მოდელი ბიჭები, Food-photograpy და შეცდომით გადაღებული სხვისი პატარძალი

© FB/ Giorgi Tsiklauriგიორგი წიკლაური
გიორგი წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა

გიორგი წიკლაური თვითნასწავლი მხატვარია. თავად მოდელის გარეგნობა აქვს, მაგრამ სამედიცინო სფეროში მუშაობს და ამ დარგისთვის სპეციფიურ ფოტოებს იღებს.

თავისუფალი თემის გადაღების დროს სიუჟეტებზე დიდხანს ფიქრობს, ამიტომაც მისი ფოტოები ნახატებს ჰგავს. ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღის, ქორწილის კადრების გადაღება-შერჩევასაც ხშირად ანდობენ. ბოლო დროს Food-photograpy-ით და მოდელი ვაჟების გადაღებითაც დაინტერესდა.

© FB/ Giorgi Tsiklauriგიორგი წიკლაური
გიორგი წიკლაური - Sputnik საქართველო
გიორგი წიკლაური

—  გიორგი, თვითნასწავლი მხატვარი ხართ და საინტერესო პორტრეტებს ქმნით, რატომ დაანებეთ ხატვას თავი?

— დიახ, სამხატვრო აკადემია არ დამიმთავრებია, თვითნასწავლი მხატვარი ვარ.  რამდენიმე წლის წინ აქტიურად ვხატავდი და მერე თავი დავანებე.  ფოტოგრაფიას მოვკიდე ხელი და ამ საქმით სერიოზულად დავინტერესდი.  ფოტოგრაფიაც ჩემით ავითვისე. ძირითადად აქაც პორტრეტებით ვარ დაკავებული და სახეების გადაღება და ეგრეთ წოდებული, დადგმითი კადრების გადაღება მიყვარს.

© გიორგი წიკლაურის პირადი არქივიგიორგი წიკლაურის ფოტო
გიორგი წიკლაურის ფოტო - Sputnik საქართველო
გიორგი წიკლაურის ფოტო

— ფოტოებზე თქვენ უმეტესად იღიმით,  თქვენი დახატული პორტრეტები რატომ არ იღიმებიან?

— თქვენ წარმოიდგინეთ, არ დავკვირვებივარ. სავარაუდოდ, შემთხვევით გამოდის ასე და არა გამიზნულად.

— ამჟამად ერთ სამედიცინო დაწესებულების პიარში მუშაობთ…

— დიახ, თავის დროზე, როცა ფოტოაპარატი ავიღე ხელში, ეს საქმე მალე სამსახურად მექცა და ხატვისთვის დრო აღარ დამრჩა. ამ გატაცებამ დროებით მეორე პლანზე გადაიწია და ალბათ დაიკარგა კიდეც. პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია.

 

© გიორგი წიკლაურის პირადი არქივიგიორგი წიკლაურის ნახატი
გიორგი წიკლაურის ნახატი - Sputnik საქართველო
გიორგი წიკლაურის ნახატი

— დღეს ქორწილებში პროფესიონალ ფოტოგრაფებს  იწვევენ, რომლებიც მხატვრულ ფოტოებს იღებენ, თქვენც მათ შორის ხართ.

— მთელი ჩემი დრო სწორედ ქორწილებმა შთანთქა. ხშირად მიწვევენ და ახალდაქორწინებულებს სამახსოვრო ფოტოებს ვუღებ. სხვა თემაზე რამე საინტერესოს უკვე ვეღარ ვიღებ.

ქორწილთან დაკავშირებით ერთი სახალისო ამბავი გამახსენდა: ერთხელ პირდაპირ სილამაზის სალონში მივედი პატარძალთან, რომელიც ვარცხნილობას იკეთებდა,  ემზადებოდა. ნახევარი საათი ვუღებდი ფოტოებს, სანამ დამკვეთმა არ დამირეკა, სად ხარო?!  თურმე სულ სხვა პატარძალთან მივსულვარ. ამ ამბავზე დღემდე მეცინება. ახლაც მიკვირს, იმ პატარძალმა სანამ ფოტოებს ვუღებდი, ხმა რატომ არ ამოიღო? მას რა ეგონა, არ ვიცი, მაგრამ იმ მომენტში თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი.

