ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი

CC BY 2.0 / Flickr/ Gilles Bassière / Vauvenarguesბეგქონდარა (Thymus vulgaris)
ბეგქონდარა (Thymus vulgaris) - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

დღევანდელ სტატიაში ბეგქონდარაზე გიამბობთ, რომელიც თავისი მრავალფეროვანი კულინარიული თვისებების გამო, სანელებლებს შორის ყველაზე მრავალმხრივი გამოყენების სუნელად ითვლება. არც თუ იშვიათად, ბეგქონდარას ქონდართან აიგივებენ მორფოლოგიური ნიშნების, არომატისა და გემური თვისებების მსგავსების გამო.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Andreas Rockstein / Thymus pulegioidesბეგქონდარა (Thymus pulegioides)
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი - Sputnik საქართველო
ბეგქონდარა (Thymus pulegioides)

ბეგქონდარა — Thymus spp. (იგივე მთის ქონდარა, მხვიარა ქონდარა, ქონდარა, ბუქნა, ველთქონდარა, Богородская трава, чабрец, тимьян), ტუჩოსანთა ოჯახის, მრავალწლოვანი, არომატული, ბუჩქ-ბალახოვანი, თაფლოვანი მცენარეა. გვარში გაერთიანებულია 315 სახეობიდან სანელებლად გამოიყენება ყველაზე გავრცელებული სახეობები ჩვეულებრივი ბეგქონდარა (Thymus vulgaris) და მხოხავი ბეგქონდარა (Thymus serpillum). ბეგქონდარას სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. იზრდება ქვა-ღორღიან ნიადაგებზე და მარადმწვანე ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელს ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კანარის კუნძულებზე და გრენლანდიაში. ევროპასა და ამერიკაში კულტივირებულია როგორც სამკურნალო, დეკორატიული და სანელებელი მცენარე.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Andreas Rockstein / Thymus serpyllumბეგქონდარა (Thymus serpyllum)
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი - Sputnik საქართველო
ბეგქონდარა (Thymus serpyllum)

პირველი ცნობები ბეგქონდარას შესახებ, დათარირებული ძვ.წ.აღ. 2750 წლით, აღმოჩენილია უძველეს შუმერულ ლურსმნულ ნაწერებში. რომლითაც დასტურება, რომ ძველი შუმერები მცენარეს იყენებდნენ როგორც ანტისეპტიკური საშუალება. ხოლო ძველი ეგვიპტელები — გვამების ბალზამირებისას.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე და იქედან მოყოლებული ბეგქონდარა ითვლებოდა სამკურნალო მცენარედ. რაც დასტურდება კიდეც პლინიუსის, დიოსკორიდეს, თეოფრასტეს და ავიცენას ნაშრომებით.

მცენარის ლათინური სახელწოდება მოდის ბერძნული სიტყვიდან "thymiama" (სურნელოვანი საკმეველი), სხვა ვერსიით სიტყვიდან "thyo" (მსხვერპლშეწირვის აღსრულება). იგი უძველეს საკულტო მცენარედ ითვლებოდა. ბიბლიური თქმულებით, მარიამ ღვთისმშობელმა ჩვილი იესო სწორედ ბეგქონდარასგან მოწყობილ სარეცელზე შვა.

ძველი ხალხების ტრადიციით, ბეგქონდარას იყენებდნენ ორაკულის მოსაწყობად და მსხვერპლად წირავდნენ ღმერთებს: წვავდნენ ტაძრებსა და სალოცავებში. სწამდათ, რომ ბეგქონდარას დაწვისას გამოყოფილ სურნელოვან კვამლს ზეცაში აჭრისას ღმერთებთან მიჰქონდა მათი სურვილები.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Francesco Forte / Thymusბეგქონდარა
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი - Sputnik საქართველო
ბეგქონდარა

უძველესი დროიდან ბეგქონდარა ითვლებოდა ღვთაებრივ მცენარედ, რომელსაც აქვს უნარი დაუბრუნოს ადამიანს სიცოცხლე, მატებს გამბედაობას. ძველი ბერძნები იყენებდნენ გულყრის დროს საყნოსი თამბაქოს — ბურნუთის სახით. რომაელი ჯარისკაცები ბრძოლაში წასვლამდე სასიცოცხლო ძალების მატებისა და სიმამაცისათვის იღებდნენ მცენარის აბაზანებს, შოტლანდიელები კი ამავე მიზნით — ველური ბეგქონდარას ჩაის.

შუასაუკუნეების ევროპაში მცენარე ითვლებოდა ვაჟკაცობის სიმბოლოდ. ქალები ბეგქონდარას ტოტს პერანგებზე უქარგავდნენ თავიანთ რაინდებს, იმ იმედით, რომ მცენარე მათ ბრძოლებში სიმამაცეს შეძენდა.

მცენარე შეიცავს დიდი ოდენობით ეთერზეთებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ფისებს, გუმფისს, ფლავონოიდებს, ორგანულ და მინერალურ მარილებს, ვიტამინს C, მინერალურ ელემენტებს K, Ca, Mg და სხვ. ეთერზეთების შემადგენლობაში შემავალი თიმოლის, კორვაკროლის და სხვა კომპონენტების სიჭარბე მცენარეს ანიჭებს ბაქტერიციდულ, ანტიმიკრობულ და ფუნგიციდურ თვისებებს.

