ქართული სიყვარული, ანუ მომღერალი ქირურგის ისტორია

© Photo: courtesy of Alexander Lomia ალექსანდრე ლომია
ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ალექსანდრე ლომია დღეს მხოლოდ წარმატებული და გამოცდილი ქირურგი კი არ არის, არამედ საინტერესო და ნიჭიერი მუსიკოს-შესრულებელიც. მუსიკასთან დიდი ხანია „მეგობრობს“, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოპულარული უკრაინული ტელეპროექტის „Х-ფაქტორის“ ვარსკვლავი გახდა, ალექსანდრეზე ახალი ძალით ალაპარაკდნენ.

ანასტასია შრაიბერი

როგორ გახდა ექიმი და მუსიკოსი, რამ გადააწყვეტინა „Х-ფაქტორში“ მონაწილეობა და რატომ არ აქვს შოუში გამარჯვების ამბიცია, ალექსანდრე ლომიამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ძალიან გაუკვირდა, როდესაც შეიტყო, რომ მასთან „Х-ფაქტორში“ მიღწეული წარმატების თაობაზე გვსურდა საუბარი. და, როგორც თავად თქვა, უზომოდ გაუხარდა, რომ „მისი მოკრძალებული პერსონით სამშობლოში დაინტერესდნენ“.

ალექსანდრე ლენინგრადში გასული საუკუნის 80-იან წლებში ასე აღმოჩნდა: მისი მშობლები — სკოლის პერიოდიდან ერთმანეთზე შეყვარებული წყვილი — სამეგრელოს სოფელ ხამისყურიდან რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრნენ. დედამ ლენინგრადის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა წითელ დიპლომზე, მამამ კი — საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი.

სწორედ ლენინგრადში ყოფნის პერიოდში, 1984 წელს შეეძინათ მათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

— ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მშობლებს უკვე უნდოდათ ექიმი გამოვსულიყავი — ქირურგი. ეს მეც ძალიან მინდოდა. ასე რომ, ჩემი ოცნებაც ავასრულე და დედ-მამისაც.

სკოლა 15 წლისამ ექსტერნად დავამთავრე და იმავე წელს მეჩნიკოვის სახელობის სამედიცინო აკადემიაში ჩავირიცხე (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). მერე ქირურგიაში ორდინატურაც გავიარე სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ქირურგიის სპეციალობით და 21 წლისამ წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა.

უკვე ათი წელია, იქ ვმუშაობ.

© FB/ Akeqsandr Lomiaალექსანდრე ლომია
ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ლომია

– რატომ მაინც და მაინც ქირურგია?

— იმიტომ, რომ ქირურგია ყოველთვის მომწონდა. არასდროს მინანია არჩევანი. ჩემი პროფესია სიამოვნებას რომ არ მგვრიდეს, დიდი ხნის წინ მივატოვებდი. ბევრჯერ მქონდა მედიცინიდან წასვლისა და მთლიანად მუსიკაზე გადართვის შანსი, მაგრამ არ გადავდგი ეს ნაბიჯი. ჩემი აზრით, ცხოვრება მეტად ხანმოკლეა საიმისოდ, რომ აკეთო ის, რაც არ მოგწონს.

– მაინც რომელი უფრო ახლოსაა თქვენთან — მუსიკა თუ მედიცინა? ანუ, რამე რომ იყოს, რომელს გაიღებდით მსხვერპლად?

— ცხოვრება ვერც ერთის გარეშე წარმომიდგენია და ვერც მეორისა. ამიტომ ვერც ერთს მივატოვებ და ვერც მეორეს. ყოველთვის ვიქნები ქირურგი და მუსიკა ყოველთვის იქნება ჩემში. ორივე ჩემი ნაწილია, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

– რამდენად სერიოზულად ეკიდებით „Х-ფაქტორის“ მსგავს პროექტებს?

— სიმართლე გითხრათ, ყველა ტელეპროექტსა და ტელეშოუს ძალიან სკეპტიკურად ვეკიდები. მე, უპირველესად, მუსიკოსი ვარ და საუკეთესო ნაწარმოებების შექმნისკენ, ზრდისკენ მივისწრაფვი და არა სხვის ხარჯზე პიარისკენ. ტელეპროექტები და ტელეშოუები კი სწორედ ამაზე არიან ორიენტირებული და არა ტალანტების მოძიებაზე, ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებაზე.

