რაზე ოცნებობს №121 ყვითელი ავტობუსის მძღოლი

© თბილისის სატრანსპორტო კომპანიამარგალიტა ნაროუშვილი: ავტობუსის მძღოლად 2009 წლიდან ვმუშაობ.
მარგალიტა ნაროუშვილი: ავტობუსის მძღოლად  2009 წლიდან ვმუშაობ. - Sputnik საქართველო
გამოწერა
60 წლის მარგალიტა ნაროუშვილი ავტობუსის ერთადერთი ქალი მძღოლია. მისი დანახვა თბილისის ქუჩებში უკვე აღარავის აკვირვებს, თუმცა იყო დრო, როდესაც სამუშაოდ გამოსულს ყველა გაოცებული უყურებდა. რატომ გადაწყვიტა მძღოლობა და როგორია მისი თბილისი, ის თავად გვიამბობს.

ნინი რაზმაძე 

– ქალბატონო მარგალიტა, თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით…

— საკუთარი ოჯახი არ მყავს, დისშვილი საკუთარი შვილივით გავზარდე. მყავს 2 შვილიშვილი და 84 წლის დედა.

– პროფესიით ვინ ხართ?

— საბუღალტრო კურსები დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. პირველი ჩემი სამუშაო ადგილი სენაკის ხალიჩების კომბინატი იყო, სადაც მქსოველად დავიწყე მუშაობა.

– როგორ გადაწყვიტეთ ავტობუსის მძღოლად მუშაობა?

— 1982 წელს თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, დავამთავრე ტრამვაის მართვის კურსები, ანაზღაურებაც კარგი მქონდა. ტრამვაის მძღოლად ვიმუშავე 18-20 წელი. ორწლიანი პაუზის შემდეგ კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადავედი სამუშაოდ და ასე გავხდი ყვითელი ავტობუსის მძღოლი. მანამდე კერძო ტაქსისტად ვმუშაობდი, ლამის მთელი ცხოვრება საკუთარი ავტომობილი მყავდა. 

© თბილისის სატრანსპორტო კომპანიამარგალიტა ნაროუშვილი: ავტობუსის მძღოლად 2009 წლიდან ვმუშაობ.
მარგალიტა ნაროუშვილი: ავტობუსის მძღოლად  2009 წლიდან ვმუშაობ. - Sputnik საქართველო
მარგალიტა ნაროუშვილი: ავტობუსის მძღოლად 2009 წლიდან ვმუშაობ.

– როგორი იყო პირველი სამუშაო დღე? 

— პირველ დღეს ავტობუსის №38 მარშრუტზე გავედი — დიდუბიდან აგრარულ უნივერსიტეტამდე. სტუდენტები სურათებს მიღებდნენ, ბევრს უკვირდა – ქალი და ავტობუსის მძღოლი?! ბევრს კი ჩემი დანხვა უხაროდა კიდევაც.

– ახლა რომელ ნომერს მართავთ?

— ამჟამად №121 მარშრუტს ვემსახურები. საკმაოდ გრძელი მარშრუტია, დღეში 320 კილომეტრს გავდივარ.

– რამდენი წელია, რაც ავტობუსს ატარებთ?

— ავტობუსის მძღოლად 2009 წლიდან ვმუშაობ.

– რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მძღოლობა?

— მონდომებული უნდა იყო, რომ ამ სისტემას შეეგუო. პირველ რიგში ნერვები და ნებისყოფაა საჭირო, ხალხთან ურთიერთობა უნდა გეხერხებოდეს, თორემ ისე გაგიჭირდება.

– პირველად ახლობლებმა როცა გაიგეს, რომ ავტობუსის მძღოლად დაიწყეთ მუშობა, რა რეაქცია ჰქონდათ?

— ჩემი გადაწყვეტილება არავის გაკვირვებია, რადგან პატარაობიდანვე მაინტერესებდა მანქანები, თოჯინებით ნაკლებად ვთამაშობდი, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან არც გაკვირვებიათ. ალბათ, ჩემგან ამას მოელოდნენ კიდეც. 

© თბილისის სატრანსპორტო კომპანიამარგალიტა ნაროუშვილი: მე საჭის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
მარგალიტა ნაროუშვილი: მე საჭის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. - Sputnik საქართველო
მარგალიტა ნაროუშვილი: მე საჭის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– ისტორია, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

— 15 იანვარი ჩემი დაბადების დღეა, ამ თარიღს არც არავის ვეუბნები ხოლმე. იმ დღეს გაჩერებაზე ბებია და შვილიშვილი ამოვიდნენ, ბავშვს ხელში ყვავილები ეჭირა. უცებ ეს ბავშვი მოტრიალდა და ყვავილები მაჩუქა. არ ვიცი ეს რა იყო, ალბათ, უბრალო დამთხვევა… დღემდე მახსოვს ეს ამბავი და არც არასოდეს დამავიწყდება. 

– ზოგადად, მამაკაცი მძღოლები, შეიძლება ითქვას, არასერიოზულად უყურებენ ქალ-მძღოლებს. თქვენ შემთხვევაში რა რეაქცია აქვთ კოლეგებს?

— მაგ კუთხით მე პრობლემა არ მაქვს. პირიქით, მათ ძალზე კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემ მიმართ და სამსახურშიც ყველას ვუყვარვარ, ყველა მცნობს.

– თქვენი ერთი სამუშაო დღე როგორია?

— ჩემო სამუშაო დღე დილის 06:00 საათზე იწყება და ზოგჯერ გვიან ღამემდე გრძელდება ხოლმე. რთული სამუშაოა, ვიღლები კიდეც, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე და ისეთ სიამოვნებას ვიღებ, რომ არასდროს ვწუწუნებ. ის საქმე, რასაც ვემსახურები, ჩემთვის ყველაფერია.

– როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი?

— პირველ რიგში, მე, როგორც მძღოლს, ქალაქის ქუჩებში მოწესრიგებული მოძრაობა მჭირდება. ლამაზი ქალაქია თბილისი და ძალიან მიყვარს. ბევრი ემოცია, სიხარული, გულისტკენაც და სიხარულიც ამ ქალაქს უკავშირდება. მინდა დღევანდელი თბილისი უფრო თბილი იყოს, თითქოს ადამიანები უფრო გულგრილები გახდნენ… თუმცა, ირგვლივ იმდენი პრობლემაა, რომ ზოგჯერ მგონია, ადამიანებიც ამან შთანთქა. მინდა ბევრი გაღიმებული სახე დავინახო.

– ავტობუსში ამოსულებს უკვირთ, როცა მძღოლად ქალბატონი ხვდებათ?

— უკვე აღარ უკვირთ, შეჩვეულები არიან. თუმცა, ადრე უფრო უკვირდათ, დღეს კი საკმაოდ დადებითად იღებენ ამ ფაქტს, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

– რას აპირებთ მომავალში, როცა ავტობუსის მძღოლი აღარ იქნებით?

— ამაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი — მე საჭის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– როგორც ყველა ქალს, ალბათ, თქვენც გიყვართ ოცნება?

— ჩემი ოცნების თავი და ბოლო მანქანაა. ძალიან მინდა „ნისანის“ მარკის ჯიპი მყავდეს.

ყველა ახალი ამბავი
0