01:50 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
სალომე და გურამ წიქვაძეები

თამაში,  რომელიც ბარიერს ანგრევს

© photo: courtesy of Chu
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
125310

 „ჩუ“ დასამახსოვრებელი, საინტერესო და გასართობი სამაგიდო თამაშია, რომელიც ყველა ბარიერს ანგრევს.  სალომე ჟესტების ენით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. მისი მცდელობა საზოგადოებისთვის  ჟესტიკულაცია ესწავლებინა უშედეგო აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა თამაში.  სალომე და გურამ  წიქვაძეები მთელი საქართველოს  შემოვლას და  „ჩუმენის“  ყველასთვის გაცნობას აპირებენ.

ნინი რაზმაძე 

– სალომე, რატომ დაინტერესდი ჟესტების ენით?

– მქონია კომუნიკაცია სმენის არმქონე პირებთან, რომლებიც ჟესტების ენით ახდენენ სამყაროსთან ურთიერთობას. გამიჩნდა სურვილი, რომ მათთან კომუნიკაცია უფრო გამარტივებული გამხდარიყო. ჟესტების ენის სწავლის მცდელობა მქონდა, თუმცა,  არც ისე მარტივი აღმოჩნდა. დავიწყე  ფიქრი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა... წარვადგინე იდეა - მინდოდა შემექმნა მაცივარზე მისამაგრებელი მაგნიტები, რომელზეც გამოსახული  იქნებოდა ჟესტური ენის ანბანი,  ამისთვის მჭირდებოდა გუნდის წევრები, თუმცა,  ჩემი იდეა არავისთვის აღმოჩნდა საინტერესო. ჩემი სურვილი იყო გვესწავლა ჟესტური ენა, მინდოდა შემემსუბუქებინა იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც სმენის პრობლემა აქვს. 

სამაგიდო თამაში ჩუ
სამაგიდო თამაში "ჩუ"

– რატომ აირჩიე ურთიერთობისთვის თამაში?

– ზოგადად, საზოგადოების ყველა წევრს აქვს თავისი პრობლემა, ფიქრი და წუხილი. ამიტომ ზოგჯერ რთულია იფიქრო სხვის პრობლემაზე. გადავწყვიტე  მომეძებნა ისეთი გზა, რომელიც იქნებოდა საინტერესო და სახალისო. დავიწყე ფიქრი, თუ რა გვიყვარს ყველას და მივხვდი, რომ ეს იყო თამაში. არანაირი შეხება არ მქონია სამაგიდო თამაშებთან, შესაბამისად, გამოცდილებაც არ მქონდა თამაშის „შექმნის“.  ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდით „ნამიოკობანას“, „სიტყვობანას“, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა თამაში,  რომელიც გააერთიანებდა რამდენიმე თამაშს  ჩუ–ში.  ხშირად დამიფიქსირებია როდესაც ადამიანს აქვს კომინიკაციის პრობლემა, ასეთ დროს ჩნდება რაღაც დისტანცია, თამაში კი ურთიერთობის ის ფორმაა, რომელიც ყველანაირ დაძაბულობას და ბარიერს ხსნის. შეიძლება არ იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე,  მაგრამ უბრალოდ გიჭირდეს ინტეგრაცია, თამაშში კი ყველაფერია შესაძლებელი. 

სამაგიდო თამაში ჩუ
სამაგიდო თამაში "ჩუ"

– რა არის „ჩუ“?

– „ჩუ“ არის თამაში,  რომელიც გაძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინო რაღაც ახალი. თამაშს აქვს მარტივი და  კონკრეტული წესები. გვინდა რომ ბავშვებს თამაშით და სახალისო გზით ვაჩვენოთ და ავუხსნათ ჟესტების ენა. ჩვენი სურვილია, რომ ბავშვისთვის ჟესტების ენაზე მოსაუბრე უცხო და მიუღებელი არ იყოს.  

სახელზე ჩვენს მენტორ თამთა გველესიანთან ერთდ ვფიქრობდი. მაგიდაზე ჟესტური ანბანის მაგნიტები გვეყარა, რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ  „ჩ“ და „უ“  ცაკლე იდო. თამთამ აიღო და თქვა, მოდი იყოს „ჩუ“.   ისე გამოვიდა, თითქოს თავად დაირქვა თამაშმა სახელი. ჩვენი თამაში „Social Impact Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა. 

სამაგიდო თამაში ჩუ
სამაგიდო თამაში "ჩუ"

– რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ  თამაშის პერსონაჟი?

