ემიგრანტის სიმღერებით შენიღბული ტკივილი და შვილების მონატრება

© FB / Nuki Cnobiladzeნუკი ცნობილაძე
ნუკი ცნობილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2022
გამოწერა

ნუკი ცნობილაძე საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. მოგეხსენებათ, დალხენილი ცხოვრების გამო შვილებს და ქვეყანას არავინ ტოვებს.

ქალბატონმა ნუკიმაც ყველა ემიგრანტის მსგავსად რთული და მძიმე გზა გაიარა. იყო პრობლემები, დაკარგული სახლი, შიმშილი, ცრემლი, მაგრამ ამ ყველაფერს გმირულად გაუმკლავდა.

ალბათ ჩვენთვის, საქართველოში დარჩენილი ადამიანებისთვის ყველაფერი შედარებით მარტივია… მათ ერთი საერთო სულიერი ტკივილი აერთიანებთ — ამ ტკივილს ემიგრანტობა ჰქვია. ვისაც არასდროს უტარებია ემიგრანტის მძიმე ჯვარი, მისთვის ძნელია, გულთან ახლოს მიიტანოს ეს უზარმაზარი ტვირთი.

© Nuki Cnobiladzeნუკი ცნობილაძე
ნუკი ცნობილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2022
ნუკი ცნობილაძე

– როდის წახვედით საქართველოდან და რამდენად რთული იყო ეს გადაწყვეტილება თქვენთვის?

– საქართველო 2007 წლის 23 სექტემბერს დავტოვე. ეს იყო ყველაზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია.

ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ამიტომ მომიხდა ბინის გაყიდვა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. საშინელ დღეში ჩავვარდი. უკვე აღარ ვიცოდი, ჩემი ორი შვილისთვის რა მეჭმია, სკოლაში რით გამეშვა. ხან ჩემი და მიგზავნიდა რაღაცეებს და ხანაც მეგობრები მეხმარებოდნენ.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ხშირად ღამე მშიერი შვილები სიმღერით დამიძინებია და არაფერი უთქვამთ, არ დაუწუწუნიათ, რომ გული არ მტკენოდა. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ მშივრები იყვნენ, მე ხომ ისედაც ძალიან მტკიოდა გული.

უფლის მადლობელი ვარ, რომ ასეთი კარგი შვილები მყავს. მათ გადამატანინეს ყველაფერი. მათ გამო ცხოვრებაში ყველაფერს შევძლებ, ყველა წინააღმდეგობას გავუმკლავდები. საბერძნეთში რომ წამოვედი, ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა და მათ იმედად დავტოვე 11 წლის გოგონაც. აი ასე გავხდი ემიგრანტი.

© Nuki Cnobiladzeნუკი ცნობილაძე
ნუკი ცნობილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2022
ნუკი ცნობილაძე

– მას შემდეგ შვილები არ გინახავთ?

– 4 წლის წინ ათენში საბუთების არქონის გამო დამიჭირეს. სამსახურში მივდიოდი და პოლიციამ ამიყვანა. 2 თვე და 3 დღე სადეპორტო ციხეში ვიყავი. ავიყვანე ადვოკატი. 5000 ევრო დამიჯდა, რომ გამოვსულიყავი საბუთით. პოლიტიკური თავშესაფარი მომცეს. ყოველ 3 თვეში ერთხელ პოლიციაში მივდიოდი და დარჩენის ვადას ვაგრძელებინებდი.

2016 წლის  23 აგვისტოს დამიბარეს და მითხრეს, რომ ერთ–ერთ განყოფილებაში ხელმეორედ უნდა მომხდარიყო ჩემი დაკითხვა. რა თქმა უნდა, გამოვცხადდი. ექვსი იურისტი მისვამდა კითხვებს. იქ თუ ყველაფერს სწორად არ უპასუხებ, თუ რაიმე ცდომილება გაიპარება, დეპორტაცია გარანტირებული გაქვს. ყველაფერი მოწმდება არქივში. ბოლოს მკითხეს, თუ აქ არ დაგტოვეთ და თქვენს ქვეყანაში დაგაბრუნეთ, რა მოხდება, მოგკლავენო? არა, რას ამბობთ, არავინ არ მომკლავს. უბრალოდ, ქვეყანას უჭირს, სიღატაკეა, არ არის სამსახურები და მე იქ შვილებთან ერთად ისევ შიმშილი მელოდება-მეთქი…

სამი თვის შემდეგ დამაკმაყოფილეს და ცხრა წლის მერე პირველად ჩამოვედი საქართველოში. მოვფრინავდი და ვფიქრობდი, რომ საქართველოში სიხარულით ხეს ვაკოცებდი, მიწაზე დავემხობოდი და იქიდან ვერავინ ამაწიწკნიდა. ძალიან მეტკინა გული, როცა საქართველო უფრო ღარიბი და მოწყენილი დამხვდა. ეხლაც მეტირება…

– სამაგიეროდ ყველაზე დიდი ბედნიერება განიცადეთ – ნახეთ შვილები. ბებიაც ხომ არ ხართ უკვე?

