გერმანიის არნშტაინის მონასტერში მოღვაწე დედა ანასტასია: ის, რაც ქართველში უცვლელია

CC BY-SA 2.0 / Joeby / Wikipedia / Kloster Arnstein oberhalb der Lahnარნშტაინის მონასტერი გერმანიაში
არნშტაინის მონასტერი გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ერთი უჩვეულო ბედისწერის ქართველს გაგაცნობთ. მის შესახებ გერმანიაში მცხოვრებმა ჩემმა რესპონდენტმა, მწერალმა მარიამ ჭიღლაძემ მიამბო.

ეს გახლავთ გერმანიაში, არნშტაინის მართლმადიდებულურ მონასტერში მოღვაწე დედა ანასტასია. მისი სულიერი ცხოვრება და საეკლესიო საქმიანობა ჩვენთან კარგადაა ცნობილი. თავის დროზე ტიმოთეს მონასტრის დაკეტილი კარი სწორედ მისი ძალისხმევით გაიხსნა. მან საქართველოში სიწმინდეთა დაცვის ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და  იერუსალიმში არსებული „ქართული სახლის" ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლავთ. ასევე მისი ძალისხმევით აღადგინეს ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და ანტიოქიის ტაძარი მცხეთაში. დანარჩენს ქალბატონ მარიამ ჭიღლაძის მონათხრობიდან შეიტყობთ.

© photo: courtesy of Mariam Chighladzeარნშტაინის დედათა მონასტრის შესასვლელთან
გერმანიის არნშტაინის მონასტერში მოღვაწე დედა ანასტასია: ის, რაც ქართველში უცვლელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
არნშტაინის დედათა მონასტრის შესასვლელთან

− ქალბატონო მარიამ, თანამიმდევრობით მივყვეთ: როგორ აღმოჩნდით ამ გერმანულ მონასტერში?

− არნშტაინის დედათა მონასტერი (Kloster Arnstein) მართლმადიდებლურია. ამ მონასტერზე ჩემი გერმანელი მეგობრებისგან მიხეილ და ლუდმილა ჰორტების ოჯახისგან შევიტყვე და მიპატიჟებაც მათგან მივიღე. როგორც იცით, ომის შემდეგ საქართველოში გერმანელები ცხოვრობდნენ, რომელთა შორის ლუდმილას ოჯახიც იყო. მას დღემდე ახსოვს და უყვარს საქართველო, სადაც მისი მამაა დაკრძალული.

სწორედ მათგან გავიგე, რომ იმ მონასტერში ქართველი დედა ანასტასია მოღვაწეობს, რომლის საერო სახელი ქეთევანია. ადრე იგი სოფელ მზეთამზეში მუშაობდა ვეტექიმად. სხვათა შორის, დედა ანასტასია ხუთ ენაზე საუბრობს და მონასტერში ჩასულ სტუმრებსაც თავად ხვდება ხოლმე. სამომავლოდ იქვე საბავშვო საზაფხულო ბანაკის დაარსებასაც აპირებენ.

− ადვილად დაითანხმეთ ინტერვიუზე?

© photo: courtesy of Mariam Chighladzeდედა ანასტასია და ვახო ცუხიშვილი
გერმანიის არნშტაინის მონასტერში მოღვაწე დედა ანასტასია: ის, რაც ქართველში უცვლელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
დედა ანასტასია და ვახო ცუხიშვილი

- რამდენჯერმე ვთხოვე, საკუთარ თავზე მოეთხრო ორიოდე სიტყვით მაინც, მაგრამ მიმეორებდა, ჩემზე არა, პატრიარქზე დაწერეო. უწმინდესისა და მამა გაბრიელის ლოცვებით გამოზრდილს, ფიქრიც მათკენ გაურბოდა და სიტყვებიც. მერე ვუთხარი, თქვენზე ღირსეული ქართველი უცხოეთში იშვიათად მინახავს, რადგან თქვენ ანგელოზებს ესაუბრებით და ფუტკარივით ფუსფუსებთ–მეთქი. როგორც ჩანს, ეს საკმარისი აღმოჩნდა...

მთელი დღე კელიაში იყო განმარტოებული და მერე შემომითვალა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა ბიბლიოთეკაში, სადაც, მისი დამსახურებით, სახოტბო შედევრი, შოთა რუსთაველის ოქროსფრად მოვარაყებული „ვეფხისტყაოსანი" ვნახე.  

- ტაძრამდე რა გზა გაიარა, თავის საერო ცხოვრებაზე რა გიამბოთ დედა ანასტასიამ?

- როცა თავის ამბავს მიყვებოდა, თვალწინ კადრებივით გამირბინა მისმა ცხოვრებამ: თბილისში, მთაწმინდაზე დაიბადა და გაიზარდა. ახსოვს ყველაფერი: თბილისურ ეზოში ბავშვური ონავრობა, მამადავითიდან მონაბერი სიო, ქაშუეთის ზარების რეკვა, კონსერვატორიის სასწავლებლის ღია ფანჯრებიდან მის ოთახამდე შეღწეული გამების ხმა... მითხრა, რომ გრიბოედოვის ქუჩის მეზობლების სიყვარული დღემდე მოჰყვება. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ მუშაობის ორწლიანი სტაჟის არქონის გამო საბუთები დაუწუნეს.

