ქველმოქმედება გარდაცვლილი ქმრის სახელით — 24 წლის გოგოს კეთილი საქმე

© ეკა კობაიძის პირადი არქივიეკა კობაიძე
ეკა კობაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ეკატერინე კობაიძე 24 წლისაა. აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და 2012 წლიდან ბუღალტრად მუშაობს.

ეკატერინეს ცხოვრებაში იყო ძალიან მძიმე და რთული პერიოდი, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ოთხი წლის წინ, როცა სულ 20 წლისა იყო, მეუღლე ტრაგიკულად გარდაეცვალა. დარჩა ერთადერთი შვილი — ლუკა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მეუღლის სახელით ეკეთებინა სიკეთე — დახმარება გაეწია უმწეო ოჯახებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის.

ეკატერინე ყოყმანის შემდეგ დავითანხმეთ ინტერვიუზე, რომელშიც საკუთარი სევდიანი ისტორია გვიამბო.

— შესაძლოა ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ სხვებს დაეხმაროს, მაგრამ არ გამოსდის. როგორ გაგიჩნდათ იდეა სრულიად უცხო ადამიანებს დახმარებოდით?

— სურვილი მართლაც ბევრს აქვს დაეხმაროს სხვას… მე ბავშვობიდან სიბრალულის გამძაფრებული გრძნობა მაქვს. ვდარდობ, როცა მე თბილად ვარ სახლში, სხვა კი ქუჩაში დასაძინებელ ადგილს და საჭმელს ეძებს. სკოლის პერიოდიდან მქონდა ურთიერთობა ბავშვთა სახლის ბავშვებთან და ვიცი, რას გრძნობენ ისინი…

© ეკა კობაიძის პირადი არქივიეკა კობაიძე ქველმოქმედებისთვის შეგროვილი საჩუქრებით
ეკა კობაიძე ქველმოქმედებისთვის შეგროვილი საჩუქრებით - Sputnik საქართველო
ეკა კობაიძე ქველმოქმედებისთვის შეგროვილი საჩუქრებით

რაც მეუღლე გარდამეცვალა, მას შემდეგ ყველაფერს მისი სახელით ვაკეთებ და ამაში შვებას ვპოულობ. მინდოდა ვიწრო სამეგობრო შემომეკრიბა და ძალიან გაჭირვებული ოჯახების შვილებს დავხმარებოდით. ვთქვი, რომ გამომივიდოდა და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. მეგობრების დახმარებითა და გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწიეთ, რაც ჩავიფიქრეთ. მასშტაბური პროექტი გამოვიდა და ბევრ ოჯახს დავეხმარეთ საახალწლოდ.

— ვინ არიან ადამიანები, ვისაც წლების განმავლობაში უწევდით დახმარებას?

— ასე კონკრეტული ოჯახი არ მყოლია, ვისაც ვეხმარებოდი, თუმცა ბავშვთა სახლების ხშირი სტუმარი კი ვიყავი. ტანსაცმლის გაჩუქება მომწონდა, სკოლაშიც ხშირად მიგვქონდა სახლიდან ნივთები. ჩვენი სკოლა ხშირად ეხმარებოდა ბავშვთა სახლებს. ეს ბავშვები ჩვენთან სწავლობდნენ და ჩემი კლასელიც იყო რამდენიმე. ერთ-ერთთან დღესაც მაქვს კონტაქტი და ვმეგობრობთ.

ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
კეთილი ადამიანების დახმარებით „Sputnik საქართველომ“ შვიდ ობოლ ბავშვს ოცნება აუხდინა

— დღეს საქართველოში ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლებიც საზოგადოებაში უნდობლობით სარგებლობენ. თქვენ როგორ მოახერხეთ საზოგადოების ნდობის მოპოვება, როგორ ახერხებთ თანხების მოძიებას?

— საქველმოქმედო ფონდები რომ კეთილსინდისიერად არ მუშაობენ და ბევრი რამ იკარგება მათთან, ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომ უნდობლობა მათ მიმართ მეც მქონდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ მაქსიმალურად გამჭირვალე ყოფილიყო ყველა დეტალი და რაც ვიცოდით, რა ინფორმაციაც გვქონდა, ყველაფერს ვასაჯაროებდით "ფეისბუქზე". დახმარების მსურველებს ოჯახის ისტორიასთან ერთად საკონტაქტო ტელეფონი და მისამართიც ჰქონდათ მითითებული ფეისბუქ-გვერდზე, ამიტომ ყველას თავად შეეძლო გადაემოწმებინა ყველანაირი ინფორმაცია. ზუსტად ამის მეშვეობით მოვიპოვეთ ხალხის ნდობა.

