ქუჩაში მეგობრის დასახმარებლად ამღერებულმა ბავშვებმა ევროპის ფესტივალზე გაიმარჯვეს

© ბეჟან გოგიას პირადი არქივიანსამბლ „ლადის“ წევრები და მათი ხელმძღვანელი ბეჟან გოგია
ანსამბლ „ლადის“ წევრები და მათი ხელმძღვანელი ბეჟან გოგია - Sputnik საქართველო
გამოწერა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამტრედიაში ერთი ბავშვი შეუძლოდ გახდა და მის ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა. მაშინ ბავშვის მეგობრებმა თანხის შეგროვების ჩვენში ყველაზე გავრცელებულ ფორმას მიმართეს: სახლიდან გამოვიდნენ და საკუთარი „რეპერტუარით“ ქუჩა-ქუჩა კონცერტების ჩატარება დაიწყეს.

მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში ჩატარებული კონცერტებიდან სერიოზული ფესტივალების არა მხოლოდ მონაწილეები, გრან-პრის მფლობელებიც კი აღმოჩნდებოდნენ. თუმცა მანამდე ბევრი შრომა დასჭირდათ ბატონ ბეჟან გოგიას სამუშაო კაბინეტში, სადაც ქუჩის მომღერლები სრულფასოვანი მუსიკალური ანსამბლის წევრებად ჩამოყალიბდნენ — ანსამბლისა, რომელსაც ევროპაში „ლადის“ სახელით გაიცნობენ. ის კი არა, დრო გაივლის და პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც 32 ქვეყანა მონაწილეობს, ანსამბლი სამი თასის, ხუთი ოქროს მედლისა და რამდენიმე დიპლომის მფლობელი გახდება…

ჩვენთან საუბარში ბატონი ბეჟანი ამ ბიჭების ნამდვილ ისტორიას იხსენებს.

© Photo: Courtesy of Bejan Gogiaანსამბლი „ლადი“ აზერბაიჯანში
ანსამბლი „ლადი“ აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
ანსამბლი „ლადი“ აზერბაიჯანში

— ბატონო ბეჟან, როგორ დაიწყო ამ ბავშვების ისტორია?

— ერთხელ ქუჩაში შემთხვევით ვნახე ბიჭი, რომელიც ფანდურზე საკმაოდ ვირტუოზულად უკრავდა და ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, ეს ქუჩაში რატომ უნდა უკრავდეს-მეთქი. მაშინ ანრი მანჯგალაძე მეათე კლასში იყო. ვუთხარი, მოდი ჩემთან კაბინეტში და გავისაუბროთ-მეთქი. მოვიდა, ველაპარაკე და გაირკვა, რომ ეს ბავშვი და მისი მეგობრები სხვადასხვა ქალაქების (ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ბათუმი) ქუჩებში დადიოდნენ, მღეროდნენ და მეგობრისთვის, რომელიც ავად ყოფილა, ფულს აგროვებდნენ.

© ბეჟან გოგიას პირადი არქივისაამაყო სამტრედიელები: ანსამბლი „ლადი“ და კახა კალაძე
საამაყო სამტრედიელები: ანსამბლი „ლადი“ და კახა კალაძე - Sputnik საქართველო
საამაყო სამტრედიელები: ანსამბლი „ლადი“ და კახა კალაძე

დავიწყე ამ ბავშვებთან მუშაობა. თავიდან იყვნენ: ანრი, ლუკა, დათო და ირაკლი.

საერთოდ მხატვარ-კარიკატურისტი ვარ, ნოდარ დუმბაძისა და ზაურ ბოლქვაძის რედაქტორობის პერიოდში ჩემი ნახატები ჟურნალ „ნიანგში“ იბეჭდებოდა. 18 წლის ვიყავი, როცა ბუქარესტში ერთ-ერთ ჯგუფში სოლო-გიტარას ვუკრავდი. მერე სამტრედიაში სხვადასხვა თანამდებობებზე ვიმუშავე, ტელევიზიის დირექტორიც ვიყავი. ამჟამად გაზეთ „სამტრედიის მაცნეს“ დირექტორი ვარ. ამ ბავშვებთან მუშაობა ძალიან მავსებს და მახარებს. ქუჩიდან დაწყებულმა ხელოვნებამ დღეს სერიოზულ სცენაზე გადაინაცვლა.

© Photo: courtesy of Bejan Gogiaბეჟან გოგიას კაბინეტში
ბეჟან გოგიას კაბინეტში  - Sputnik საქართველო
ბეჟან გოგიას კაბინეტში

 — ვიცი, რომ თქვენამდე მათ არც ხელმძღვანელი ჰყავდათ და არც მუსიკალურ განათლებას იღებდნენ.

— ხელმძღვანელი არ ჰყავდათ. მერე მათ კიდევ სხვა ბავშვებიც დავამატე, რომლებიც სოციალურ ქსელებში მოვძებნე. მოკლედ, სულ 20 ბავშვი მოვიყვანე და მათ შორის ყველაზე ნიჭიერები ამოვარჩიე.

