22:52 23 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
ეიფელის ხიდი

ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთზე განახლებული „კუკუშკა“ ივლის

© FB/ Georgian Railway
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
34840

ვისაც ბორჯომის ხეობაში, ცემში, წაღვერში, ბაკურიანში ოდესმე დაუსვენია, მისთვის უცხო არ იქნება ისეთი საყვარელი და განსაკუთრებული ტრანსპორტი, როგორიც ბორჯომი-ბაკურიანის მარშრუტით მოძრავი „კუკუშკა“ მატარებელია და რომელიც ბორჯომის ხეობის სიმბოლოა. საუკუნეზე მეტია, რაც ის სიხარულს ანიჭებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრებს.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც 1902 წელს ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი რუსული ორთქლმავლის მეტსახელი „კუკუშკა“ შემორჩა. ხაზი დღემდე ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და კურორტის დამსვენებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს.

ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და, რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით „ბორჯომი-ბაკურიანი“ პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა.

კუკუშკა მატარებელი
"კუკუშკა" მატარებელი

სოფელ ცემთან მატარებელს ხიდზე უწევს გადასვლა. ეს რკინის ხიდი ლეგენდარული კონსტრუქციაა, რომელიც ეიფელის კოშკის ავტორმა ალექსანდრ გუსტავ ეიფელმა დაამზადა. მაშინ უკვე ცნობილი კონსტრუქტორისთვის ხიდი მიხეილ რომანოვს შეუკვეთია საფრანგეთში, დამონტაჟებით კი ბესარიონ ქებურიას დაუმონტაჟებია.

„საქართველოს რკინიგზა მუშაობს, რომ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს“, — განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

მისი თქმით, სულ ახლახან „კუკუშკა“ მატარებელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, განახლდა და უკვე მალე მოემსახურება მგზავრებს.

დაჩი ცაგურია
დაჩი ცაგურია

— დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი ყველას გაუხარდება. ვულოცავ სრულიად საქართველოს. გარემონტდა ჩვენი ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი, ეგრეთ წოდებული კუკუშკა. ოთხ ვაგონს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ეს არის ორი სამატარებლო შემადგენლობა, ანუ მატარებლები ორვაგონიანი შემადგენლობით მოძრაობენ.

— რამდენ ადამიანზეა მატარებელი გათვლილი?

— თითო ვაგონი გათვლილია 23 კაცზე. მაქსიმალურად ვეცადეთ, მატარებლისთვის პირვანდელი სახე შეგვენარჩუნებინა. მის რემონტზე დაახლოებით 290 ათასი დოლარი დაიხარჯა. თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში ჩაუტარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. ასე რომ, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, განახლებული, სუფთა, სასიამოვნო მატარებლით იმგზავრონ ბორჯომი-ბაკურიანის ულამაზეს მონაკვეთზე.

— როდიდან მოემსახურება „კუკუშკა“ მგზავრებს?

— „კუკუშკა“ 25 დეკემბერს, კვირას შეასრულებს პირველ რეისს, რომელზეც ყველას გეპატიჟებით.

მთავარი თემები