© ეკა კობაიძის პირადი არქივისაახალწლო საჩუქრები შეჭირვებულ ოჯახს
ეკა კობაიძე - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქრები შეჭირვებულ ოჯახს

იყო ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ზუსტად იმიტომ უნდოდათ ჩვენთან ურთიერთობა, იმიტომ გვიცხადებდნენ ნდობას, რომ ფონდი არ ვიყავით. გვქონდა შემოთავაზება, ფონდთან გავერთიანებულიყავით, ან ჩამოგვეყალიბებინა ორგანიზაცია. მაგრამ ასე შორს არ წავედი. ვფიქრობ, ამისთვის მზად არ ვარ და არც ასე მარტივია ფონდის ჩამოყალიბება.

თანხებთან შეხება იშვიათად გვაქვს. გვირჩევნია პროდუქტები, ნივთები მოგვაწოდონ. თუმცა იყო შემთხვევები, როცა თანხითაც დაგვეხმარნენ. ჩვენ ყველაფრის ქვითარს, ფოტო- და ვიდეომასალას ვუგზავნიდით გადმომრიცხავს და ეს ყველაფერი კიდევ უფრო უძლიერებდათ მათ ჩვენდამი ნდობას.

— ამ საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ, თუ მარტო ართმევთ თავს ყველაფერს?

— რა თქმა უნდა, მარტო არ ვყოფილვარ. ჩემი ყველა მეგობარი და ოჯახის წევრი ჩაება ამ პროექტში. მთელი ახალი წელი ბავშვებს მივუძღვენით და ვეცადეთ, გაგველამაზებინა და გაგვებედნიერებინა მათთვის ეს დღე.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნათია ხარაიშვილი, ჩემი მეგობარი, ჯგუფელი, საუკეთესო ადამიანი უშრეტი ენერგიით. მისი მონდომება რომ არა, ალბათ, ვერაფერს გავაკეთებდი. ნათიას შედარებით თავისუფალი გრაფიკი ჰქონდა სამსახურში და ის უფრო ახერხებდა გარკვეულ ადგილებში სიარულს. სიტყვები ზედმეტია იმის აღსაწერად, რაც მან გააკეთა და დღემდე აკეთებს. საოცარი ადამიანია და თქვენი მეშვებით განსაკუთრებულად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

© მერი ბლიაძის არქივივეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი

არ შემიძლია არ ვახსენო ნათია ბედია, ანი ჩომახიძე, ნანუკა ბაგალიშვილი. მართლა დღეს და ღამეს ვათენებდით, ერთმანეთს ვენაცვლებოდით; ასევე თაკო რობაქიძე, რომელიც რეგიონიდან გვაწვდიდა წერილებს და მისი დიდი ძალისხმევით კახეთში საჩუქრებით დატვირთული ერთი მანქანა წავიდა.

— ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი ისტორია დაგამახსოვრდათ, ყველაზე მეტად რამ იქონია თქვენზე გავლენა?

— არ ვიცი, ასე ვერ გამოვყოფ. ბევრი გაჭირვებული დედა გვირეკავდა ტირილით და საჭმელს ითხოვდა. ერთი გვწერდა, მშიერ ბავშვს წყლით ვატყუებ, როცა შიაო. რამდენიმე ბავშვი გვწერდა, ფეხსაცმელები არ გვაქვს და სკოლაში ვერ დავდივართ, იმიტომ რომ ფეხები გვეყინებაო. ზოგ ბავშვს საახალწლო საჩუქრად რვეული და პასტა უნდოდა, ზოგს — საწერი მაგიდა, მუხლებზე დაჩოქილს რომ არ ეწერა. ზოგი ბავშვი ობოლი იყო…

თუმცა, მახსენდება აფხაზეთიდან დევნილი ვეკუების ოჯახი — შვიდი ობოლი ბავშვის ძალიან მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება. ბავშვების დედა ორი წლის წინ გარდაიცვალა, როცა სულ 36 წლისა იყო. იმ დროს უმცროსი ბავშვი ხუთი თვის იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ბავშვების მოვლაში მამას მოხუცი ბებია ეხმარებოდა, მერე კი ისიც გარდაიცვალა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მათი დახმარების სურვილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველასთვის ერთად მოგვეყარა თავი. შეგროვდა უამრავი ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშო, ველოსიპედი, ნოუთბუქი, ფული… ამ ყველაფერზე საუბარი რთულია. ეს უნდა ნახო, რომ დაიჯერო.

