შიხიაშვილი: პირად ცხოვრებაში ასეთი ფორმით ჩარევა უზნეო და ამაზრზენი ქმედებაა!

© თ. ჩოჩუაირაკლი შიხიაშვილი
ირაკლი შიხიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ამაზრზენ და უზნეო საქციელს უწოდებს. რა პოზიცია აქვს სკანდალურ და გახმაურებულ ფარულ ჩანაწერებზე შიხიაშვილს, შეიტყვეთ ჩვენი ინტერვიუდან.

ირაკლი შიხიაშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჯერ ჩაწერა და მერე მისი გავრცელება აბსოლუტურად უზნეო საქციელად მიმაჩნია. ვინ განახორციელა ეს ყოველივე, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები და ეჭვები არსებობს. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და აქ ასეთი უმსგავსო და უზნეო ჩარევა ამაზრზენია. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ეს სნეულება არსებობს და, მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, რომ ქვეყანაში ამ უმსგავსობის პოპულარიზაცია და წახალისება აღმოფხვრილიყო. მოგეხსენებათ, ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არსებობს ტექიკური საშულებები, რაც ართულებს გამოძიების პროცესს, მიაკვლიო საიდან ვრცელდება ეს კადრები. ამასთან, ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია საზოგადოების გაზრდა, საზოგადოება უნდა გაიზარდოს. მისთვის ეს არ უნდა იყოს საინტერესო. არაფერი იყიდება, თუ მოთხოვნა არ არსებობს. მოთხოვნა კი არ უნდა არსებობდეს. ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს ასეთი ფაქტების მიმართ — სრული იგნორირება.

– მეგის ქარდავას მუქარაზე მინდა გკითხოთ, რომელიც მან 2013 წელს გაახმაურა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბაჩო ახალაიას გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი გუნდის წევრებს ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაემუქრა. თქვენი აზრით, ვინ დგას რამდენიმე დღის გავრცელებული კადრების მიღმა? 

— მე მგონი, მეგის ქარდავას ამაზე ცუდი არაფერი გაუკეთებია ბაჩო ახალაიასთვის. თუ ადამიანისთვის ადამიანი ძვირფასია, ასეთი ფორმით არ იცავს. ამით უფრო მეტ დისკრედიტაციას უკეთებს. ვერც ერთი მტერი ვერ ჩააყენებდა ასეთ ცუდ პოზიციაში ბაჩო ახალაის. მეორეც, ნაციონალებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი შინაგანი სახე, თუ როგორი ფორმით შეუძლიათ მათ ადამიანებით მანიპულირება. წარმოიდგინეთ, ძალაუფლების შემთხვევაში რამხელა მონსტრად იქცევიან. ვინ იყვნენ და რა იყვნენ ისინი, საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი და ეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

– და, მაინც, ვის ვარაუდობთ, ამ კადრების გამავრცელებელი ვინ შეიძლება იყოს, ვის ინტერესებს ხედავთ?

— არ ვიცი, ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც ელექტრონული საშუალებები იმდენად არის განვითარებული, რომ პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია მოახერხოს ადამიანმა და გაავრცელოს ის, რაც მას სურს. 

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0