ვალერი გელბახიანი: „ყველა ერთის წინააღმდეგ“ - ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან?

© თ. ჩოჩუავალერი გელბახიანი
ვალერი გელბახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იურისტი ვალერი გელბახიანი Sputnik-ის ჟურნალისტთან თენგიზ ჩოჩუასთან „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რთული არჩევანის წინაშე დგას. ამასთან, გელბახიანი წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე საუბრობს.

ვალერი გელბახიანი: საარჩევნო ციებ-ცხელებაა „ქართულ ოცნებაში“. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ გასაკვირი და გასაოცარი არაფერია. 2 თვეში უნდა გაირკვეს, თუ როგორი კონფიგურაცია იქნება. „ქართული ოცნება“ კოალიციურად წარმოდგენილია 5 თუ 6 სუბიექტით. ამათგან „რესპუბლიკელების“ პოზიცია სხვებისგან განსხვავებით ნათლად არის გამოკვეთილი. ისინი აცხადებენ, რომ მათ გარეშე „ქართული ოცნება“ ვერ იარსებებს. ის ფასადი, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობას უკავშირდება, პოლიტიკური ნდობის საფუძველზე, მთლიანად ჩამოკიდებულია რესპუბლიკურ პარტიაზე და არა „ქართულ ოცნებაზე“. თუ არ იქნებიან „რესპუბლიკელები“ კოალიციაში, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური ძალა არ იქნება მიჩნეული მხარდაჭერილად დასავლეთის წრეებში და ის აღიქმება როგორც პრორუსული ძალა. ამით ვაჭრობენ „რესპუბლიკელები“. ბუნებრივია, ამ ფაქტორს ანგარიშს უწევს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, ისე პარლამენტი. „რესპუბლიკელების“ გარეშე პარლამენტის უმრავლესობა ვერ შედგება. ამიტომ, სათავეს იღებს ჯერ საპარლამენტო პროცესი. სამთავრობო ცვლილებები დამოკიდებულია პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე. თუ უმრავლესობა დაიშლება, ეს მთავრობაც დაიშლება. ანუ, პარლამენტი ნდობას აღარ გამოუცხადებს მთავრობას. ის სტაბილური ფორმალობა, რაც დღეს გვაქვს, ირევა. არჩევნებს საკმაოდ არასტაბილური საპარლამენტო და სამთავრობო ცხოვრებით შევხვდებით. აქედან გამომდინარე, უფრო ღირებულია „ქართული ოცნებისთვის“, შეინარჩუნოს რესპუბლიკური პარტია, ვიდრე ქვეყანაში განუკითხაობა დაიწყოს. 

- ამ ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გოგი თოფაძის გარიცხვის საკითხი დადგეს?

— რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელებმა“ უკვე აიმაღლეს ხმა თოფაძის წინააღმდეგ და სვამენ საკითხს, ან თოფაძე, ან ისინი. ახლა ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, შეინარჩუნოს თოფაძე, გაანაწყენოს „რესპუბლიკელები“ და დაეშალოს კოალიცია, თუ ერთი თოფაძე იყოს ე.წ. საზარბაზნე ხორცი.

- თოფაძეს თუ „მრეწველები“ გაჰყვნენ, უმრავლესობა მაინც იშლება…

— დიახ, თოფაძე ამ შემთხვევაში პარტიის ლიდერია და ბუნებრივია პარტია უნდა გაჰყვეს მას. თუ პარტია და ფორუმი გაჰყვება თოფაძეს უმრავლესობა მაინც იშლება. ეს არ არის მარტივი პროცესი. თოფაძის განცხადებებიც საარჩევნო ციებ-ცხელებაზე იყო გათვლილი. იგი საკმაოდ გამოცდილი კაცია და არაფერი არ წამოსცდენია. თოფაძეს მიაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტია აფერხებს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკური პროცესების განვითარებას. 

ძირითადი საკითხი დამოკიდებულია რესპუბლიკურ პარტიაზე, დათმობენ თუ არა ისინი პოზიციებს. თუ რესპუბლიკური პარტია მოლაპარაკებაზე წავა, ბუნებრივია ისინი დამატებით ქვოტებს მოითხოვენ ამის სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკური პარტია ალბათ საარჩევნო ჰეგემონობას მოითხოვს. 

ბატონმა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ქართველ ხალხს სცემს პატივს თუ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას. თუ მხოლოდ ძალაუფლებაა მისი მიზანი, მაშინ ამ ძალაუფლებას მაინც დაკარგავს. ქართველი ხალხის მხარდაჭერით მას ყველაფერი გამოუვა. ამიტომ, თუკი ივანიშვილი გასაღებს ქართველ ხალხში მოძებნის, მაშინ „რესპუბლიკელებთან“ არანაირი პარტნიული ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს. 

- შესაძლებელია თუ არა რომ უახლოეს მომავალში რომელიმე პოლიტიკური პარტიის რიგებში გიხილოთ?

— ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდება, სავარაუდოდ ახალი კონფიგურაცია გაკეთდება. როგორც ვიცი, ოპოზიცია აპირებს გაერთიანებას ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ასე მოხდა, მონაწილეობას მივიღებ. შანსები უკვე დიდია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. 

- „ნაციონალური მოძრაობა“ მოიაზრება ამ პარტიებს შორის?

— არა, „ნაციონალები“ არა მგონია იქ იყვნენ. „ნაციონალებთან“ პიროვნული გართულება მაქვს. „პატრიოტთა ალიანსმა“ წამოიწყო ეს ინიციატივა და მიმდინარეობს კონსულტაციები. 

ოღონდ, გაერთიანება ხდება ერთი პირობით, მოგების შემთხვევაში, სამი თვის შემდეგ, დაინიშნება ახალი არჩევნები, უკვე „ნაციონალებისა“ და „ქოცების“ გარეშე. 

წაგების შემთხვევაში, ყველანი დატოვებენ პარლამენტს და დაიწყება ქუჩის აქციები. 


ყველა ახალი ამბავი
0