კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ტემზის სამხრეთ ნაპირზე, რიჩმონდსა და კიუს შორის 132 ჰექტარზე გადაშლილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის სახელით ცნობილი ბოტანიკური ბაღი (Royal Botanic Gardens, Kew), რომელიც, ევროპის ქვეყნების სხვა ბოტანიკური ბაღების მსგავსად, იმდროინდელი სააფთიაქო ბაღის ადგილზეა გაშენებული.

ბაღის ისტორია იწყება 1670 წლიდან. დღევანდელი ბაღის — კიუს პარკის ტერიტორიაზე ორი სამეფო სახლი — რიჩმონდ-ლოჯი (ბრიტანეთის მონარქის გეორგ II-ის რეზიდენცია) და უაიტ-ჰაუსი (უელსის პრინცის სასახლე) იდგა, რომელსაც საერთო სარგებლობის გზა ჰყოფდა. პარკი ქაოსურად მდიდრდებოდა ყვავილებითა და ხე-მცენარეებით. ერთი საუკუნის შემდეგ ლანდშაფტის ცნობილი არქიტექტორის უილიამ ჩემბერის პროექტით უაიტ-ჰაუსის მიწებზე შეიქმნა 3,6 ჰა სიდიდის ბაღი და მცირე სათბური. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება კიუს ცოცხალ მცენარეთა კოლექციების ისტორია. 1802 წელს უაიტ-ჰაუსის და რიჩმონდ-ლოჯის ტერიტორიები გაერთიანდა, სამეფო რეზიდენცია კი გადავიდა პარკის მახლობლად, აგურის „ჰოლანდიურ სახლში“. მოგვიანებით, შეიცვალა ბაღის დიზაინიც. ჩემბერსის მიერ 1761 წელს აგებული იაპონური სტილის პაგოდასა (ძველ ჩინელ ხუროთმოძღვართა მიერ შექმნილი აღმოსავლურ-აზიური ტაძარი, რომელშიც განთავსებულია ბუდისტური რელიკვიები) და „კიუს სასახლის“ სახელით ცნობილი „ჰოლანდიური სახლის“ უძველესი შენობები დღეს ბაღის მშვენებას წარმოადგენს.

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

 

1840 წელს კიუს სამეფო ბაღს მიენიჭა ეროვნული ბოტანიკური ბაღის სტატუსი. ბაღის ტერიტორია 30 ჰექტრამდე, დენდრარიუმი — 109 ჰა-მდე გაიზარდა. სამეფო ბაღისთვის ბოტანიკური ბაღის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ლანდშაფტურ-არქიტექტურულ იერსახესთან ერთად, სისტემურად დაიწყო მცენარეთა ცოცხალი კოლექციების, ჰერბარიუმის და ბიბლიოთეკის შექმნა.

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

დღეს მსოფლიოს უმდიდრესი მცენარეული კოლექციების მქონე ბოტანიკური ბაღების სამეულში შესული კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო-ბოტანიკურ საერთაშორისო კვლევით ცენტრად არის ქცეული და სრულიად სამართლიანად ბოტანიკოსთა და მებაღეთა მექად არის მიჩნეული, სადაც 700-ზე მეტი თანამშრომელი, სამეცნიერო კვლევების პარალელურად, პროფესიონალი ბოტანიკოსებისა და მებაღეების აღზრდაზეც ზრუნავს.

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

კიუს სამეფო ბაღის კოლექციებში ადგილობრივ და არაადგილობრივ მცენარეთა 30 ათას სახეობაზე მეტია დაცული.

სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეებისთვის აგებულია სამი უზარმაზარი ორანჟერეა: დედოფალ ვიქტორიას დროინდელი „პალმების სახლი“, სადაც შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს კამელიების, ორქიდეების და სხვა ტროპიკულ მცენარეთა თვალწარმტაცი კოლექციების სილამაზით დატკბეთ.

