მეტროში დაწერილი ლექსები და ფაილებად აკინძული სიყვარული

© Courtesy of Nino Chikashuaნინო ჭიქაშუა
ნინო ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი გიამბობთ ნინო ჭიქაშუაზე, განათლებით ექიმზე,თანამდებობობის პირზე, რომელმაც საკუთარი ლექსების უმეტესობა ტრანსპორტში დაწერა

ნინო ჭიქაშუა საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, მაგრამ მასთან ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბარს არ ვაპირებ. საქმე ისაა, რომ ასეთი სპეციფიური პოზიციისთვის ზედმეტად შემოქმედებითი ნატურაა და საოცარ ლექსებს წერს. მართალია, ლექსებით საქართველოში ვერავის გააოცებ, მაგრამ თუკი იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ მისი ყველა ლექსი ტრანსპორტში, უმეტესად მეტროში დაწერილი და მობილურში აკრეფილია — დავრწმუნდებით, რომ საქმე სტანდარტულ შემთხვევასთან არ გვაქვს.

- ქალბატონო ნინო, თავიდანვე ვიტყვი: იშვიათია, როცა ასეთ პრაგმატულ პოზიციაზე ადამიანი ასეთ მგრძნობიარე ლექსებს წერდეს…

© ნინო ჭიქაშუას პირადი არქივინინო ჭიქაშუა
ნინო ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
ნინო ჭიქაშუა

— ბავშვობიდან ვწერ და დღემდე გამოუსწორებელ რომანტიკოსად ვრჩები. საქმიანობაზე რა გითხრათ? საბაჟო დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილე ვარ. განათლებით ექიმი გახლავართ, ხარისხით — გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრი, სამი შვილი მყავს. ვუკრავ ფორტეპიანოზე და წლების განმავლობაში სხვადასხვა ტაძარში გუნდის რეგენტი ვიყავი. რომანტიკოსი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ლექსები ძალიან სევდიანი გამომდის…

© ნინო ჭიქაშიას პირადი არქივინინო ჭიქაშუა ოჯახთან ერთად
ნინო ჭიქაშუა ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო ჭიქაშუა ოჯახთან ერთად

- ისეთი პოზიტიური ხართ, ვეჭვობ, ეს სევდა დეპრესიის გამო იყოს…

— არავითარ შემთხვევაში, მგონი, ასეთი დიაგნოზი არ შემეფერება. მე ექიმი ვარ, ჩემი და ფსიქოლოგია, ასე რომ, რაიმე მცირე სიმპტომს თუ გამოვავლენდი, აუცილებლად რაიმე ზომას მივმართავდი. ეს სევდა შინაგანად მოდის და რაიმე ობიექტური მიზეზი საამისოდ არ არსებობს. მართლა მჯერა, რომ იმედი ყველაზე ბოლოს კვდება. უმალ მე მოვკვდები, ვიდრე ჩემი იმედი… ძალიან რომ მატკენენ ხოლმე გულს ადამიანები და გარემო-თავისი სისასტიკითა და გულგრილობით, ამ დროს მხატვრული თვალსაზრისით ყველაზე უფრო კარგი ლექსები გამომდის. შეკვეთით ლექსი არასოდეს დამიწერია. ერთადერთი, მახსოვს, ბანკეტზე, როცა სკოლას ვამთავრებდი, სკოლის პედაგოგებმა და კლასელებმა მთხოვეს და სკოლის დამთავრებას ძალიან ლამაზი ლექსი მივუძღვენი.

- მართლა მაინტერესებს, ლექსებს ისეთ პროზაულ გარემოში, როგორიცაა მეტრო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტია, როგორ წერთ?