© ეკა კობაიძის პირადი არქივიეკა კობაიძე: თანადგომა? ამ სიტყვას სამყაროს შეცვლა შეუძლია
ეკა კობაიძე - Sputnik საქართველო
ეკა კობაიძე: თანადგომა? ამ სიტყვას სამყაროს შეცვლა შეუძლია

— ოდესმე თავი უსუსურად გიგრძნიათ?

— კი, მიგრძვნია. ძალიან ცუდი გრძნობაა, როცა გულით გინდა რამის გაკეთება, მაგრამ არ შეგიძლია, ვერ აკეთებ, რადგან არ გაქვს ამისთვის საკმარისი ძალა და შესაბამისი სახსრები, ან უბრალოდ არ შეგიძლია, რაიმე მოიმოქმედო, რაიმე შეცვალო…

ერთ ოჯახს გავიხსენებ, რომელზეც დღემდე ვნერვიულობ და დღე არ გავა, არ გამახსენდეს. შვიდი შვილი, არანაირი საცხოვრებელი პირობები და აბსოლუტური შიმშილი! ეს იყო შენგელიების ოჯახი. ხობში ცხოვრობდნენ. შემზარავი იყო მათი ისტორია. გავიგე თუ არა მათ შესახებ, ყველას გავაგებინე და მაშინვე აქტიურად შევუდექი ნივთების შეგროვებას. თუმცა, ვინაიდან სიშორის გამო პირადად ვერ ჩავიდოდით მათთან, იმ ფონდისთვის უნდა მიმეწოდებინა ყველაფერი, რომლისგანაც შენგელიების ამბავი შევიტყვე. ამ ფონდმა კი რაღაც-რაღაცეებში მოგვატყუა და ამიტომ აღარ ვენდე. ვიცოდი, ხობში ყველაფერი არ ჩავიდოდა, რასაც გავგზავნიდით და უკან დავიხიე…

ყველაზე მეტად სწორედ მაშინ გამიცრუა საკუთარმა თავმა იმედები. უსუსური და უნიათო გავხდი, ვერ შევძელი მათი დახმარება, არადა, მეგონა მთებს გადავდგამდი…

— თქვენი აზრით, რას ნიშნავს თანადგომა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანისთვის?

— თანადგომა? ამ სიტყვას სამყაროს შეცვლა შეუძლია! თანადგომა — ეს იმედია, რომელსაც გაჭირვების ჟამს მოელის ადამიანი ნათესავებისა და მეგობრებისგან. მეუღლე რომ გარდამეცვალა, მეც ოჯახისა და მეგობრების თანადგომით შევძელი ფეხზე დადგომა, მერე კი ძლიერი ეკას დანახვა საკუთარ თავში. როცა ეს პროექტი დავიწყე, მეგობრების თანადგომამ მომცა სტიმული და იმედი იმისა, რომ ყველაფერს შევძლებდი, ყველაფერი გამომივიდოდა.

ამ სიტყვაში მე იმედსა და სიყვარულს ვხედავ. მინდა ეს სხვებმაც დაინახონ და დააფასონ. ვფიქრობ, ამის მერე მეტად შეუყვარდებათ ყოველი დღე და ერთმანეთს მეტ სიყვარულს, სითბოს და ბედნიერებას აჩუქებენ.

— როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში რა არის ყველაზე მთავარი?

— განა ყველა კაცია ადამიანი? მიმაჩნია,რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია იყო ადამიანი!

— წინ რა გეგმები გაქვთ?

— ამ ეტაპზე მხოლოდ ვმუშაობ და ვაპირებ მაგისტრატურაში განვაგრძო სწავლა. პროექტის გაგრძელებასაც ვაპირებ საახალწლოდ, მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა. ახალ წლამდე კი, რასაც შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ გაჭირვებული ოჯახებისთვის.

გისურვებთ წარმატებას და მოვუწოდებ ყველას, აკეთონ სიკეთე, დაეხმარონ ერთმანეთს!

ყველა ახალი ამბავი
0