00:17 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები

ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარები „ბებოსიასგან“

© FB/BEBOSIA
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)
146840

ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც სიხარულთან, სასიამოვნო მოლოდინთან და ემოციებთან ასოცირდება. ახალი წლისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება, ცდილობს მისი ნაძვის ხე განსაკუთრებულად ლამაზი და განსხვავებული იყოს.

 

ნელი ოშაყმაშვილი 80 წლის ბებოა, რომელიც  შვილიშვილთან, თაკო ბაქრაძესთან ერთად, ნაძვის ხის სათამაშოებს თავად ამზადებს. ირმები, ვარსკვლავები, ზანზალაკები, მტრედები, ანგელოზები — ეს ის მცირე ჩამონათვალია,  რომელსაც ბებია და შვილიშვილი ერთად ქმნიან.  და ასე შეიქმნა გვერდი — „ბებოსია“.

- რამდენი ხანია რაც საახალწლო სათმაშოებს ამზადებთ? 

— საახალწლო სათამაშოებს უკვე მესამე წელია ვაკეთებ. თუმცა, ორი წელია, რაც ამ საქმეში ბებოც ჩაერთო. 

საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები
საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები

- როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ საახალწლო სათამაშოები?

— 3 წლის წინ, მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიურ სკოლაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ვმუშაობდით 2 თვის განმავლობაში და მათ ვასწავლიდით სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. ამ ნივთების ძირითადი ნაწილი საახალწლო თემატიკის იყო, რადგან ახალი წელი გვიახლოვდებოდა და ვგეგმავდით საახალწლო გამოფენას. გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ბავშვებთან მუშაობა და მათთან ერთად სწავლების ახალი მეთოდების შემუშავება ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

- რატომ სახელი „ბებოსია“?

— გამოფენიდან ერთი წლის შემდეგ, წინა წლის გამოცდილებით, ჩემი მეგობრებისთვის საჩუქრებად დავამზადე ნაძვის ხის სათამაშოები, სათამაშოები იმდენად მოეწონათ, ერთ-ერთმა მათგანმა „ფეისბუქის“ გვერდი გააკეთა, სადაც ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრები ატვირთა. ჩემთვის მოულოდნელად, გვერდს ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, ერთ კვირაში 2000-მდე მოწონება ჰქონდა. უკვე არა მარტო მეგობრები და და მათი ახლობლები მთხოვდნენ სათამაშოების გაკეთებას, არამედ სრულიად უცნობი ადამიანებიც. ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა და თან გამახარა. მაშინ საქმეში უკვე ბებიაჩემიც ჩაერთო და გადავწყვიტეთ ნამუშევრების რაოდენობა გაგვეზარდა. ბებოს პენსიით ვიყიდეთ ხის მასალა, გამოვჭერით სხვადასხვა ხის ფიგურა და დავიწყეთ მათი მოხატვა. ბებიაჩემი ხატვით გატაცებული არასდროს ყოფილა, თუმცა, არაჩვეულებრივად ეხერხება ხელსაქმე — ქსოვს, ქარგავს, კერავს და მოკლედ ოქროს ხელები აქვს. თავიდან ცოტა შეშინებული მუშაობდა. ყველაფერზე — ფერების შეხამებასთან და შესრულების ტექნიკასთან დაკავშირებით — აზრს მეკითხებოდა, მაგრამ მალე აუღო ალღო და თანდათან ისე დახელოვნდა, სანამ მე სამსახურიდან დავბრუნდებოდი, უკვე დამოუკიდებლად შესრულებულ საკმაოდ დიდი რაოდენობას ნამუშევრების მახვედრებდა. ყოველივე ამაში მისი წვლილი იმდენად დიდი იყო, რომ უხერხულიც იქნებოდა ჩვენი ბრენდისთვის „თაკოსია“ დაგვერქმია, იმიტომ რომ ეს სათამაშოები ბებოსი უფროა, ვიდრე ჩემი. აქედან გამომდინარე, სახელზე ბევრი აღარ მიფიქრია და დავარქვი „ბებოსია“. 