– თავიდან ჩვენი ლოგო სამი წრე იყო. როდესაც სმენის არმქონე ადამიანი მართავს ავტომობილს, მანქანას  დაკრული აქვს ნიშანი სამი შავი წრე,  რაც ჩვენთვის  ერთგვარი ინსპირაცია აღმოჩნდა.  თითოეულ მოთამაშეს ურიგდება სამი მონეტა. გამომდინარე იქიდან, რომ ჟესტების გამოსახვისთვის საჭირო იყო ადამიანის თავი, ტანი,  ხელები,  გადავწყვიტეთ შეგვექმნა პერსონაჟი. მუნჯური კინოს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი ჩარლი ჩაპლინია, ჩვენს იდეას სწორედ ასეთი პერსონაჟი შეეფერებოდა. ჩუმენი ამბობს,  რომ „ბავშვობიდან უყვარდა ჩარლი ჩაპლინი და სულ ბაძავდა მის სტილს.“

თამაშის პრინციპი მარტივია – ბარათზე გამოსახულ „ჩუმენის“ ინსტრუქციას უნდა მიყვე. თანმიმდევრულად გახსნილ ბარათებზე გამოსახული ჟესტები უშეცდომოდ გაიმეორო და ყველაზე მეტი რგოლი დააგროვო.

– როგორ ფიქრობთ მიზანმა გაამართლა?

– მეგონა რომ ამ თამაშით მხოლოდ ისინი დაინტერესდებოდნენ,  ვისაც   სმენის არმქონე ადამიანებთან აქვს შეხება. თუმცა, ჩემი სიფრთხილე და შიში  უსაფუძვლო აღმოჩდა, ჩვენი თამაში სამი თვეც არ არის,  რაც ბაზარზე გამოჩდა და დღეს უკვე ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს. მოვაწყვეთ პრეზენტაციები და თამაშობები სხვადასხვა სივრცეებში. ჩვენი პირველი მხარდამჭერი „წიბახას გეიმ ქლაბი“ იყო, მათ თამაში ჯერ კიდევ მაშინ გავაცანით,  როცა წესები მოთამაშეებს ზეპირსიტყიერებით გადაეცემოდა. თამაშის შექმნის დროს ვფიქრობდი,  რომ საზოგადეობაში უცხოს, განსხვავებულის მიმღებლობის დონე არც ისე მაღალია, მაგრამ თურმე ვცდებოდი. უბრალოდ,  უნდა გავაჩინოთ მეტი შესაძლებლობა,  რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა, აღმოვაჩინოთ რაღაც ახალი. ერთმანეთს ვასწავლოთ ჟესტური ენა. 

სამაგიდო თამაში ჩუ
სამაგიდო თამაში "ჩუ"

– რამდენი სიტყვისგან შედგება თამაში?

– ჩვენი თამაში 32  ჟესტისგან შედგება და კიდევ ვმუშაობთ იმაზე,  რომ სიტყვების რაოდენობა გაიზარდოს. ძირითადად ვეცადეთ ყოფილიყო გამოყენებადი სიტყვები, რომელიც ერთი ჟესტიკულაციით გადმოიცემოდა. „ჩუ“–ს დამოუკიდებლად თამაში 6 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება,  რადგან ბარათზე არის წარწერა. პატარა ასაკის ბავშვების მხირდან დიდი დაინტერესება არის.  ვცდილობთ ჩენი პროექტი მაქსიმალურად ეკო–მეგობრული იყოს.  ვიყენებთ ნაჭრის ტომრებს, ჩვენი წესები დაბეჭდილია გადამუშავებულ ქაღალდზე. ჩვენი ჩუმენი გარემოსთანაც მეგობრულია. გვაქვს გულსაბნევები,  რომელიც ნიშნავს მიყვარხარს.

– სკოლები თუ დაინტერესდნენ თქვენი თამაშით?

– რამდენიმე სკოლას შევთვაზეთ,  ველოდებით პასუხს. განათლების სამინისტროშიც დაინტერესდნენ ჩვენი წამოწყებით და დახმარებას დაგვპირდნენ. 

– ცოტა რამ სამოამავლო გეგმებზე გვიმბეთ?

– გვინდა ახალი თამაშები შევქმანთ. „ჩუმენი“ იქნება ყველა თამაშის პერსონაჟი. ვაპირებთ გავაკეთოთ 5 წლამდე ბავშებისთვის მისაღები თამაშებიც.  ახალ თამაშში ახალი წესები და სხვა პრინციპი, ასევე რამდენიმე მოძრაობიანი სიტყვაც იქნება. გვინდა ყოველ შაბათ-კვირას გასვლითი ტურები გვქონდეს,  რადგან სხვადასხვა რეგიონს გავაცნოთ  ჩუმენი.

მთავარი თემები