„წერილები თოვლის პაპას" და სახლიდან გატანილი ტელევიზორი

© FB/ Maurice Wolfთოვლის ბაბუა
თოვლის ბაბუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართალია, XXI საუკუნეა, ინტერნეტისა და ტექნიკური საოცრებების ეპოქა, მაგრამ ახალი წლის დღეებში ბავშვები თოვლის ბაბუასა და ლაპლანდიიდან ჩამოსულ სანტა-კლაუსს ისევ ჯიუტად ითხოვენ... არც გაემტყუნებათ, სრული კონსტიტუციური უფლება აქვთ, ახალ წელს მაინც სჯეროდეთ სასწაულების.

ეს ამბავი ბათუმელ „თოვლის ბებოს“ კარგად მოეხსენება, რადგან ის უკვე მესამე წელია ბავშვებისგან თოვლის ბაბუასთვის გადასაცემ წერილებს იღებს და მათ რეალურად უსრულებს სურვილებს…  

თუ უფრო კონკრეტული ვიქნებით და ნათქვამს უფროსების ენაზე ვთარგმნით, საქმე ასეა: ბათუმში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქნის“ დირექტორი თიკა აბაშიძე სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს თოვლის პაპისთვის გასაგზავნ წერილებს აწერინებს. მიუხედავად იმისა, რომ მის ორგანიზაციას საკუთარი ფინანსები არ გააჩნია, მის არქივში უკვე ბევრი ასეთი წერილი და, რაც მთავარია, ასრულებული სურვილია. „თოვლის ბებოს“ ტიტული კი მას ადრე ოფიციალურად მიანიჭეს…

 

– თიკა, დიდი ხანია, რაც თოვლის ბაბუისთვის გადასაცემ წერილებს იღებთ?

— უკვე მესამე წელია, რაც ეს ხდება. ჩვენი ისტორია ასეთია: შარშან, საახალწლოდ 79 ბავშვის სურვილი ავასრულეთ, ახლა 150 ბავშვი გვყავს. ისე, რომ ერთი ლარიც არ შემოსულა ჩვენ ანგარიშზე, მაინც ყველა სურვილი შევასრულე. ჩემ ახლობლებთან სახლში ან სამსახურში მივდიოდი და ვეუბნებოდი: შენ უნდა იყო კონკრეტულად ამ ბავშვის თოვლის ბაბუა-მეთქი. ამ საქმისთვის მეგობრებს იმის მიხედვით ვარჩევდი, ვის რა შესაძლებლობა ჰქონდა. ჰოდა, თითოეულ ბავშვზე, გამოდის, რომ თითო თოვლის ბაბუა იყო „მიმაგრებული“. თავიდან ეს საქმე დავიწყე ორგანიზაციასთან ერთად, რომელსაც ჰქვია „საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის“. მისი დამფუძნებლები არიან თინათინ მაღალაშვილი და თამთა დემურიშვილი. მაშინ 30 ბავშვს ავუსრულეთ სურვილები…

– ხომ არ გახსენდებათ შემთხვევა, რომ ამ სამი წლის მანძილზე ვინმე საჩუქრის გარეშე დარჩა?

— ერთი ამბავი მახსენდება: ერთი გოგონა, ნინი დიასამიძე იყო თოვლის ბაბუის გარეშე დარჩენილი. მას წერილში ეწერა, რომ უნდოდა პულტიანი ტელევიზორი, რომელიც ცხოვრებაში არ უნახავს, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ბათუმის ტელევიზიითა და რადიოთი, მაგრამ ტელევიზორი არსად ჩანდა… მახსოვს, საჩუქრების დარიგების ბოლო დღე იყო. მე მყავს სამი ქალიშვილი და ჩემს ბავშვებს ვუთხარი, ჩვენ არ გვაქვს იმის კომპლექსი, რომ არ გვქონდეს ტელევიზორი და, მოდი, ამ გოგოს ჩვენი ტელევიზორი ვაჩუქოთ-მეთქი. ჰოდა, სახლიდან მოვხსენით ტელევიზორი და დღემდე ტელევიზორის გარეშე ვართ… მათი ასეთი ქცევა მიხარია, რადგან ეს იყო ერთგვარი ჟესტი – ჩემი შვილების თანადგომა ჩემი საქმის მიმართ… გოგოები, მართალია, პატარები არიან, მაგრამ ვთვლი, იმდენად სწორად იზრდებიან, რომ ზუსტად იციან, თუ კონკრეტულ ადამიანს რაიმეს ვაძლევთ და ჩვენ ვიკლებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანს ეს ჩვენზე მეტად სჭირდება.

– თიკა, მე ვიცი, რომ თოვლის ბაბუასადმი თქვენი შვილის მიწერილი თხოვნის შესახებ სამეგრელოში ყველამ შეიტყო…

— დიახ, საერთოდ „თოვლის პაპას წერილებს“ სხვა ისტორიაც აქვს. როცა სამეგრელოში ვცხოვრობდით, მაშინაც ქველმოქმედებას ვეწეოდი. ჩემი მეორეკლასელი შვილის პედაგოგმა ჩემი შვილის წერილი საიტზე ატვირთა. ეს იყო საოცრება, რომ ბავშვმა მაშინ ასეთი რამ დაწერა: „თოვლის ბაბუა, მე არაფერი მინდა, ოღონდ იმ ბავშვებს, სადაც დედას დავყავარ, გთხოვ, საჩუქრები მოუტანო“ და მაშინ გამოგვეხმაურა ეს ორგანიზაცია და ჩვენი ურთიერთობაც აქედან დაიწყო. იმის მერე სურვილები ბევრ ბავშვს ავუსრულეთ…

– როგორია თქვენი, როგორც კეთილი ფერიის საახალწლო სურვილები?

— თქვენ იცით, რომ ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ სახელდახელოდ აგებულ ქოხებში სოციალური, ეკოლოგიური, შრომითი მიგრანტები ცხოვრობენ. ისინი იქ უშუქოდ, უწყლოდ და ყველაფრის გარეშე ცხოვრობენ. ყველაზე მეტად მინდა, რომ სწორედ „ოცნების ქალაქში“ მყოფ ბავშვებს აუსრულდეთ ოცნება… ხოლო ჩემი საახალწლო სურვილი-რჩევა დიდებისთვის ასეთი იქნება: ნუ დასჯით თქვენს შვილებს, არ შეიძლება პატარებს ისე გაუწყრეთ როგორც დიდებს. მათ ხომ თოვლის ბაბუისა და სასწაულების სერიოზულად სჯერათ და ყოველ ახალ წელსაც იმედიანად ხვდებიან…

 

ყველა ახალი ამბავი
0