— ნამდვილად ასეა, რომ ჩემი ლექსების უმრავლესობა, 90% მართლა გზაშია შექმნილი და ეს ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარეა, რადგან ხშირად ვარ გზაში და ლექსებს მეტროში ვწერ. ერთ რამეზე მწყდება გული — ისე მივეჩვიე მობილურის ნემოში წერას, რომ ლექსებს ალბათ ფურცელზე და ხელით ვეღარ დავწერ. ჩემი ლექსების უმრავლესობა ასეა დაწერილი: მეტროში ყოფნის დროს მესინჯერში ვკრეფ ლექსებს, მერე ნემოდან პირად მაილზე ვაგზავნი. შემდეგ გადამაქვს ვორდში და ასე პატარა-პატარა ფაილებად ვკინძავ. ამ გზით და ამ ფორმით დაწერილ 500-მდე ლექსს უკვე მოვუყარე თავი…

© FB / Nino Chikashuaნინო ჭიქაშუა
ნინო ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
ნინო ჭიქაშუა

- სტიქიის დღეებში თქვენი ერთი ლექსი გავრცელდა სოციალურ ქსელებში, საერთოდ სამშობლოზე ყველაზე რთულია ლექსის წერა — ის პათეტიკას მოკლებულიც რომ იყოს და ძალიან გულწრფელიც — ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს…

— გამიხარდა ამ დამწვარ-დაბუგულ დღეებში ალაგ-ალაგ სიყვარულიც რომ ბრიალებს — ადამიანთა სიყვარული და ალბათ ეს ლექსიც ამის დასტურია. მინდა თქვენს მკითხველსაც გავაცნო იგი:

ჩემო ქვეყანავ, ეს დღეებიც გადაივლიან,

როგორც — სხეულზე

ეს უღმერთო ნახანძრალები;

ჩამოისვენებს ტოტზე გული —ჩიტი ნიბლია,

დაოსდებიან ბრძოლის ჟინით ამორძალებიც…

ჩემო ქვეყანავ, იწვის დრო და მეწვის სინდისი,

თვალები, თმები, დახაზული ხელისგულები…

ახლა წარსულზე დანანებით ჰყვება ივლისი,

დამშრალ წყაროსთან ჩამუხლული, ნაერთგულევი…

შენს ფერდობებზე გავაფინე სევდის მანდილი,

ამ ხეებივით ნაცარტუტად მექცნენ სიტყვები,

შეგეშველები ჩემი ლოცვით და სინამდვილით,

ისევ თავიდან შეგიყვარებ, თავდავიწყებით…

სამშობლოვ ჩემო! მერამდენე სატკივარს გიმხელ,

სულ დარდად მყავხარ — ყველა გოჯი, ყველა მტკაველი…

გოროზ მთაგრეხილს მივადევნებ ნისლიან ფიქრებს,

მზე მზეობს მაინც —ერთადერთი და შენნაირი!

გადაივლიან, ეს დღეებიც გადაივლიან,

ვით ძლიერ მკერდზე — ნატერფალნი ამორძალების…

გულო, საგულეს ჩადგებოდე, ჩიტო ნიბლიავ,

დანელდებოდეთ, ტკივილებო ნახანძრალების!

- ლექსების კრებული ჯერ არ გამოგიციათ?

— ინტენსიურად ვწერ, მაგრამ წიგნის გამოცემა ჯერ არ მიცდია. ვფიქრობდი, რომ პოეზიის ისეთ ზღვაში როგორიც საქართველოა, ჩემი წვეთები არაფერს შეცვლიდა, დავიწყე ზრუნვა. ნატა კობიძემ გამომცემლობა „ინტელექტში“ მიმიყვანა და ვფიქრობ, წიგნი იქ უნდა დაკაბადონდეს. ახლა თანხაა საქმე, უნდა შევწვდე. ამ საქმეში თითქმის მარტო ვარ. კრებულს თუ ვეღირსე, აუცილებლად დეიდას საოცარი ნახატებით გავაფორმებ…

- რა არის თქვენთვის წერა — თვითგამოხატვის საშუალება, შვება, თავშესაფარი?…

— წერა შვებაა ჩემთვის. მჯერა, რომ არსებობს მზის და იმედის ქვეყანა, მზის კაცებით, მთვარის ქალებით და მზესუმზირა ბავშვებით… მეც ყველა იმ ქვეყნიდან მოსული მგონია, ამიტომ ვცდილობ, თავგანწირვამდე მიყვარდეს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვენდობი ადამიანს, მათ გამართლებას ყველა ასპექტში ბოლომდე ვცდილობ, სიცუდისთვის ძნელად მემეტებიან, მაგრამ სიყალბესაც უმალვე ვხვდები და მძულს პოზები…

 

ყველა ახალი ამბავი
0