მანანა კობახიძე: "მთავარია, პირნათელი ვიყო ჩემს სინდისთან, ჩემს ამომრჩეველთან!"

© თ. ჩოჩუაპარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელია თუა არა პოლიტიკურ პარტიათა ახალი კონფიგურაცია მმართველ კოალიციაში წინასაარჩევნოდ, რა პროცესები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე „sputnik“-ის ჟურნალისტ თენგიზ ჩოჩუას ესაუბრა.

-არსებული დაპირისპირების ფონზე (რესპუბლიკელები-თოფაძე) როგორი კონფიგურაციით წარსდგება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი კოალიცია? მოსალოდნელია თუ ახალი სუბიექტების გამოჩენა?

— არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ასეთი საკითხები უკვე გარკვეული უნდა იყოს, თუმცა პოლიტიკური ცხოვრება ზოგჯერ ისეა, რომ შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იყოს არჩევნებამდე ძალიან მოკლე პერიოდში. ეს, ჩემი აზრით, სწორი არ არის. ჩვენ ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ და ასეთი ტიპის დაპირისპირებები ბუნებრივია, ხელს უშლის პოლიტიკურ კონსოლიდაციას კოალიციაში. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია — ამას ხელს უშლის ის დაპირისპირება, რომელმაც თავი იჩინა და რომელიც ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამ შემთხევაში „ქართული ოცნება“ არის მედიატორის როლში, ვინაიდან ჩვენი მხრიდან რთულია რაიმე გადაწყვეტილება იყოს მიღებული რომელიმე სუბიექტის მიმართ. ორივე არის ჩვენი პარტნიორი, ორივე პარტია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, სახელისუფლებო გუნდს არ შეექმნას რაიმე პრობლემები და არ იყოს პოლიტიკური რყევები არჩევნების წინ. ჩვენი პირადი ინტერესები თუ პიროვნული დაპირისპირებები უნდა გადავიდეს უკანა პლანზე. მთავარი უნდა იყოს კონსოლიდაცია და ხელისუფლება არ უნდა იყოს დაკავებული შიდა კინკლაობით. ეს აზარალებს კოალიციას, საზოგადოებას და სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ გვმართებს, რაც შეიძლება მალე ამოვწუროთ ეს პრობლემა და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. წინსწრებით რაიმე განცხადების გაკეთება არ შემიძლია, მითუმეტეს როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს კოალიციის პოლიტსაბჭო და არიან ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ — გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი და ა.შ. შესაბამისად, ეს ადამიანები დააფიქსირებენ ფრაქციის პოზიციას და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

-თოფაძე-რესპუბლიკელებს შორის დაპირიპირებაში, თქვენთვის რომელის პოზიცია იყო მისაღები და რატომ?

— მიმაჩნია, რომ საკითხი გამწვავებისკენ არ უნდა წასულიყო და თუ რაიმე პატარა უთანხმობა, ან წყენა იყო, ამას გაგრძელება არ უნდა მოჰყოლოდა. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც უნდა გამოეჩინა მცდელობა, არ გაღრმავებულიყო კონფლიქტი. თუმცა შემდეგ ორივე მხარემ გადაწყვიტა აღარ ყოფილიყო საპასუხო ბრალდებები ერთმანეთის მიმართ. მე თავს შევიკავებ ერთის ან მეორის პოზიციის გამართლებისკენ ან გამტყუნებისკენ, ეს არ იქნება სწორი. „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდი ფრაქციაა.  ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს კოალიციაში ხელი შევუწყოთ პარტნიორებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას და წინსწრებით მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებით დაპირისპირება არ გავაღრმავოთ.

-აზიანებენ თუ არა რესპუბლიკელები კოალიციის იმიჯს? და რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი კოალიციაში?

— რა გინდათ, ვერ გავიგე?! პროვოვოცირებას ახდენთ ჩემსას?! (იცინის). მე არ მინდა ამ თემის გაგრძელება… გამოდის, რომ თუ რესპუბლიკელებზე ვსაუბრობ, მაშინ უნდა ვისაუბრო ყველაზე. ამ წუთას ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, პოლიტიკური ოჯახის წევრები და რამდენად სწორია, დავიწყო ოჯახის წევრებიდან რომელიმეზე გამოკვეთილად საუბარი?! ამ ეტაპზე პოლიტიკურ ოჯახში ყველა ერთად ვართ. ახლა მე დავიწყო შერჩევით რომელიმე წევრზე საუბარი, სწორად არ მიმაჩნია.

-არსებობს ინფორმაცია, რომ თოფაძის პარლამენტიდან წასვლის შემდეგ მრეწველები დატოვებენ კოალიციას. გაქვთ თუ ამის შესახებ ინფორმაცია?

— ბატონმა გოგიმ თავად გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტიდან წასვლას აპირებს მის მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, რომელიც ეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქციას. მისი გადასაწყეტია, მისი არჩევანია — იქნება პოლიტიკასა და პარლამენტში, თუ არა. მის გეგმებზე ვერაფერს გეტყვით… ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ჩვენს პარტნიორებს, დარჩნენ ან არ დარჩნენ პოლიტიკაში. პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურთ პოლიტიკაში და ვინ სურთ თავის წარმომადგენლად პარლამენტში, ანუ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოება. დანარჩენი, როგორ იქნება ურთიერთობები დალაგებული და როგორი იქნება წინასაარჩევნოდ კოალიცია, ამას კოალიციის თითოეული სუბიექტიგანსაზღვრავს. ჩემი მხრიდან რაიმეზე საუბარი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებას. ყველას თავისი ნაკლი აქვს, იდეალური არავინ არ არის. ასევე კოალიციაში, ყველას უარყოფითი თუ დადებითი გაგვაჩნია. უნდა შევძლოთ, ყველა დადებითი გავაერთიანოთ, რაც ჩვენშია, ხოლო უარყოფითი იყოს დაძლეული. არცერთი პოლიტიკური სუბიექტი იდეალური არ არის, არც პარტიულად და არც პიროვნულად. პარლამენტში ყველა ვართ ჩვენი ღირსებებით და ნაკლებით; მოდი მოვახერხოთ ისე, რომ წინ წამოვწიოთ, გავაერთიანოთ დადებითი და მივმართოთ საზოგადოების სამსახურში, ხოლო ნაკლი დავძლიოთ.

-ბოლო ხანს თქვენს სახელთან ბევრი საკანდალური თემა ასოცირდება როგორ უმკლავდებით ამ წეზოლას და ხომ არ იმოქმედებს ეს თქვენს ურთიერთობაზე კოალიციის შიგნით?

— ვუმკლავდები და ძალიან მაძლიერებს კიდეც ზეწოლა! ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამომრჩეველს არ გავუცრუო იმედები. მათ უნდა სჯეროდეთ, რომ მანანა კობახიძე როგორი ღირსებითაც შემოვიდა პარლამენტში, ისე აგრძელებს საქმიანობას, თანამდებობას ის არ შეუცვლია. იმ ბინძურმა ტალახმა, რომლის სროლასაც ცდილობენ მთელი რიგი ძალები ჩემს მიმართ, ჩემი ამორჩეველი არ უნდა დააბნიოს. მთავარია, პირნათელი ვიყო ჩემს სინდისთან, ჩემს ამომრჩეველთან! დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ერთად მოვიგებთ ბრძოლას!


ყველა ახალი ამბავი
0