ბათირაშვილის გარდაცვალების გამო საქართველო „ისლამური ხალიფატისგან“ დაუცველი რჩება

© თ. ჩოჩუაზაალ კასრელიშვილი
ზაალ კასრელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ომარ აშ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი მოკლულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს პენტაგონზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, ომარ აშ-შიშანი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. როგორც კასრელიშვილმა sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა, თუ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდება, საქართველო „ისლამური ხალიფატისგან“ დაუცველი დარჩება. 

ზაალ კასრელიშვილი: სირიაში და ახლო აღმოსავლეთში მებრძოლების თემა არის დახურული საკითხი და ვერავინ დადებს თავს, რამდენად ობიექტურია ასეთი ტიპის განცხადებები. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ. არავის არ აქვს ასეთი ინფორმაცია და ნურავინ დაიბრალებს ამას. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რამდენიმე დღეში გაირკვევა, რამდენად რეალურია ინფორმაცია. 

– თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, რა შეიცვლება საქართველოსა და „ისლამური ხალიფატის“ ურთიერთობას შორის?

— ეს თუ სიმართლეა, საქართველოს გულშემატკივარი აღარ ეყოლება რადიკალური ისლამის მიმდევრებში. შესაბამისად, საქართველოს მტრები და ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კავკასიაში გავლენის მოპოვება საქართველოში გავლენის მოპოვებას ნიშნავს, გააქტიურდებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

– ანუ, შესაძლოა ითქვას, რომ „ისლამური ხალიფატის“ აგრესიას საქართველოსთან მიმართებაში თარხან ბათირაშვილის ავტორიტეტი ბლოკავდა?

— „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში რომ ტერაქტები არ ხდება და საქართველოს წინააღმდეგ ხალიფატის სარდლობას და ხელმძღვანელობას ერთხელაც რომ არ გაუკეთებია კატეგორიული განცხადება, ეს პირდაპირ დაკავშირებულია თარხან ბათირაშვილის ავტორიტეტთან და ყველა იმ ავტორიტეტული სარდლების გავლენებთან, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან. თარხან ბათირაშვილთან ერთად აღმოსავლეთში 22 ეთნიკური კავკასიელი იბრძვის. ისინი სხვადასხვა რანგის მეთაურები არიან და ყველას განსაკუთრებული პატივისცემა აქვს საქართველოს მიმართ. პოლიტიკურადაც ესმით, რომ თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, თუ არ იქნება სტაბილური, კავკასიაში არც ერთ რესპუბლიკას თავისუფლების შანსი არ ექნება. 

– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების დადასტურების შემთხვევაში საქართველოსკენ მომავალი საფრთხე იზრდება?

— რა თქმა უნდა, საქართველო რჩება დაუცველი. 

 

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0