მინსკში ქართველმა მოციგურავეებმა წარმატებას მიაღწიეს

გამოწერა
ფიგურული სრიალი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა, რომლის პოპულარობაც დღითიდღე იზრდება. ქართველმა მოციგურავეებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებებს მიაღწიეს, რის შესახებაც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი გვესაუბრება.

ფიგურული სრიალი ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლო სპორტის სახეობაა, განსაკუთრებით, სასუნთქი გზების პრობლემების მქონეთათვის. ექიმები ფილტვებისა და ბრონქების დაავადების შემთხვევაში მოზარდებს ყინულის მოედანზე ვარჯიშს ურჩევს. ვარჯიშის დროს ბავშვები პარალელურად გადიან ქორეოგრაფიას, აკრობატიკას. ასე რომ, მოზარდისთვის ეს სპორტი ძალზე სასარგებლო და სასურველია. რაც შეეხება პროფესიონალურ სპორტს, აქ ბავშვების გადარჩევა ეტაპობრივად ხდება. ის ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან, სპორტულ ჯგუფებში გადადიან. 

© Photo: Courtesy of Maka-Mariam Giorgobianiმარიამ გიორგობიანი
მარიამ გიორგობიანი - Sputnik საქართველო
მარიამ გიორგობიანი

– რომელი ასაკიდან არის სასურველი ბავშვის ფიგურულ სრიალზე მიყვანა?

— სასურველია ბავშვმა სპორტის ამ სახეობაში ოთხი წლიდან დაიწყოს ვარჯიში.

– თუ არსებობს ბავშვების კატეგორია, ვისთვისაც აკრძალულია ეს სპორტი?

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობას. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა — არ უნდა იყოს ხერხემლის პრობლემები, სხვა შეზღუდვები არ გვაქვს.

— საქართველოში რამდენად პოპულარულია ფიგურული სრიალი?

— დღეს ფიგურული სრიალი ძალზე აქტუალურია. საკმაოდ ბევრი ბავშვი გვყავს. იმდენად დიდია მოთხოვნაა, რომ, საწუხაროდ, ზოგჯერ უარის თქმა გვიწვევს ბავშვებისთვის. ამ სახეობის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. 

— თბილისში სად არის სპეციალური მოედნები?

— თბილისში ერთი მოედანი ფუნქციონირებს სპორტის სასახლესთან. ჩვენი სპორტული ბაზა კი ბათუმში სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრია. ქუთაისშიც ფუნქციონირებს ყინულის მოედანი. 

– სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა მოციგურავეებმა მინსკში საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს…

— დიახ, საკმაოდ სერიოზული ტურნირი იყო ბელარუსიაში. შეჯიბრში მონაწილეობა 24 ქვეყნის 156-მა მოციგურავემ მიიღო. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის, იუნიორთა და სენიორთა კატეგორიაში ჩატარდა. ჩვენმა მოციგურავეებმა ტურნირში საპრიზო ადგილები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს. ჩვენი ხუთი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. სენიორების კატეგორიაში ასპარეზობდნენ ირაკლი მაისურაძე (ვაჟები), ტატიანა კოზმავა და ალექსეი შუმსკი (სპორტული ცეკვები), იუნიორთა კატეგორიაში – ნიკა ეგაძე (ვაჟები) და ანადეა გულბიანი-შმიდტი (გოგონები). ნიკა ეგაძემ დაიკავა მესამე ადგილი და მოიპოვა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელი ქულები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი მაისურაძემ იასპარეზა სენიორთა კატეგორიაში და დაიკავა მეორე ადგილი, შესაბამისად, მოიპოვა ვერცხლის მედალი. მის მიერ მოპოვებული ქულები საკმარისზე მეტი აღმოჩნდა არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიო ჩემპიონატებზე სენიორთა შორის მონაწილეობის მისაღებად.

ასევე წარმატებით იასპარეზა მოცეკვავეთა წყვილმა ტატიანა კოზმავამ და ალექსეი შუმსკიმ. მათთვის აუცილებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ქულების დაგროვება და მათ ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს. 

– საქართველოში ფიგურული სრიალი რამდენად პერსპექტიული სპორტია? 

— გამომდინარე იქიდან, რომ შედეგები არსებობს, პერსპექტიული ნამდვილად არის. ძალიან ბევრი ბავშვია დაკავებული სპორტის ამ ულამაზესი სახეობით, პერსპექტივა და იმედი ნამდვილად გვაქვსა, რადგან ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე ბევრ წარმატებას აღწევენ.

ყველა ახალი ამბავი
0