მიხეილ გიორგაძე: ჩვენი კულტურა პირველ რიგში ჩვენვე უნდა დავაფასოთ

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული კულტურის უნიკალურობა აღნიშნა. გიორგაძის განცხადებით, ქართულ კულტურას დაფასება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.

იმაზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია უნიკალურ ქართულ კულტურას ქვეყნის ეკონომიკისთვის, „Sputnik–საქართველოსთან“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საუბრობს.

— როგორ უნდა გახდეს კულტურა უფრო გამოყენებითი და როგორ უნდა შეიქმნას ამ სფეროში სამუშაო ადგილები?   

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
პროექტი Check in Georgia: გაგრძელება იქნება

— კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაა. ეს გახლავთ სწორედ ის სფერო, სადაც არა მხოლოდ კულტურის ინტელექტუალურ, ესთეტიკურ ან სულიერ სარგებელზე შეიძლება საუბარი, არამედ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულმა ადამიანებმა კონკრეტული ფინანსური სარგებელი მიიღონ, ხოლო განვითარების შემთხვევაში ამ სფეროში სხვა ადამიანებიც დაასაქმონ. შემოქმედებითი ინდუსტრიები საკმაოდ ფართო მცნებაა, მოიცავს ძალიან ბევრ დარგს, დაწყებული კარგად ცნობილი ხალხური ტრადიციული ხელოვნებით, რეწვით და დამთავრებული არქიტექტურით, რეკლამითა და დიზაინით. სამინისტრო ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უკვე შემუშავებულია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკრეტული გეგმა. 

— რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ კულტურული ობიექტები ტურისტებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს?  

— იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის წევრი გახდა, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი მარშრუტები წარვადგინოთ ევროსაბჭოში. ეს კი უზრუნველყოფს ძალიან დიდ რეკლამას საერთაშორისო დონეზე, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწორედ ტურისტების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. აქ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზეც. ამიტომ რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროში ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც რეგიონებიდან გუბერნატორები, მუნიციპალიტეტების და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები იყვნენ მოწვეული. ჩვენ გავაცანით მათ კულტურული მარშრუტების პროგრამა და ვცადეთ აგვეხსნა ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს როგორც უკვე არსებულ საერთაშორისო კულტურულ მარშრუტებში ჩართვის თვალსაზრისით, ასევე, კონკრეტული რეგიონის კულტურული სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავე დროს ჩვენთვის საერთაშორისო ტურიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული მარშრუტების ეროვნულ დონეზე პოპულარიზაცია და ჩვენი საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 

— რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული კულტურა უცხოელი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით?  

ევროკავშირის პროგრამის „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ევროკავშირის პროგრამის „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია თბილისში

— არა მხოლოდ ქართველები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ქართული კულტურა არის უაღრესად თვითმყოფადი, უნიკალური, გარკვეულწილად, და ამიტომ ის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მაგრამ საერთაშორისო არენზე ცნობადობის ამაღლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვეყნის შიგნით ჩვენვე დავაფასოთ რაც გვაქვს, მოვუაროთ, განვავითაროთ და, პირველ რიგში, ჩვენვე გავეცნოთ და შვილებს გავაცნოთ. მაგალითად, თქვენ იცით, რომ სწორედ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ძალიან დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მუცოში. როცა პირველად დავბრუნდი მუცოდან, ჩემს ოჯახს ვუთხარი, მშობლებს ჩემთვის ეს ადგილი ბავშვობაში რომ ეჩვენებინათ, ბევრად უკეთეს ადამიანად ჩამოვყალიბდებოდი–მეთქი.  

— უცხოეთში მდებარე ქართული კულტურის ძეგლებზე რას იტყვით? რამდენად აქცევს ყურადღებას მათ საქართველოს კულტურის სამინისტრო? 

— ესეც ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის. ორმხრივი შეხვედრების დროს შესაბამისი ქვეყნების სამინისტროებთან და კოლეგებთან ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვმსჯელობთ, დაწყებული ინვენტარიზაციით, დამთავრებული იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რათა დაცული ან რეაბილიტირებული იყოს ესა თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან ერთად ასევე შევიმუშავეთ საზღვარგარეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ საზოგადოებას. 

ყველა ახალი ამბავი
0