– კი, ორი შვილიშვილი მყავს: ცხრა წლის ლუკა და ხუთი თვის ბარბარე. ლუკამ,,კომპიუტერის ბებო“ შარშან გაიცნო. ბარბარეს აქედან ვეფერები.

– მთელმა საქართველომ გაგიცნოთ არაჩვეულებრივი სიმღერებით. წარმოიდგენდით, რომ თქვენი ატვირთული ვიდეოები სოციალურ ქსელში ასეთი პოპულარული იქნებოდა?

– მე არ ვარ პროფესიონალი მომღერალი. ქართველები მრავალმხრივი ნიჭით ვართ დაჯილდოებული. ყველას რაღაცის კეთება შეუძლია. მეც ასე, ჩემთვის ვღიღინებ. პირველი ვიდეო ბერძენ ბებიასთან ერთად გადავიღე. იმ დღეს ჩემი შვილის დაბადების დღე იყო, 21 წლის გახდა და აღვნიშნეთ მე და ბებომ. ნასვამი ვიყავი, ამას ვიდეოშიც ვამბობ. ამ სიმღერით მივულოცე ჩემს შვილს დაბადების დღე. სულ ეს იყო. თუ ამდენი ადამიანი ნახავდა და ასეთი პოპულარული გახდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

იმისთვის არ ვდებდი ამ ვიდეოებს, რომ გაპიარებულიყო.  თუკი შვილებს მძიმე პერიოდში, გაჭირვების დროს შიმშილის დასავიწყებლად ვუმღეროდი, ახლა, როცა უკეთესად ვართ, რატომ არ უნდა ვუმღერო? უხარიათ, როცა კარგ ხასიათზე ვარ და ვმღერი.

– თქვენს სიმღერებში ცოტა სევდა მაინც იგრძნობა.

– მინდა თუ არა, შვილების გამო მაგრად უნდა ვიდგე. ყველა ემიგრანტს ვუსურვებ იგივეს – გამძლეობასა და სულის მხნეობას. ჩვენ უნდა გავამხნევოთ ჩვენი შვილები, ოჯახები.

ყველაფერთან ერთად ამ სიმღერებით ჩემს მონატრებულ ხალხს ვეფერები. ახლა სადაც ვმუშაობ, ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახია. დღის უმეტესი ნაწილი სამზარეულოში მიწევს ყოფნა და საქმიანობა. როცა შვილები, შვილიშვილები, ახლობლები მაგიდას შემოუსხდებიან და ჟრიამული იწყება, ამ დროს უკვე მკვდარივით დაღლილი ვარ ხოლმე.  მინდა, უცებ სადმე ისეთ ადგილას გავიქცე, რომ მთელი ხმით ვიღრიალო და დავიცალო…

– ერთი შეხედვით, მხიარული, უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. როგორ ახერხებთ ამხელა სევდისა და დარდის ასე შენიღბვას?

– მეტი გზა არ მაქვს. მე დედა ვარ და ეს ჩემი ვალია. მე თუ ძლიერი არ ვიქნები, ისევ დამეჩაგრებიან შვილები.  ხომ გითხარით, შიმშილის დროს შვილებს ვიხუტებდი და ვმღეროდი-მეთქი და ახლა ვიტირო? არა, ახლა უფრო მაგრად უნდა ვიდგე. პრობლემებმა, ტკივილით, დარდით სავსე დღეებმა უკვე ჩაიარა. უკვე  საბუთი მაქვს და შეძლებისდაგვარად ჩამოვალ და ვნახავ ხოლმე შვილებსა და შვილიშვილებს. შესაძლოა ყოველთვის არ იყოს ამის საშუალება, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვალ. ჩემთვის ესეც დიდი ბედნიერებაა.

– ბერძენი ბებო ერთ-ერთი გმირია თქვენი ვიდეოებისა. მოსწონს თქვენი სიმღერები? არ ასწავლეთ ქართული სიმღერები?

– ახლა იმ ბებოსთან აღარ ვმუშაობ. შვილი უმუშევარი დაურჩა და ვეღარ ინახავდა დამხმარეს. უსაყვარლესი მოხუცი იყო. როცა მოწყენილს მხედავდა, მოვიდოდა, მომეფერებოდა და მეტყოდა, ნუკი, არ გინდა „სულიკო“ ვიმღეროთო? მიდევს ის ვიდეოც, სადაც სულიკოს ერთად ვმღერით.

– რაზე ოცნებობთ?

– მინდა ჩემი გოგონა ჩამოვიყვანო საბერძნეთში. იმედია, ამ ზაფხულს აქ მეყოლება. მერე ერთად შევაგროვებთ ბინის ფულს და ერთ პატარა ბინას ვიყიდით. აი, მაშინ კი დავბრუნდები საქართველოში. უკვე დროც იქნება, დავტოვო საბერძნეთი. ამაზე მეტი საფიქრალი აღარაფერი მაქვს.

ყველა ახალი ამბავი
0