15:14 26 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: საქართველომ ამერიკის მიმართ ადრე აღებული კურსი არ უნდა შეცვალოს

© Sputnik/ Александр Имедашвили
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
7720

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი, რიგით 45-ე პრეზიდენტი ჰყავს. პოსტი მომდევნო ვადით რესპულიკური პარტიის წარმომადგენელმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა დაიკავა. რას უქადის მსოფლიო პოლიტიკას ეს ცვლილება, როგორ აისახება იგი საქართველოზე. Sputnik-ის კორესპონდენტს ესაუბრება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.

– ბატონო გიორგი, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. როგორ გესახებათ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთან თანამშრომლობა და რა სიახლეებს ელოდებით?

— არის ასეთი მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ქართულ–ამერიკული ურთიერთობების ინტენსივობა იქნება დაბალი. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი მსგავსი მოსაზრების მიმართ, რადგან აქ არ არის საუბარი პიროვნულ ურთიერთობებზე. არსებობს აშშ-ის ხელისუფლების პრაგმატიზმი, რომელიც ნებისმიერი პრეზიდენტის არჩევისას არ იცვლება, რესპუბლიკელი იქნება ის თუ დემოკრატი. არსებობს ამერიკის პერმანენტული ინტერესები რეგიონებში, მათ შორის — სამხრეთ კავკასიაში, სადაც იკვეთება ირანის, თურქეთის და რუსეთის არანაკლები ინტერესები.

სწორედ ამ რეგიონულ სივრცეში საქართველო მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი თავისი სატრანზიტო შესაძლებლობებით. ახალ პირობებში ამ ფაქტორმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. აქედან გამომდინარე, ამერიკა გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოსთან მეგობრული თანამშრომლობა. ჩვენი რესურსები არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა თავად განაპირობებდეს რეგიონში დამოკიდებულებებს დიდი ქვეყნების მიმართ. ამიტომ გვჭირდება მოკავშირე ამერიკისა და ევროკავშირის სახით, რომ ანგარიშგასაწევ პარტნიორად ვიქცეთ. 2013 წელს ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა არჩევანი ევროპული ღირებულებების სასარგებლოდ და მას შემდეგ ჩვენი ხელისუფლება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას — მჭიდრო თანამშრომლობა ევროპა-ამერიკასთან და ფრთხილი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში — მცირე ფორმატის მოლაპარაკებების და ეკონომიკური თანამშრომლობის სახით, რათა არ დაიკარგოს ურთიერთობის ძაფები და მომავალში შევძლოთ მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ, ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ დიდი ქვეყნების ინტერესები თანხვედრაში იყოს ჩვენ ინტერესებთან. საქართველომ არ უნდა შეცვალოს ადრე აღებული კურსი, რომელსაც მხარს უჭერდნენ ვაშინგტონი და ბრიუსელი და მაქსიმალურად დაიცვას ქვეყანა საფრთხეებისგან. ამ შემთხვევაში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა იმავე ფორმატში გაგრძელდება და არანაირი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.

– რამდენად მოსალოდნელია, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ფაქტორმა მსოფლიო პოლიტიკა შეცვალოს, ანუ, შეიცვალოს ამერიკის პრიორიტეტები, თუნდაც რუსეთთან მიმართებაში?

— ერთი ადამიანის ფაქტორი, თუნდაც ის უმძლავრესი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, ვერ იქნება გადამწყვეტი მსოფლიო პოლიტიკის შეცვლაში. ტრამპი არ არის მარტო, მის უკან დგას მძლავრი სახელისუფლებო სტრუქტურები, ათასნაირი ინსტიტუტები, რომელთა მიერ ყალიბდება ქვეყნის სტრატეგია. ამას გარდა, ტრამპის ინფორმირებულობა, როგორც კანდიდატის, არის სხვა და როგორც პრეზიდენტის, იქნება სულ განსხვავებული. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, უნდა გაგახსენოთ ობამას მიერ წამოწყებული ე.წ. გადატვირთვის ინიციატივა, როდესაც გამოიტანეს სიმბოლური ღილაკები და მასზე ხელის დაჭერით ახალი ურთიერთობის დაწყება ამცნეს მსოფლიოს. თუმცა შემდეგ რაც მოხდა, კარგად უნდა გახსოვდეთ — სანქციები და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის განმსაზღვრელი პიროვნული დამოკიდებულებები ვერ გახდება. ამერიკას აქვს ვალდებულებები საკუთარი ხალხის, ქვეყნის ინტერესების, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების წინაშე, რომელთა გათვალისწინება განაპირობებს კიდეც ტრამპის სამომავლო პოლიტიკას. ეს უკანასკნელი კი აუცილებლად უნდა მოვიდეს შესაბამისობაში იმ ზემოჩამოთვლილ ფაქტორებთან. ამერიკას აქვს დიდი როლი, მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსის შემაკავებელი ფუნქცია და ყველა პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს, მოუწევს ამისთვის ანგარიშის გაწევა.
თენგიზ ჩოჩუა

მთავარი თემები