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

მეორე — „ზომიერი კლიმატის სახლი“ თავს იწონებს შქერის და დეკას სახეობათა (Rododendron spp.) მრავალფეროვნებით, ჩაის ხეებითა და ჩილედან ჩამოტანილი 150-წლოვანი ღვინის პალმით. ყველაზე ახალი, უელსის პრინცესას ორანჟერეა კი ამაზონის გიგანტური წყლის შროშანებითა და დედამიწის ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე დიდი ზომის ყვავილის მქონე ამომრფოფალუსებით არის ცნობილი.

კიუს ბოტანიკური ბაღის კოლექციებში დაცულია კაქტუსების, ღვიების, აზალიების, კოწახურების, გვიმრების, ორქიდეების, ვარდების, იასამნების, ბამბუკების, სამკურნალო, მტაცებელი, ალპური და წყლის მცენარეების მრავალრიცხოვანი სახეობები.

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

მცენარეთა ცოცხალი კოლექციების გარდა, სამეფო ბაღში 7 მილიონი ეგზემპლარით წარმოდგენილი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ჰერბარიუმის საკოლექციო ნიმუშები ინახება. ბიბლიოთეკა 750 ათას ტომზე მეტს წიგნს და მცენარეთა 175 ათას ნახატსა და ფოტოს ითვლის.

ყოველწლიურად კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მილიონობით ბოტანიკოსი და ბუნების მოყვარული სტუმრობს. ბაღში ყველაზე პატარებისთვის ლიანებით და მცოცავი მცენარეების ექსპოზიციებით შექმნილი ბოტანიკური მოედანია მოწყობილი.

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

ულამაზესი მდელოებით, ალპური გორებით, დახვეწილი კლუმბებით და მცირე ტბებით ტკბობის გარდა, ყოველდღიურად ათეულ ათასობით ტურისტს იზიდავს დევისის ალპური სახლი; ბრიტანეთის სამეფო სასახლეებიდან ყველაზე პატარა — კიუს სასახლე; იაპონური ხის სახლი — მინკა; დიდი პაგოდა; იაპონური კარიბჭე — ჩოკუში-მუნი; მულტიმედიური გალერეა — რიზოტრონი; დედოფალ შარლოტას კოტეჯი; შირლი შერვუდის და მარიანა ნორტის გალერეები და ყველა მხრიდან შემინული, 15 მეტრ სიმაღლეზე გადაჭიმული საფეხმავლო ხიდი, „ხეივანი ხის კენწეროების ზევით“ (2008 წ), საიდანაც ბაღის ხედების თვალისმომჭრელი სიმშვენიერე იშლება.

CC BY 2.0 / Flickr/ Karen Roe / Kew, Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

ბაღის მრავალმხრივი სამეცნიერო საქმიანობიდან აღსანიშნავია მსოფლიო მნიშვნელობის გლობალური პროექტი „ათასწლეულის თესლის ბანკი“ (Millennium Seed Bank Project — MSB), რომელსაც კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის თესლის კონსერვაციის განყოფილება 2000 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ენდემური, იშვიათი, მოწყვლადი, ეკონომიკური მნიშვნელობის სახეობების თესლის ბანკი. პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისას (MSB-1, 2000-2010 წწ) კიუს თესლის ბანკში გრძელვადიანი შენახვისთვის მოგროვდა მსოფლიოს თესლოვან მცენარეთა 10% სახეობების თესლი (დაახლოებით 24000 სახეობა). პროექტის მეორე ეტაპი (MSB-2, 2010-2020), ითვალისწინებს მსოფლიოს თესლოვანი მცენარეების 15% თესლის შეგროვებასა და გრძელვადიან შენახვას „ათასწლეულის თესლის ბანკში“. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 2005 წლიდან მიუერთდა კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის „ათასწლეულის თესლის ბანკის“ პროექტს.

CC0 / Flickr/ zebulon.walton / Kew Royal Botanic Gardensინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკოსთა მექა - Sputnik საქართველო
ინგლისის სამეფო ბოტანიკური ბაღი

2003 წლიდან კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.


ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0