© FB/ Akeqsandr Lomiaალექსანდრე ლომია ოპერაციაზე
ალექსანდრე ლომია ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ლომია ოპერაციაზე

– მაგრამ მაინც მიხვედით „Х-ფაქტორში“…

— დიახ, იმიტომ რომ სწორედ ამ უკრაინულ შოუში მომეცა საავტორო სიმღერების შესრულების შესაძლებლობა, რასაც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. უკვე ბევრზე ბევრი წელია, რაც სიმღერებს ვწერ და, პრაქტიკულად, არც კი შემიძლია სხვისი სიმღერების შესრულება. არასდროს მიმღერია ქავერები — არ შემიძლია, არ გამომდის. თუ გამომდის, ძალიან ცუდად.

როცა „Х-ფაქტორიდან“ დადებითი პასუხი მომივიდა, პირველი ის ვიკითხე, შემეძლო თუ არა საკუთარი სიმღერების შესრულება. მითხრეს, რა თქმა უნდაო. ფაქტობრივად, ეს ერთადერთი პროექტია რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში, სადაც საავტორო სიმღერების შესრულება შეიძლება. სხვა კონკურსებზე ასეთი რამ კატეგორიულად იკრძალება და ორგანიზატორებს არც კი აინტერესებთ.

– რა გამოცდილება შეგძინათ „Х-ფაქტორმა“, როგორი იყო ემოციები და გამოხმაურებები?

— ბევრი რამ მომცა. არ მეგონა, თუ გამოხმაურება ესოდენ ძლიერი იქნებოდა. უამრავი ახალი მსმენელი, სიყვარული და სიმპათია შევიძინე. ძალიან მაგარია!

— როგორ დაწერეთ სიმღერა Не унять, რომელმაც პირველივე ნოტებიდან განაცვიფრა მსმენელი?

— უსაშველოდ ბანალური ისტორიაა. მუსიკა დავწერე, ღიღინი დავიწყე და მაშინვე რაღაცნაირად ჩაჯდა ფრაზა Не унять. ჰოდა, ვიფიქრე, მოდი, მოუშუშებელი ტკივილით სავსე სიყვარულზე დავწერ სიმღერას, ეს ხომ საოცრად პოეტურია და მაგარი-მეთქი. 

– კონსტანტინ მელაძემ თქვენს სიმღერას გამზადებული რადიოჰიტიც კი უწოდა…

— საინტერესო, იცით, რა არის? ეს სიმღერა უკვე სამი წელია დევს ინტერნეტში — ყველა სოციალურ ქსელში, ყველა ინტერნეტმაღაზიაში — itunes-ი გინდათ თუ Google Play. ყველგან შეიძლებოდა ყიდვაც და მოსმენაც, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არავის მიუქცევია ყურადღება. სხვათა შორის, რადიოებშიც მიმქონდა სხვა სიმღერებთან ერთად — მთელი ალბომი. მაგრამ ყველგან მეუბნებოდნენ, ჩვენი ფორმატი არ არის და არ გვაინტერესებს, ამას არც ერთი რადიოსადგური არასდროს გაუშვებს, ასე რომ, ნახვამდის, მეტად აღარ შეგვაწუხოთო.

© FB/ Akeqsandr Lomia ალექსანდრე ლომია
 ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ლომია

– რა აზრისა ხართ მელაძეზე, მათ შორის, როგორც პროდიუსერზე?

— ჩემი აზრით, ეს სრულიად გამორჩეული პოეტი და კომპოზიტორია, სამყაროს უჩვეულო, აბსტრაქტული აღქმით. როგორც კომპოზიტორი — წარმოუდგენლად ნაყოფიერია. მიმაჩნია, რომ ქვეყნის უმთავრესი საუნდპროდიუსერია. თუმცა ეს მაინც „მშრალი“ დახასიათებაა. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ შორიდან, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დიდი პატივია. გაოცებული ვარ ადამიანებთან მისი თბილი, გულღია და პატიოსანი ურთიერთობებით. ძალიან საინტერესო და საოცრად სასიამოვნო ადამიანია.

