08:47 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
სანდრო თვალჭრელიძე

სანდრო თვალჭრელიძე: ლარის შესუსტება მიზანმიმართული პროცესი იყო

თ. ჩოჩუა
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
8711

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი რყევები განიცადა, დოლართან მიმართებაში 2.45 ნიშნულიდან 2.29-ზე ჩამოვიდა, შემდეგ კი 2.35-ს მიაღწია. რას უკავშირებს ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

— ყველაფერი, რასაც ლარზე საუბრობენ, პოლიტიკური თამაშების შემადგენელი ნაწილია. ნებისმიერი ვალუტის გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ პარამეტრზე — მიმოქცევაში მყოფი ეროვნული ბანკნოტების მასის შეფარდება უცხოური ბანკნოტების მიმოქცევაში მყოფი მასის შეფარდებასთან.  საუბედუროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ლარი გახდა ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი. ერთხელ და სამუდამოდ ასეთი თამაშები უნდა შეწყდეს! 

- ლარის გამყარება და შემდგომ გაუფასურების მიზეზებზე უფრო კონკრეტულად რომ გვესაუბროთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?

— ლარის გამყარებას და შემდეგ გაუფასურებას ორი ახსნა აქვს: პირველი — გახლავთ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის გამოუცდელობა. მან დაიწყო ლარის გამყარება, მაგრამ ძალიან სწრაფად. რაც მან 2 კვირაში გააკეთა, 2 თვეში უნდა გაეკეთებინა. 

მეორე ახსნა — გაცილებით პესიმისტურია, თუ ლარი ისევ პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა, მაშინ საშინელ მოულოდნელობებს უნდა ველოდოთ არჩევნების წინ. იმედი მაქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის. პირველ რიგში, ის აპოლიტიკური პიროვნებაა და მთავარია, რომ მას ეყოს ძალა გაუძლოს ბინძურ ზეწოლებს. მანოქროს შუალედი უნდა მონახოს, რომ არც ბიუჯეტი დააზარალოს, არც მოსახლეობა და არც იმპორტიორ- ექსპორტიორები. ამის გაკეთება შესაძლებელია. 

- ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ყველაზე ოპტიმალური ზღვარი როგორია?

— ჩემი გათვლებით  და იმის გათვალისწინებით წელიწადში რამდენი ფულადი მასა სჭირდება ქვეყანას, რამდენი შემოდის, როგორია საინვესტიციო ბაზარი, როგორია იმპორტ-ექსპორტი — ამ ყველაფრის მოდელირებით გაცვლითი კურსის ყველაზე ოპტიმალური ზღვარი უნდა იყოს 1.80 ან 1.90. 

- პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ლარის ამ ზღვრამდე დაყვანისთვის?

— პარლამენტს და ეროვნულ ბანკს ვურჩევდი ძალიან მარტივ რამეს: ეს არის კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენი საკრედიტო-საფინანსო სექტორის დარეგულირება არა ვიწრო გაგებით, არამედ ფართო გაგებით. კერძოდ, კომერციულ ბანკებს უნდა აეკრძალოთ ნებისმიერი კრედიტის გაცემა დოლარში. მაშინ ეს ბინძური თამაშები შეწყდება. მერე მოსახლეობისთვის სულ ერთი იქნება, როგორი იქნება გაცვლითი კურსი.

- როგორია თქვენი პროგნოზი?

— გეტყვით, რომ თავის დროზე ლარის შესუსტება იყო მიზანმიმართული პროცესი, თუ ეს მიზანმიმართული პროცესი აღარ იარსებებს, მაშინ ზაფხულისთვის ლარის გამყარებას უნდა ველოდოთ.

თენგიზ ჩოჩუა

მთავარი თემები