00:26 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
დავით კიკვიძე

დავით კიკვიძე: ლარის საერთაშორისო ბაზრებზე გამოჩენა ნიშნავს, რომ ის მომგებიანია

© FB/ David Kikvidze
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
6010

„საქართველოს ბანკის" მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებად შეაფასა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის. რას მოუტანს ეროვნული ვალუტის საერთაშორისო ბაზრებზე გამოჩენა ქვეყნის საფინასო სექტორს და ზოგადად ეკონომიკას, „Sputnik საქართველო" საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს ესაუბრა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი საქართველოს საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკისთვის ზოგადად?

— როგორც ცნობილია, ბანკებისთვის მიმდინარე ეტაპზე ლარში სახსრების მოზიდვის ორი წყარო არსებობს — ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხები და დეპოზიტები. ეს ორივე წყარო არის მოკლევადიანი და ბანკებს არ აძლევს საშუალებას საშუალო და გრძელვადიანი სესხები გასცენ ეროვნულ ვალუტაში, ამიტომ ლარში ობლიგაციების განთავსება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკები შეძლებენ ეროვნულ ვალუტაში საშუალო და გრძელვადიანი რესურსი მოიძიონ, ეს ასევე საშუალებას მისცემს მათ ლარში გაზარდონ სასესხო პორტფელი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლარიზაციას და მომხმარებლებს დაიცავს სავალუტო რისკებისგან. მეორეს მხრივ, ეს თემა საინვესტიციო მიმზიდველობასაც ზრდის, რადგან ეროვნულ ვალუტაში ჩადებული ინვესტიციის სტაბილურობაზე და მომგებიანობაზე მიუთითებს.

- რამდენად იქნება ეს სტიმული დაკრედიტების გასაზრდელად საქართველოში?

— საქართველოში დაკრედიტებას სტიმული ნადვილად არ სჭირდება, ალბათ უფრო პირიქით, რადგან დღეს ჩემი აზრით ქვეყანაში ჭარბვალიანობაა. თუმცა აქ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ფაქტი ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების სტიმული გახდეს. თავად მომხმარებლებიც უნდა შეეგუონ იმას, რომ ლარში სესხის აღება ნაკლებად რისკიანია, (სავალუტო რისკებს ვგულისხმობ). ამასთან ერთად, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშსწორებაც და ფასწარმოქმნაც ქვეყანაში მთლიანად ეროვნულ ვალუტაში გადავიდეს. ეს უნდა დაიწყოს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე თავად მომხმარბელებმა უნდა მოითხოვონ სესხი ლარში. მართალია ჯერჯერობით საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში ცოტა ნაკლებია, ვიდრე ეროვნულ ვალუტაში, თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია იცვლება და თუნდაც ამ ობლიგაციების ლარში განთავსებამ ხელი უნდა შეუწყოს ლარში დაკრედიტების სტიმულირებას.

- ქართული ეროვნული ვალუტის გამოჩენა საერთაშორისო ბაზრებზე რამდენად დააინტერესებს ინვესტორებს?

— რა თქმა უნდა ეს ამ მხრივაც მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც ლარი საერთაშორისო ბაზრებზე ფიგურირებს, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ეს ვალუტა მომგებიანია, ხოლო მასში ინვესტირება სტაბილური. თავისთავად ამან უნდა გაზარდოს ინვესტორების დაინტერესებაც. ლარში ობლიგაციების თუ სხვა ფასიანი ქაღალდების საერთაშორის ბაზარზე გატანის რაც უფრო მეტი ფაქტი იქნება, მით უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება ინვესტიციების შემოდინება. ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ნატა პატარაია

მთავარი თემები