– არ შემიძლია არ გავიხსენო: სანამ სიმღერას დაიწყებდით, თქვით, რომ ქართველი ხართ, რომ ეს არის სიმღერა ქართულ სიყვარულზე — როცა ქალ-ვაჟს ერთმანეთი უყვარს, მაგრამ მაინც იტანჯებიან. ამაზე მელაძე მაშინვე დაგეთანხმათ. მართლა ასე ცუდადაა საქმე?

— არა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო. ყველას ერთნაირად უყვარს, თუ ეს ნამდვილი სიყვარულია. ყველას უხარია და ყველა იტანჯება. ასეთია ცხოვრება. ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს — ნაკლებად.
ოღონდ ესაა, ერთი რამ მაღელვებდა ყოველთვის: ბედნიერების დაკარგვით გამოწვეული ემოცია უფრო მძლავრია, ვიდრე მისი პოვნით. ყველგან ასეა. არ ვიცი კი, რატომ. ალბათ იმიტომ რომ ადამიანი, სანამ ბედნიერია, არ აფასებს ამას.

© FB/ Akeqsandr Lomia ალექსანდრე ლომია
 ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ლომია

– „Х-ფაქტორის“ მერე რამე შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში?

— ტექნიკურად, არანაირად. როგორც მანამდე არ იღებდნენ ჩემს სიმღერებს რადიოები, ისე ახლაც არ იღებენ. საერთოდაც Вконтакте-ში მხოლოდ ერთეულმა რუსულმა მუსიკალურმა „ფაბლიქებმა“ გამოხატეს მხარდაჭერა: Новый реп-მა, Русская музыка-მ და მორჩა. ამას თანადგომას ვერც დავარქმევ. ქართულმა „ფაბლიქებმაც“ კი არ გაიზიარეს ეს სიახლე, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან დავაგზავნე „Х-ფაქტორში“ გამოსვლაცა და თხოვნაც, თანამემამულეს მხარი დაუჭირეთ–მეთქი. ეს ძალიან დამეხმარებოდა, მაგრამ… არა, კი არ მწყინს, უბრალოდ, დასკვნებს ვაკეთებ. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. ყველამ იცის, რომ „ჯამბაზი“ ქართველია, რომ უბრალოდ ქართული გვარის კაცი კი არა, მართლა ქართველი ვარ და ვამაყობ ამით. 

– შინაურებს როგორი რეაქცია აქვთ?

— დადებითი. მოსწონთ. განსაკუთრებით, წარსულში ჩემი ჰიპ-ჰოპით გატაცების ფონზე. ისინი რომ არა, იმის ნახევარიც არ გამომივიდოდა, რასაც მივაღწიე. ამიტომაც უსაშველოდ ვემადლიერები მათ მოთმინებისა და თანადგომისთვის.

– გვიამბეთ თქვენ ოჯახზე.

— და-ძმა არ მყავს, დედისერთა ვარ. მყავს მეუღლე — ქართველი და შვილები, ქალ-ვაჟი — რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასევე ქართველები. მოკლედ, უზომოდ ბედნიერები ვართ.

© FB/ Akeqsandr Lomia ალექსანდრე ლომია
 ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ლომია

– ქართული ტრადიციები შეინარჩუნეთ?

— კი, შევინარჩუნეთ. საერთოდაც ძალიან ორთოდოქსულად ვცხოვრობთ. მამა ფანატიკურად ცდილობდა ქართული, მეგრული ადათების შენარჩუნებას, ხამისყურული, ანუ ჩვენი სოფლის ტრადიციებისაც კი. სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებ ხამისყურელებს წელიწადში ერთხელ აუცილებლად უყრიდა თავს. შინ ღვინოსაც ვწურავდით ყოველ წელს. იმიტომ კი არა, რომ ღვინო და ალკოჰოლი ამ ქვეყანაში პრობლემაა, არამედ იმიტომ, რომ ოჯახში რაც შეიძლება მეტი გვქონოდა ქართული, მეგრული. მშობლები ბავშვობიდან მელაპარაკებოდნენ ქართულ და მეგრულ ენებზე და მე და ჩემი მეუღლეც ვცდილობთ, ბავშვებს უფრო მეტი ველაპარაკოთ მშობლიურ ენაზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი პატივით ვეპყრობით ტრადიციებს, ვინარჩუნებთ და ვიცავთ მათ, რაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. 