ნელი ოშაყმაშვილი 80 წლის ბებოა, რომელიც  შვილიშვილთან, თაკო ბაქრაძესთან ერთად, ნაძვის ხის სათამაშოებს თავად ამზადებს.
ნელი ოშაყმაშვილი 80 წლის ბებოა, რომელიც შვილიშვილთან, თაკო ბაქრაძესთან ერთად, ნაძვის ხის სათამაშოებს თავად ამზადებს.

- პირველი სათამაშო… 

— პირველი სათამაშო იყო ნაძვის ხე. ბებომ ფერადი ფლომასტერებით გააფერადა და მე თეთრი წინწკლები დავახატე, თოვლის ფიფქებივით. ეს ნაძვის ხე ახლა ჩვენი ლოგოა. რადგან პროფესიით მხატვარი ვარ, სათამაშოების მოხატვა არ გამჭირვებია, თუმცა, ხეზე ხატვას ოდნავ განსხვავებული სპეციფიკა აქვს. შემდეგ მოხატულ სათამაშოებს ზემოდან დეკორატიულ გაფორმებას ვუკეთებთ, საკიდზე იარლიყს ვამაგრებთ და იმ ადამიანების ვუგზავნით, ვისაც სურთ თავიანთ ნაძვის ხეებზე განსხვავებული და ორიგინალური სათამაშოები ჰქონდეთ. 

საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები
საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები

- ამ სასიამოვნო სათამაშოების შექმნაში მარტო თქვენ და ბებო ხართი ჩართული თუ სხვა ადამიანებიც?  

— წელს, რადგან მოთხოვნა გაიზარდა ჩვენ სათამაშოებზე, ჩემი მეგობარი გვეხმარება ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში, რასაც მე და ბებო მარტოები ვერ მოვახერხებდით. ერთი სათამაშოს მოხატვა არც თუ ისე რთულია, თუმცა, როცა დიდი რაოდენობის სათამაშოებზეა საუბარი, დამეთანხმებით, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ზომის, ფორმის, დამზადების თვალსაზრისით ყველა სათამაშო განსხვავებულია და შესაბამისად, დროც განსხვავებული სჭირდება.

- რა ღირს თქვენი ხელნაკეთი სათამაშოები?

— ჩვენი სათამაშოების ფასი 4-დან 15 ლარამდეა. წინა წლებთან შედარებით, წელს მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რაც ბებოს განსაკუთრებულად ახარებს. 

საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები
საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები

- თქვენს მიერ დამზადებული ყველაზე პოპულარული სათამაშო რომელია?

— ყველაზე პოპულარული სათამაშო ანგელოზია. ბებიაჩემმა ბედის ანგელოზი დაარქვა და გასათხოვარ გოგონებს გათხოვებას უსურვებს ხოლმე.

- მომავალში ხომ არ გეგმავთ  სახელოსნო-მაღაზიის გახსნას?

— მომავალ წელს დიდი იმედი გვაქვს რომ მაღაზია-სახელოსნოც გვექნება.

- სათამაშოებს სახლებს თუ არქმევთ?

— სათამაშოებისთვის სახელების დარქმევით უფრო ბებოა დაკავებული. ასე თუ გააგრძელა, მგონი მალე საქართველოში დემოგრაფიული პრობლემებიც აღმოიფხვრება. 

საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები
საახალწლო ხელნაკეთი სათამაშოები

- გამორჩეული სათამაშო, რომელსაც ვერ შეელევით… 

— განსაკუთრებით საყვარელი ხუთი სათამაშო გვაქვს ასეთი, რომელიც სულ თავიდან ჩვენი სახლის ნაძვის ხისთვის დავამზადე და მათ ვერასდროს შეველევით, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ  ბევრი უფრო ლამაზი და კარგი სათამაშო გავაკეთეთ.

- საახალწლო რჩევები მკითხველს, როგორ და რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე?

— ყველას ვურჩევ ნაძვის ხე  „ბებოსიას“ სათამაშოებით მორთონ, რაც თქვენ ნაძვის ხეს ნამდვილად დაამშვენებს და განსაკუთრებულს გახდის. წელს წითელი მამლის წელი მოდის, ამიტომ უმჯობესია თუ მოსართავად წითელი და ოქროსფერ ფერებს გამოიყენებთ. 

ნინი რაზმაძე

 

 

 

თემები:
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)

მთავარი თემები