ცხვრის ხორცის შესაკმაზად იყენებენ. გავრცელებულია მთის ქვედა და ზედა სარტყელებში მშალ ბალახიან და ქვიან ადგილებში, ღორღიან და კლდოვან სუბსტრატებზე, სუბალპურ ნესტიან მდელოებზე.

რაც შეეხება ურცს, მისი სამკურნალო მზა ნედლეული XVI საუკუნიდან ჩნდება გერმანიაში აფთიაქებში, აღწერილია ყველა სამკურნალო მცენარეთა და ნივთიერებათა ნუსხაში. ურცის მწვავე არომატული გემოს და სუნის ზეთს კი თიმოლის სახელით მოიხსენიებენ და გამოიყენება ხველებისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, შედის ხველების საწინააღმდეგო ყველა სახის ჩაის შემადგენლობაში. საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა პირის ღრუსა და ყელის გამოსავლები წყლის მოსამზადებლად და კბილის გამწმენდი პასტის შესაზავებლად. მცენარის მშრალი ფოთლები ეფექტურია სპაზმებისა და კრუნჩხვების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ძვლის მჭამელისა და ჭვლების დროს ჩაის სახით. ურცის სპირტიანი ნაყენით იზელენ დადამბლავებულ და მტკივნეულ ადგილებს რევმატიზმის დროს.

ბეგქონდარას და ურცის მიწისზედა მწვანე ნაწილებს ფესვების გარეშე აგროვებენ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. იყენებენ აგრეთვე, კულინარიაში საკმაზ-სანელებლად.

ფამფარა (Tragopogon graminifolium L., გარეკახური – ჰამზა; ქიზიყური – ფამფარო; ფშავური – ვაციწვერა; თუშური – მძივანა; სვანური – ჭაფხვირ) – გავრცელებულია ყველგან მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარში და მდელოებზე. საქართველოში ფამფარას მიწისზედა მწვანე ნაწილებს იყენებდნენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ და ზოგჯერ კუჭის ამშლელი ნაკრების შემადგენლობაში. აგრეთვე, როგორც ამოსახველებელი საშუალება. სამკურნალო მიზნით გროვდება მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილები – ბალახი მაისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით.

პირშუშხა (Cochlearia armoracia L., აჭარული – ხარდანი) – მცენარის ფესვს და ფოთლებს ამზადებენ აპრილის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით. იყენებენ როგორც მადის მომგვრელი, სისხლის გამწმენდი და ამოსახველებელი საშუალება. კულინარიაში – ცხარე საკმაზ-სანელებლად, მდოგვის შემცვლელად.

თემები:
სასარგებლო რჩევები (148)

მთავარი თემები