– საქართველოში ჩამოდიხართ ხოლმე?

— ყოველთვის, როცა შესაძლებლობა გვეძლევა. თბილისში ბიძაშვილი და ბიძა მყავს და იმათთან ვრჩები ხოლმე გარკვეული დროით. აუცილებლად ჩავდივართ ბათუმში — მეუღლის ბიძაშვილთან, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში — სადაც სახლი გვაქვს, ასევე ხამისყურში და, რა ვიცი, ყველგან. თუ ერთი თვით მივემგზავრებით, სახლში სამ-ოთხ ღამეს თუ ვატარებთ, დანარჩენ დროს აქეთ-იქით სიარულში ვატარებთ, იმიტომ რომ ნათესავები ყველგან გვყავს.

ფანატიკურად მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა, რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს კაცისგან, რომელიც რუსეთში დაიბადა და უკვე 32-ე წელია, იქ ცხოვრობს და რომელსაც, პრინციპში, არაფერი უშლის ხელს, გუდა-ნაბადი აიკრას და სამშობლოში დაბრუნდეს. მაგრამ, ხომ გესმით, რომ ყველანი მდგომარეობის მძევლები ვართ…

– რატომ აირჩიეთ ფსევდონიმად „ჯამბაზი?“

— ეს ძალიან ძველი და უინტერესო ისტორიაა. ბევრი, ძალიან ბევრი წლის წინ, ახალგაზრდობაში, როცა რეპს, ჰიპ-ჰოპსა და რეგატონს მივდევდი, ფსევდონიმს ვეძებდი. სწორედ მაშინ მაჩუქეს ძალიან სასაცილო კეპი. დავიხურე და დედამ მითხრა, მოიხადე, შვილო, ჯამბაზს ჰგავხარო. მომეწონა ეს სიტყვა — რაღაცნაირად რეგატონულად ჟღერდა და გადავწყვიტე, რომ მაგარი ფსევდონიმი იქნებოდა.

გავიდა წლები და ნიგერიელებთან დავიწყე მუშაობა — მათთან ერთად ხმის ჩამწერი სტუდია გავხსენი პეტერბურგში. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ სუაჰილის ენაზე „ჯამბაზი“ ნიშნავს განგსტერს, ჩხუბისთავს, ცუდ ბიჭს. მოკლედ, ყველაფერს, რაც იმ მუსიკის სტილში იყო, რომელსაც მაშინ მივდევდით.

© FB/ Akeqsandr Lomia ალექსანდრე ლომია
 ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ლომია

– მაინც რას ელოდებით „Х-ფაქტორისგან?“

— იქ იმისთვის არ მივსულვარ, რომ ან გავიმარჯვო და ან დავმარცხდე, ვინმეზე უკეთესი ვიყო, ან რამისთვის ვიბრძოლო. „Х-ფაქტორში“ სამღერლად, საკუთარი თავის წარსადგენად მივედი, რომ ჩემი არსებობის შესახებ გაეგოთ. ჩემთვის ეს ახალი სცენაა, საიდანაც ხმას მივაწვდენ მსმენელს. არანაირ მიზანს არ ვისახავ. კი, შემდეგ ტურში გადავედი და რამდენიმე ეთერიც გადავიღეთ, მაგრამ არავისთან მიბრძოლია. მივედი, რომ მემღერა და ამით მეც მიმეღო სიამოვნება და მსმენელსაც. ამიტომ გამარჯვებაზე არანაირი ამბიცია არ მაქვს.

– თუ მაინც გაიმარჯვეთ, რას იზამთ?

— არც კი ვიცი. პირველი ხართ, ვინც ამ პროექტში გამარჯვებაზე მეკითხებით… ბავშვებს გეფიცებით, ამაზე არც ვფიქრობ, იმდენად არ მაინტერესებს.

– და მაინც, როგორ აფასებთ საკუთარ შანსებს?

— არ ვიცი, რა შანსები მაქვს. ბევრს კი ჰგონია, რომ დიდი შანსები მაქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ… არა მგონია, რომ სხვაზე უკეთესი ვარ.

ყველა ახალი ამბავი
0