© photo: courtesy of Mariam Chighladzeლუდმილა ჰორტი, მარიამ ჭიღლაძე და დედა ბეთლემა
გერმანიის არნშტაინის მონასტერში მოღვაწე დედა ანასტასია: ის, რაც ქართველში უცვლელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
ლუდმილა ჰორტი, მარიამ ჭიღლაძე და დედა ბეთლემა

- მის ახალგაზრდობაში ეკლესიაში სიარულის გამო ხალხს საყვედურობდნენ...

- მითხრა, რომ სტუდენტობის დროს კომკავშირელი თანამდებობის პირები ეკლესიაში სიარულს უშლიდნენ... ცხენების სიყვარულმა არჩევანი ვეტერინარულ ფაკულტეტზე გააკეთებინა. მისი დამთავრების მერე ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზეში ვეტექიმად გაანაწილეს და ისიც წამითაც არ დაფიქრებულა, ისე წავიდა.

- სასულიერო პირი როგორ გახდა?

- როცა ვუთხარი, შეუცნობელია გზები უფლისა–მეთქი, მაშინვე მიმიხვდა, რაც ვიგულისხმე. უთბილესი მზერა გამისწორა და მითხრა: დაკეტილი კარის გაღება მარტო სურვილი კი არა, ჩემი მისიაც ყოფილაო...

ტიმოთეს ეკლესიის მოხატული კედლები კირით გაეთეთრებინათ და ეს რომ ნახა, დედა ანასტასია მაშინდელ რაიკომის მდივანს ესტუმრა თურმე და კატეგორიულად მოითხოვა ტიმოთეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ჩარაზული ალაყაფის გახსნა. როცა რაიკომის მდივანს მკაცრი უარი არ გაუვიდა, დამიჭერენო – თავის შეცოდება უცდია. დედა ანასტასიას კი დაუმშვიდებია: არა უშავს, სამაგიეროდ, უფალი დაინახავს შენს კეთილ საქმესო...

© photo: courtesy of Mariam Chighladzeდედა ანასტასია, დედა ბეთლემა, გერმანელი ჰორტების ოჯახი, მარიამ ჭიღლაძე და ვახო ცუხიშვილი
გერმანიის არნშტაინის მონასტერში მოღვაწე დედა ანასტასია: ის, რაც ქართველში უცვლელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
დედა ანასტასია, დედა ბეთლემა, გერმანელი ჰორტების ოჯახი, მარიამ ჭიღლაძე და ვახო ცუხიშვილი

− არნშტაინის მონასტერში ქართულად თუ სრულდება წირვა?

− წირვა გერმანულ-ბერძნულ-რუსულ ენაზეა, მაგრამ ქართველი სტუმრების ჩასვლის შემთხვევაში ქართული საგალობლები სრულდება.

არ შემიძლია არ ვახსენო იმავე მონასტერში მოღვაწე დედა ბეთლემა, რომელიც ბაქოშია დაბადებული და ქართველი ქმარი ჰყოლია. დედა ბეთლემა ბავშვივით „ჩვილი“ და უსაყვარლესი ადამიანია. მონასტერში მისულ სტუმრებს განსაკუთრებული სიხარულით ხვდება. თვალნათლივ დავინახე, გული ჩიტივით როგორ უფრთხოდა და აღარ იცოდა, რით გაგვმასპინძლებოდა...

− ემიგრაციაში ნანახი თქვენ არაერთ წიგნში მოაქციეთ, ახალი რომანის დასაწერად თუ გაქვთ შერჩეული თემა?

− ჩემს ახალ რომანს „ის, რაც ჩვენშია" ახლა რედაქტირება უკეთდება, მაგრამ მონასტერში ყოფნამ და დედა ანასტასიასთან გასაუბრებამ იმისკენ მიბიძგა, რომ იმ რომანის გაგრძელებაზეც მეფიქრა. წიგნის მესამე ნაწილი ემიგრაციიდან დანახულ საქართველოზეა. დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ. რომანის პირველი და მეორე ნაწილები ისედაც იტყვის სათქმელს, მაგრამ მესამე ნაწილი თავად ჩემთვისაც თავისებური საიდუმლოების შემცველი იქნება. ის იმგვარ თემაზეა, რომელსაც მეტისმეტი სასოება და სიფრთხილე სჭირდება. რომანის მესამე ნაწილს დედაოზე ამბის მოყოლით ვიწყებ...

- როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც ქართველში არ იცვლება, რომელ ქვეყანაშიც უნდა იყოს და რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს?

− ესაა ფესვები და გენეტიკური კოდი, რომელიც  ემიგრაციაში, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო ღრმავდება და მძაფრდება. დედა ანასტასიამ განშორების დროს მითხრა – საქართველო ერთი დიდი ეკლესიაა და საკუთარ თავზე მეტად მას უნდა მოვუფრთხილდეთო...

ყველა ახალი ამბავი
0