ჩემ კაბინეტში გავდიოდით რეპეტიციებს. ბევრი ვიშრომეთ და დაახლოებით ექვსი თვის მერე ცხრა ბავშვით, სამი გოგონათი და ექვსი ბიჭით პირველი კონცერტი ჩავატარეთ სამტრედიის კულტურის სასახლეში. კონცერტი ხალხს ძალიან მოეწონა. ამ ბავშვებიდან სასწაულებრივი ქართული სული და ენერგია გადმოდიოდა. ჯერ მხოლოდ ფოლკლორს ასრულებდნენ, მერე როკიც დავამატეთ და ჩვენი ანსამბლიც როკ-ფოლკლორული გახდა. კიდევ ფოლკლორულ მელოდიებს ვიოლინოთიც ასრულებენ.

© ბეჟან გოგიას პირადი არქივი„ლადის“ პრიზები
„ლადის“ პრიზები - Sputnik საქართველო
„ლადის“ პრიზები

— ანსამბლის სახელი როგორ შეარჩიეთ?

— თავდაპირველი ბავშვების სახელების – ლუკას, ანრის, დათოსა და ირაკლის სახელების თავკიდური ასოებით გამოდიოდა აბრევიატურა „ლადი“ და სწორედ ამ სახელით გახდა ცნობილი ეს ანსამბლი ევროპაში.

თავიდან ოთხი ბავშვი იყო, მაგრამ დღეს ანსამბლში ცხრანი არიან: ლუკა კიკაჩეიშვილი — დრამი, ანრი მანჯგალაძე — ვოკალი და ფანდური, დათო მამასახლისი — ბას-გიტარა და ფანდური, ირაკლი მარჯანიშვილი —  ტამტამი, რამაზ შენგელია — ვოკალი და ვიოლინო, გიო ნაცვლიშვილი — გიტარა, გიო დარახველიძე, მარი ტორონჯაძე, ჟანა დარახველიძე, გვანცა არაბიძე და მარი ბარბაქაძე — ვოკალი.

© ბეჟან გოგიას პირადი არქივიპრაღის საერთაშორისო ფესტივალი, პრიზის გადაცემის დროს
პრაღის საერთაშორისო ფესტივალი, პრიზის გადაცემის დროს - Sputnik საქართველო
პრაღის საერთაშორისო ფესტივალი, პრიზის გადაცემის დროს

— პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე როგორ აღმოჩნდა „ლადი?“

— პრაღაში საერთაშორისო ფესტივალზე 2015 წლის ოქტომბერში მიგვიწვიეს. მაშინ ევროპის 14 ქვეყანა მოვიარეთ. ფესტივალზე, რომელშიც 32 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი ავიღეთ. ჩვენ იქ სამი თასი, ხუთი ოქროს მედალი და რამდენიმე დიპლომი გადმოგვცეს.

გარდა ამისა, ანსამბლმა საქველმოქმედო კონცერტებიც ჩაატარა რამდენიმე ქალაქში… კარგად მახსოვს, შეგროვილ ხურდებს როგორ ითვლიდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ფესტივალზე ფოლკლორში ევროპის საუკეთესო პედაგოგად მაღიარეს და მსოფლიოს კულტურის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ოქსანა ვლასოვამ დამაჯილდოვა.

მომდევნო წელს ბაქოში „ბაქო 2016“ ჩატარდა და იქაც მიგვიწვიეს, სადაც გრან-პრი ავიღეთ. სპეციალური პრიზი გადმოგვცეს — გრან-პრის „ლადი 2016“ ეწერა.

წელს კი, 1 ნოემბერს პრაღაში ფესტივალი „ბროლის ვარსკვლავი“ იმართება, სადაც ჟიურის წევრად ვარ მიწვეული. „ლადიც“ დაპატიჟებულია და თანხა თუ მოვიძიეთ, წავალთ.

— სიტყვამ მოიტანა და, გარდა იმისა, რომ ბავშვები ფესტივალზე წასასვლელ თანხას ქუჩებში ჩატარებული კონცერტებით აგროვებდნენ, ვინ გაგიწიათ დახმარება?

— დამხმარეთაგან ერთი საფრანგეთში მცხოვრები, გაზეთ „შანსის“ ყოფილი რედაქტორი ბატონი ბონდო ქურდაძეა, რომელმაც ეს ბავშვები ნახა და მათი ამბავი მთელ პარიზს გააგებინა. ბატონმა ბონდომ საფრანგეთიდან 3000 ევრო გამოგვიგზავნა. მერე კიდევ ერთ-ერთი ბავშვის ბიძამ ჩაგვირიცხა თანხა და ასე, კეთილი ადამიანების დახმარებით აღმოვჩნდით პრაღაში. რაც მთავარია, ბავშვებმა ნდობა გაამართლეს. 

მერე ქართული და ფრანგული ფოლკლორული სიმღერების ნაკრები მოვამზადეთ და ბონდო ქურდაძემ ისინი ლევილში ყველას აჩვენა. თბილისში არსებობს კავკასიის ფესტივალის საერთაშორისო ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელიც ამირან ბუთურიშვილია. სოციალურ ქსელებში ამ ბავშვების გამოსვლა უნახავთ და მერე მათზე მთელი საქართველო აალაპარაკეს.

— და ის ბავშვი, ვისთვისაც ბიჭებმა ქუჩაში თანხის შეგროვება დაიწყეს, როგორ არის?

— კარგადაა. თანხა შეუგროვეს და შინ მიუტანეს. მოკლედ, უშველეს… სხვათა შორის, იმის მერე თანხა სხვებსაც შეუგროვეს და კიდევ ბევრს დაეხმარნენ.

ყველა ახალი ამბავი
0