© გიორგი წიკლაურის პირადი არქივიგიორგი წიკლაურის ფოტო
გიორგი წიკლაურის ფოტო - Sputnik საქართველო
გიორგი წიკლაურის ფოტო

— რაიმე თქვენეული პრინციპი თუ გაქვთ მუშაობის დროს?

— როცა ვხედავ, რაღაც ისე არ გამოდის, როგორც მინდა, ვცდილობ, იმ ადამიანს სხვა თემაზე ველაპარაკო. ამის შემდეგ მისი სახის გამომეტყველება იცვლება და მეც ველოდები, როდის გაიხსნება. როცა გაშინაურდება, სასურველ კადრს სწორედ მაშინ ვიჭერ. 

—  გიორგი, ბოლო დროს ორი ახალი მიმართულება გაჩნდა თქვენს საქმიანობაში.

— დიახ, გატაცებული ვარ ორი ახალი მიმართულებით, რაც საქართველოში ჯერ იმდენად გავრცელებული არ არის. ესაა: Food-photograpy, რომელიც კერძებისა და სამზარეულოს გადაღებას ითვალისწინებს; მეორე — მოდელი ბიჭების გადაღება, ოღონდ გლამურის, რაც ჩვენში ჯერ არ არის განვითარებული.

© გიორგი წიკლაურის პირადი არქივიგიორგი წიკლაურის ფოტო
გიორგი წიკლაურის ფოტო - Sputnik საქართველო
გიორგი წიკლაურის ფოტო

— ქართულ სუფრას თუ გადაიღებთ, ალბათ მესამე ჭიქამდე უნდა მოასწროთ, თორემ მერე მაინცა და მაინც ესთეტიური გადასაღები არ იქნება.

— თქვენს ნათქვამზე გამეცინა. თუ სუფრის გადაღებას დავაპირებ, კი ბატონო, ასე იქნება, მაგრამ მე სუფრის გადაღებას არ ვაპირებ. მხედველობაში მაქვს კერძები, რომლებსაც დადგმის პრინციპით ვიღებ. მაგიდაზე ან რაიმე ფონზე თეფშზე მოთავსებული კერძი ისე უნდა გადაიღო, რომ გემრიელად გამოიყურებოდეს. ძირითადად უცხოურ კერძებს ვიღებ, თუმცა ქართულიც მაქვს გადაღებული.

© გიორგი წიკლაურის პირადი არქივიგიორგი წიკლაურის ფოტო
გიორგი წიკლაურის ფოტო - Sputnik საქართველო
გიორგი წიკლაურის ფოტო

— ჩვენთან სამოდელო ბიზნესში ადრე იშვიათად მიდიოდნენ ბიჭები და ახლა რა სიტუაციაა?

— ამ მხრივ ცოტა შეიცვალა ვითარება და იმდენად რთულად აღარ არის, როგორც ადრე იყო, როცა მათ ცუდი თვალით უყურებდნენ. დღეს უფრო გამოხატავენ ამ სფეროსადმი ინტერესს. ჩემი აზრით, მოდელი ვაჟების გადასაღებად შესაფერისი ასაკი 17-20 წელია.

— გიორგი, დღეს ბევრია ფოტოგრაფიით დაინტერესებული?

— კი, მართლაც ბევრია. ზოგი რეალისტური ფოტოების გადაღებითაა დაკავებული, ანუ იმას იღებს, რასაც ხედავს. მე სინამდვილის შელამაზება მიყვარს. მსიამოვნებს, რომ ხალხს მოსწონს ჩემი ნამუშევრები. რავიცი, ვინც ისინი ნახა, უარყოფითი შეფასება ჯერ არავის მიუცია.

ფოტოგრაფიით ბევრი ადამიანის გატაცება გასაგებია, რადგან ყველას უნდა, რომ მისი ცხოვრების იშვიათი, ლამაზი კადრი დააფიქსიროს. ფოტოგრაფიის დანიშნულებაც ხომ ესაა.

ყველა ახალი ამბავი
0