„ალტერსოქსი“ ანუ ალტერნატიული წინდები ხინკლებითა და ფიროსმანის „მებადურით“

გამოწერა
წინდებზე გადატანილი ყველაზე ტრენდული და პოპულარული თემები სხვადასხვა სფეროდან: მუსიკა, კინო, მხატვრობა, წიგნები, ქართული თემატიკა, სასმელი, საჭმელი და ა.შ. ეს „ალტერსოქსია“. ნინა მენთეშაშვილი ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლიც ბრენდის შესახებ გვიამბობს.

ნინი რაზმაძე

— რამდენი ხანია რაც „ალტერსოქსი“ არსებობს?

— ალტერსოქსი დაახლოებით 8 თვის წინ, 2016 წლის მარტის ბოლოს დავაარსეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რეზი ბესელაშვილმა.

© FB/AlterSocks • ალტერსოქსინინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი — „ალტერსოქსის“ იდეის ავტორები და დამფუძნებლები
ნინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი — „ალტერსოქსის“ იდეის ავტორები და დამფუძნებლები - Sputnik საქართველო
ნინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი — „ალტერსოქსის“ იდეის ავტორები და დამფუძნებლები

— როგორ დაიწყეთ თავიდან, სირთულეები ხომ არ შეგხვდათ?

— კი, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გზაზე. რთულია, როცა საკუთარ ბიზნესს მცირე ბიუჯეტით და მცირე გამოცდილებით იწყებ.  ამ დროს საქართველოში კარგი პარტნიორისა და მომწოდებლების მოძიებაც არ არის იოლი. თუმცა, ყველა სირთულის მიუხედავად, ვცდილობთ განვითარებას. უკვე ოთხი ფილიალი გვაქვს თბილისის ყველაზე აქტიურ და პოპულარულ სავაჭრო ცენტრებში და წინასაახალწლოდ რიგით მეოთხე კოლექციასაც წარვუდგენთ მომხმარებელს.

— „ალტერსოქსამდე“ თუ გქონდათ სხვა იდეები? თუ ასეა, მაინცდამაინც მასზე რატომ შეჩერდით?

— მე და რეზიმ ბიზნესის დაწყებამდე საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ, ავწონ-დავწონეთ თითოეული ბიზნესიდეის პლუსები, მინუსები, განვითარების პერსპექტივები და ამ ბევრი იდეიდან საბოლოოდ „ალტერსოქსის“ იდეა ვარჩიეთ, ვინაიდან ეს საქმე პერსპექტიულობასთან ერთად შემოქმედებითი კუთხითაც ძალიან საინტერესო მოგვეჩვენა.

— საერთოდა როგორ გაგიჩნდათ იდეა, „მოგეხატათ“  წინდები?

— ორივეს გვსურდა, ისეთი ბიზნესი წამოგვეწყო, რომელიც თან სიახლეს შემოიტანდა ქართულ ბაზარზე და თან ჩვენთვისაც — როგორც შემოქმედებითად, ისე მარკეტინგულად — საინტერესო და სახალისო საქმე იქნებოდა. აი, ასე გაჩნდა ნახატებიანი წინდების ბრენდის შექმნის იდეა.

— რატომ სახელწოდება „ალტერსოქსი?“

— „ალტერსოქსი” ნიშნავს ალტერნატიულ წინდებს ანუ ყოველდღიური, მოსაწყენი წინდების მხიარულ და ფერად ალტერნატივას.

— პირველ წინდაზე რა დახატეთ?

— პირველი წინდა —  ეს იყო ფიროსმანის „მებადურის“ მიხედვით შექმნილი მოდელი, რომელიც მოგვიანებით კიდევ მეტად დავხვეწეთ და ახლა უკვე იყიდება ჩვენს ქსელში სხვა წინდებთან ერთად.

— რის მიხედვით არჩევთ ნახატებს?

— ვცდილობთ წინდებზე გადავიტანოთ ყველაზე ტრენდული და პოპულარული თემები სხვადასხვა სფეროდან: მუსიკა, კინო, მხატვრობა, წიგნები, ქართული თემატიკა, სასმელი, საჭმელი, საახალწლო თემატიკა და ა.შ.

— ყველაზე პოპულარული წინდა რომელია?

— ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია ხინკლებიანი წინდა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველებში, ისე უცხოელ ტურისტებში. ასევე ძალიან პოპულარულია წინდები მხატვრების ნამუშევრების გამოსახულებით, პლანეტებიანი წინდა, ჩოხა-წინდა, პატარა უფლისწულის წინდა და ა.შ.

— ხალხი რას გეუბნებათ, მოწონთ თქვენი ნამუშევრები?

— ჩვენმა წინდებმა „ალტერსოქსის“ გახსნის დღიდან ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. კლიენტებისგან ყოველდღურად ვგრძნობთ ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებასა და ინტერესს ჩვენი პროდუქციის მიმართ, რაც უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, რომ ვიშრომოთ და უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ.

— ვინ ქმნის წინდების დიზაინს? 

— მხოლოდ მე და რეზი.

— რა ღირს ერთი წინდა?

— ფასები მერყეობს 5 ლარიდან 8.50 ლარამდე. სამი ან მეტი წყვილის შეძენისას მოქმედებს ფასდაკლება. გეტრები კი 12 ლარი ღირს.

— სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლოდ ვგეგმავთ თბილისში კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნას. დიდი სურვილი გვაქვს, „ალტერსოქსი“ მომავალი წლიდან საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იყიდებოდეს.

— საზღვარგარეთაც ხომ არ აპირებთ პროდუქციის გატანას?

— „ალტერსოქსის“ წინდები, მცირე რაოდენობით, მაგრამ უკვე იყიდება  აშშ-ში, თუმცა ვფიქრობთ, მომავალი წლიდან უფრო ფართოდ გავიტანთ უცხოეთის ქვეყნებში. 






ყველა ახალი ამბავი
0