21:20 18 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0456
  • 100 RUB4.2150
  • USD2.6931
ილია ხუციშვილი

ილია ხუციშვილის გზა წყაროსუბნიდან კალათბურთამდე

© photo: Zaqaria Chelidze / FB
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
1054 0 0

ილია ხუციშვილის ცხოვრება ერთმა რეპორტაჟმა სრულიად შეცვალა.  კალათბურთზე წონის დასაკლებად შესულ პატარა ბიჭს დღეს უკვე ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ.  რა გზა გაიარა გორიდან  თბილისში კალათბურთის სათამაშოდ ჩამოსულმა ილიამ და როგორ გახდა მაყურებლის სიმპატია, საუკეთესო ბომბარდირი, ავთანდილის სახე და  „თიბისი“ ბანკის  სტიპენდიანტი,  ამას  ის თავად გვიამბობს.

ნინი რაზმაძე 

– ილია, რამდენი ხანია რაც სპორტით ხარ დაკავებული?

– ექვსი წელია რაც კალათბურთს ვთამაშობ.  სპორტის სხვა  სახეობა არც მიცდია, კალათბურთით დავიწყე და მივყვები ბოლომდე. ბავშვობაში საკმაოდ მსუქანი ვიყავი და სპორტით ჩემი დაკავების ერთ–ერთი მიზანი  წონაში დაკლება იყო.  თუმცა, ორ წელში უკვე მივხვდი, რომ კალათბურთის თამაში პროფესიულ დონეზე მინდოდა. ამ პერიოდში ნაკრებში გამომიძახეს და  ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. 

ილია ხუციშვილი
ილია ხუციშვილი

– რა იყო კალათბურთამდე?

– მნიშვნელოვანი არაფერი: სკოლა, სახლი და ერთფეროვნება. 13 წელი  გორში ვცხოვრობდი. რადგან გორში სპორტის ეს სახეობა განვითარებული არ იყო, იძულებული გავხდი თბილიში ჩამოვსულიყავი. ორი წელი ვითამაშე ზაზას  ფაჩულიას აკადემიაში და თვენახევარია, რაც ახალ გუნდ „ აკადემიაში“  გადავედი. კალათბურთმა პიროვნებად ჩამომაყალიბა. არ ვიცი  სპორტის სხვა სახეობაში როგორ არის,  მაგრამ აქ მეტად თავდაჯერებული და ქარიზმატული გავხდი. მე ორი ცხოვრება მაქვს – კალათბურთელი ილია ჩვეულებრივ ილიას ეხმარება, რომ უკეთესი იყოს.

– იტალიაში როგორ მოხვდი?

– როცა გორში ვცხოვრობდი,  ჩემს ოჯახზე, როგორც სოციალურად დაუცველზე,  გაკეთდა სატელევიზიო სიუჟეტი, საიდანაც საზოგადოებამ გამიცნო.  კალათბურთელი სოსო მაჭავარიანი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ შეეძლო აგენტების დახმარებით იტალიის რომელიმე გუნდისთვის გაეგზავნა ჩემი თამაშის ამსახველი ვიდეო და იმ შემთხვევაში, თუ მათ მოვეწონებოდი, შემდეგ სინჯებზე გავემგზავრებოდი.  ისე მოხდა, რომ სეექტემბერში  სათამაშოდ უკვე იტალიაში, ტარანტოში აღმოვჩნდი. სამწუხაროდ,  საბუთების არქონის გამო ვერ მოვახერხე იქ დარჩენა. 

ილია ხუციშვილი
ილია ხუციშვილი

– გორიდან თბილისამდე როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?

– რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. გორში არ არის გარემო, რომ ადამიანმა რომელიმე სფეროში განვითარება მოახერხოს. გორელები ძირითადად ჭიდაობით არიან დაკავებული. თბილისში მე და დედა ვცხოვრობთ, სამწუხაროდ, ორივე ძალიან დაკავებული ვართ და ყოველდღიურად ერთმანეთს მხოლოდ საღამოს საათებში ვხვდებით. მე სულ ვარჯიშზე ვარ, დედა კი  მუშაობს. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ – დილით და საღამოს.

– როგორც ვიცი ომის პერიოდი მძიმედ გადაიტანე?

– მაშინ ხუთი წლის ვიყავი და ძალიან მძიმედ გადავიტანე ის პერიოდი – მაშინდელმა მძიმე ემოციურმა ფონმა  მეტყველების პრობლემა გამიჩინა. იქაურობა 7 აგვისტოს დავტოვეთ. პირველი სამი დღე საერთოდ ხმას ვერ ვიღებდი. წლები დამჭირდა იმისთვის, რომ წინადადება გადამება. საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრი ვიმუშავე და მეტნაკლებად დავძლიე ეს პრობლემა. 

