06:46 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძე: მინდა, ჩემი შვილი სრულფასოვანი ქართველი იყოს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
497 0 0

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საქართველოსგან მოშორებით კვლავ ქართველად ვრჩები, - განუცხადა რეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ Sputnik-ს.

რეჟისორმა სახელი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაითქვა, როდესაც სტუდია „ქართულ ფილმში“ კომედია „ქალაქი ანარა“ გადაიღო. ამ ნამუშევარს კიდევ არაერთი ფილმი და სცენარი მოჰყვა. კვირიკაძის ერთ-ერთი სცენარით 1990-იან წლებში გადაიღეს ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რომელშიც მთავარი როლი პიერ რიშარმა შეასრულა. ფილმი საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში „ოსკარზეც“ კი იყო წარდგენილი.

Sputnik-ის კორესპონდენტის შეკითხვას, „ბოლოს როდის იყავით საქართველოში?“, კინორეჟისორმა მოულოდნელი პასუხი გასცა.  

 

VI Сахалинский международный кинофестиваль Край света. День девятый
© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова
ირაკლი კვირიკაძე

„რამდენიმე თვის წინ ვიყავი და მალე სამუდამოდ დაბრუნებას ვაპირებ. ეს იქნება უძღები შვილის დაბრუნება მსოფლიოში ბევრი ხეტიალის შემდეგ“.

 

ბოლო წლებში ირაკლი კვირიკაძე რუსეთში, აშშ-სა და საფრანგეთში მუშაობს. ლექციებს კითხულობს მოსკოვში სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე, ანდრეი დობროვოლსკისთან ერთად ხელმძღვანელობს მხატვრული ფილმის სარეჟისორო სახელოსნოს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში. და მოულოდნელად - ეს განცხადება.

„საქართველო ჩემთვის ყველაფერია. ესაა ჩემი მსოფლშეგრძნების თავი და ბოლო. საქართველოსგან მოშორებით კვლავ ქართველად ვრჩები. და თუ რამეს ვაკეთებ, ვწერ ან ფილმს ვიღებ, ყველაფერში საქართველო მონაწილეობს, მაშინაც კი, როდესაც სიუჟეტი არაქართულია. ასეც ხდება ხოლმე“, - განმარტა მან.

„არაქართულ სიუჟეტში“ კვირიკაძემ იგულისხმა ფილმი „მთვარის მამა“, რომელშიც მოქმედება ტაჯიკეთში ვითარდება. 2001 წელს ამ ფილმის რეჟისორი ბახტიერ ხუდოინაზაროვი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის პრემია „ნიკეთი“ დააჯილდოვეს.

 „ფილმი „მთვარის მამა“ - თავიდან ბოლომდე ქართული ისტორიაა, რომელიც ჩემს მშობლიურ სოფელში მოხდა. როდესაც გერმანელებმა, რომლებიც ფილმს აფინანსებდნენ, მთხოვეს, დამეწერა კომედია ტაჯიკეთისთვის, ვუპასუხე, რომ ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მაგრამ ერთხელ, პროვინციულ ქართულ სიუჟეტებზე ფიქრისას, ეს ისტორია გამახსენდა. ვიფიქრე, რომ პროვინციული ცხოვრება, განსაკუთრებით სამხრეთში, ყოველთვის მსგავსია. ამიტომ ჩემი ქართული სიუჟეტი ტაჯიკეთის მიწაზე გადავიტანე. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენეს“, - აღნიშნა ირაკლი კვირიკაძემ.

როგორც მან აღიარა, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება გადაწყვიტა შვილის გამო, რომელიც მეორე ქორწინებიდან, ტომა სტენკოსგან ჰყავს.

 

Режиссер, писатель и сценарист Ираклий Квирикадзе с супругой Томой Стенко
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ირაკლი კვირიკაძე მეუღლესთან, ტომა სტენკოსთან ერთად

„შვილი მეზრდება, ექვსი წლისაა. საქართველოში ორჯერაა ნამყოფი, ხუთი-შვიდი დღით. მე კი მინდა, რომ სრულფასოვანი ქართველი იყოს, ენა ისწავლოს. თავადაც ძალიან უნდა. სიტყვებს მეკითხება ხოლმე, რამდენიმე ქართული ფრაზა იცის, სულ ესაა. სამშობლოსგან მოშორებით ენას ვერ ისწავლი. ახლა იმ ასაკისაა, როდესაც ქართულ გარემოში უნდა აღმოჩნდეს. ერთ-ორ წელიწადში მშობლიურად მხოლოდ ერთ ენას ჩათვლის, ქართული კი სამუდამოდ დარჩება მეორე ენად. მე კი ეს არ მინდა“, - განაცხადა კვირიკაძემ.

 

კონკრეტულად სად ფიქრობს დაფუძნებას, რეჟისორს ჯერ არ გადაუწყვეტია - დედაქალაქსა და თავის მშობლიურ ქალაქს შორის აპირებს არჩევანის გაკეთებას. „ძალიან მინდა მშობლიურ ბათუმში დავბრუნდე, მაგრამ შეიძლება - თბილისშიც“. 

როგორც ირაკლი კვირიკაძემ აღნიშნა, როდესაც საქართველოში ჩადის აუცილებლად მოინახულებს ხოლმე თავისი მშობლების საფლავს:

„ყოველთვის ბოდიშს ვუხდი, რომ მათთან იშვიათად მივდივარ... მალე ალბათ შევხვდები კიდეც. ცოტა ხანში 80 წლის ვხდები, ამიტომ ალბათ დიდხანს ლოდინი არც მომიწევს. ჩემი თაობა ნელ-ნელა მიდის - ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი უკვე ცოცხალი აღარ არის“.

თუმცა, როდესაც ირაკლი კვირიკაძე სამუშაოზე საუბარს იწყებს, მის თვალებში მაშინვე ცეცხლი ინთება. ამჟამად იგი ეძებს თანხას სიყვარულსა და მეგობრობაზე ტრაგიკომედიის გადასაღებად. მოქმედება საქართველოში 1947 წელს ვითარდება, როდესაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სამ სახელმწიფოს - სსრკ-ს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ჯერ კიდევ არ აღუმართავთ რკინის ფარდა.

„ეს იყო დრო ბედნიერი ცხოვრების, მშვიდობის იმედებისა, როდესაც ყველაფერს მეგობრობა და სიყვარული მართავდა. თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ხალხი ოცნებობდა. აი ამაზე იქნება ფილმი. ახლა ეს თემა კვლავ აქტუალურია. ძალიან უცნაური ხანა დადგა, როდესაც ირგვლივ ყველა მტერს ეძებს და ადამიანებს შორის მეგობრობა მცირეა“, - აღნიშნა რეჟისორმა, რომელსაც გეგმაში აქვს, ახალ ფილმში არა მხოლოდ სცენარისტად, არამედ რეჟისორადაც მოგვევლინოს.

 

მთავარი თემები