CC BY-SA 2.0 / oddharmonic / Honeybee on thyme flowersბეგქონდარა ფუტკრებისა და პეპლების საყვარელი მცენარეა
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი - Sputnik საქართველო
ბეგქონდარა ფუტკრებისა და პეპლების საყვარელი მცენარეა

ხალხურ მედიცინაში მცენარე უხსოვარი დროიდან გამოიყენება მუცლის და თავის ტკივილის, უძილობის, გაცივების, გულისა და ნერვული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სისხლნაკლებობის, დამწვრობების სამკურნალოდ. ბეგქონდარა გამოიყენებოდა ასევე როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ღებინების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდი, შხამიანი მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალება. როგორც ტკივილგამაყუჩებელი, არომატული აბაზანების სახით — ნევრიტის, რადიკულიტის და რევმატიზმის დროს.

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ბეგქონდარა იხმარებოდა როგორც ტვინის სტიმულატორი. ჯერ კიდევ 1887 წელს დამტკიცდა ბეგქონდარას ზეთის ბაქტერიციდული მოქმედება ციმბირული წყლულის, ტიფის, მოგვიანებით მენინგოკოკების, სტაფილოკოკების, დიფტერიის და ტუბერკულოზის ჩხირებზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მცენარის ზეთს ხმარობდნენ ჭრილობების დასამუშავებლად და სამედიცინო ინსტრუმენტების სადეზინფექციოდ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ carmona rodriguez.cc / Thymus serpyllumბეგქონდარას იყენებენ მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კვების მრეწველობაში
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი - Sputnik საქართველო
ბეგქონდარას იყენებენ მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კვების მრეწველობაში

ბეგქონდარას პრეპარატები: ნაყენი, ექსტრაქტი, ეთერზეთები და თიმოლი — სოკოს საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ანტისეპტიკური და სხვა თვისებების გამო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში ზედა სასუნთქი გზების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებების, კანის, ღვიძლის, სანაღვლე გზების, შარდ-სასქესო ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, შაქრიანი დიაბეტის, ნაწლავური პარაზიტების სამკურნალოდ. მცენარის ზეთი ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს მეხსიერებას, რის გამოც ეფექტურია მისი გამოყენება გონებრივი და ქრონიკული გადაღლილობით, აგრეთვე, ნერვული დეპრესიებით გამოწვეული გონებაგაფანტულობის დროს. ზეთს აქვს ასევე იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ნერვული სისტემის მატონიზირებელი მოქმედება.

აღსანიშნავია, რომ ბეგქონდარა, სხვა მცენარეული ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ერთერთია იმ მცირერიცხოვან მცენარეებს შორის, რომლის მიმართ დღემდე ვერც ერთი მიკრობი ვერ ახერხებს გახდეს რეზისტენტული.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Andreas Rockstein / Thymus pulegioidesბეგქონდარა (Thymus pulegioides)
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი - Sputnik საქართველო
ბეგქონდარა (Thymus pulegioides)

მძაფრი, სპეციფიური არომატისა და მკვეთრი, პიკანტური გემოს გამო, ფართო გამოყენება აქვს კულინარიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნების სამზარეულოში ბოსტნეულის სალათების, სუპების, კარტოფილის, თევზის, ხორცის, პარკოსნების კერძების მოსამზადებლად. გარდა იმისა, რომ ბეგქონდარა სასიამოვნო გემოს აძლევს კერძს, ხელს უწყობს მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას კუჭისა და ნაღვლის ბუშტის მიერ, რაც აიოლებს განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მონელების პროცესს.

ბეგქონდარა შედის ფრანგული სუნელების — "პროვანსის ბალახების" და "გარნის ბუკეტის", ასევე იორდანული სუნელის "ზახტარის" და ეგვიპტური "დუკკას" შემადგენლობაში. ესპამეთში, საბერძნეთსა და თურქეთში ზეთს იყენებენ ზეთისხილის მარინადის წარმოებაში.

ბეგქონდარა ფართოდ გამოიყენება კვებით მრეწველობაში, როგორც სანელებელი-არომატიზატორი საკონსერვო, ძეხვეულობის, ყველეულის, საკონდიტრო, ლიქიორების, სოუსების, სოკოსა და ბოსტნეულის მწნილების, ასევე, მარინადების დამზადებისას.

ბეგქონდარას ეთერზეთებს ფართო გამოყენება აქვს კოსმეტიკურ მრეწველობაში. შედის საპნების, ტუჩსაცხების, მალამოების, კბილის პასტების შემადგენლობაში. გამოიყენება კანის, თმის და ფრჩხილების მოვლის საშუალებების დასამზადებლად.

თავისი ლამაზი იერსახის წყალობით, ბეგქონდარა მებაღეების საყვარელი მცენარეა. ნიადაგის მიმართ ნაკლები პრეტენზიულობის გამო, ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში, როგორც ხალიჩოვანი მცენარე ალპინარიუმების მოსაწყობად.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Andreas Rockstein / Thymus pulegioidesბეგქონდარა (Thymus pulegioides)
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი - Sputnik საქართველო
ბეგქონდარა (Thymus pulegioides)

ბეგქონდარას სახელს არა ერთი თქმულება და მითი უკავშირდება.

ბეგქონდარასთან დაკავშირებული საინტერესო ყუბანური ლეგენდაა შემორჩენილი კაზაკ ივან ჩეგოდაზე, სადაც ქართლი და საქართველოც არის მოხსენიებული. ძველი ხალხების თქმულებებში შემონახულია მცენარის მაგიური თვისებებიც. ამ ლეგენდაზე და მცენარის მაგიურ თვისებებზე შემდეგ სტატიაში მოგითხრობთ.

ყველა ახალი ამბავი
0