ილია ხუციშვილი
ილია ხუციშვილი

– ტელევიზიით გასულმა სიუჟეტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამხელა ყურადღებას. დედაჩემი მედავითნეა ეკლესიაში, იქ ერთ-ერთმა სტიქაროსანმა უთხრა, რომ ყავს ნაცნობი ტელევიზაში და გადაიღებდნენ ჩვენზე სიუჟეტს,  ჩვენც დავთანხმდით. სიუჟეტის გასვლის მომენტიდან  რასაც  ჰქვია „ამიფეთქეს“ სოციალური ქსელი. ბევრი რამ უკეთესობისკენ წავიდა. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი. უკვე თითქმის ყველა მცნობს. ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე დამიკავშირდა და ჩემი ფოტოების გადაღება შემომთავაზა. ერთმა უბრალო პორტრეტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და  დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის თანამშრომლობა. მამაკაცის ხაზისთვის გადამიღეს  და გავხდი ავთანდილის სახე. ცოტა ხნის წინ „თიბისი“ ბანკის სტიპენდიატიც გავხდი, რასაც საერთოდ არ ველოდი. რუსკა ქარქაშაძე „თიბისი“ ბანკის სტიპენდიანტებზე აკეთებს სიუჟეტებს. როცა მან ჩემს შესახებ გაიგო,  ბანკის წარმომადგენლებს  ჩემს შესახებ  სიუჟეტი აჩვენა  და მისი დახმარებით გავხდი სტიპენდიანტი.

– როგორ უთავსებ მოდას და სპორტს ერთმანეთს?

– რა თქმა უნდა, ჩემთვის პრიორიტეტი კალათბურთია. თუმცა, ამ ეტაპზე ორივე იდეალურ თანხვედრაშია ერთმანეთთან.  მოდელობა ერთგვარი პიარიც არის ჩემთვის.

– მომენტი, როდესაც პირველად გახვედი მოედანზე...

– კი, ეს დაუვიწყარი დღეა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ვარჯიშზე მივედი, მწვრთნელმა დამიბარა, გადმომცა ფორმა  და მითხრა, რომ საღამოს ამხანაგურ თამაშზე ვითამაშებდი. მოედნის მეშინოდა, მაგრამ მაგ საღამოს ვიყავი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. პირველი რამდენიმე წელი ამ ემოციის განცდით ვთამაშობდი, იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე პირველივე თამაშზე. 

ილია ხუციშვილი
ილია ხუციშვილი

– სპორტს ხშირად ახლავს ტრავმები,  კალათბურთის გარდა არის რამე, რასაც მომავალში პროფესიად გაიხდი?

– სპორტი ამ მხრივ არასტაბილურია, მაგრამ ყოველთვის უნდა გქონდეს ალტერნატივა. როგორც კი სრულწლოვანი გავხდები უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელებ სწავლას. მომავალში ისეთი ტრავმა რომ მივიღო,  რაც ჩემთვის  კარიერის დასასრული გახდება, იმის შიში აღარ მექნება,  რა გავაკეთო. ერთი პერიოდი სტომატოლოგობა მინდოდა,  მაგრამ უკვე ჩამოვყალიბდი იმ აზრზე, რომ რადიოლოგია მინდა. ჩემი კალათბურთის შემდგომი ეტაპი, ალბათ, მედიცინასთან იქნება დაკავშირებული.

– როგორ უმკლავდები სირთულებს?

– ყველა სირთულე ერთგვარი გამოცდილებაა. თუმცა, რაღაც ეტაპს რომ გადალახავ, შემდეგ რაღაცეები მარტივდება. ცხოვრება რთულია, მაგრამ თუ თუ გინდა ერთ დღეს გაიღვიძო და ყველაფერი დაახლოებით ისე გქონდეს, როგორც ჩაიფიქრე,  ამისთვის საჭიროა დიდი შრომა, ენერგია და დრო. ჩემი ასაკი მაშინ დავივიწყე, დაახლოებით ათი წლის რომ ვხდებოდი. ჯერ ადრე და გვიან არის –  ეგ განცდა  არ არსებობოს ჩემთვის. რაღაცის გაკეთება თუ მინდა, ახლავე  უნდა გავაკეთო.

– როგორი იქნებოდი რომ არა ამდენი გამოწვევა?

– ალბათ, ვიქნებოდი ერთი გორელი ბიჭი, რომელიც ცხოვრობს წყაროსუბანში, დადის სკოლაში და თავისუფალ დროს „აბირჟავებს“. 

– რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კალათბურთელის ცხოვრება?

– არსებობს აღზევვების და დაცემის პერიოდები. ეს საკმაოდ ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე. არის მორალური და ფიზიკური დატვირთვა. მქონია შემთხვევა როცა მთელი მატჩის განმავლობაში არ მითამაშია, სათადარიგოთა  სკამზე ვმჯდარვარ, მაგრამ იმდენად დიდ  ემოციებში ვყოფილავარ, საოცრად დაღლილი და გამოფიტული ვყოფილვარ მატჩის ბოლოს. 

– შენთვის გამორჩეული თამაში?

–  „დინამო“ თბილისი იყო ისეთი გუნდი, რომელსაც ყველა შიშით ეთამაშებოდა.  ხუთი წლის მერე პირველად ჩემმა გუნდმა მოუგო „დინამოს“, ხალხი შოკში იყო. შარშან ფინალში მოგვიწია შეხვედრა, მაშინ როცა სხვა თამაშებზე გულშემატკივრების სიმცირეა, ამ თამაშის საყურებლად მთელი დარბაზი სავსე იყო. ეს თამაში ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო. შარშან გავხდო მაყურებლის სიმპატია და საუკეთესო ბომბარდირი, ამას ნამდვილად არ ველოდი, ესეც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში.

– ამ ეტაპზე რა არის შენი მთავარი მიზანი?

– საზღვარგარეთ მინდა წავიდე სათამაშოდ და სასწავლებლად. თუ ეს გამომივიდა, შევძლებ რომ ჩემი თავის საუკეთესო ვარიანტი შევქმნა.

მთავარი თემები