„არც ერთზე არ უნდა ჩავბჟირდეთ, არც ამერიკაზე და არც რუსეთზე!“

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиარჩილ ჭყოიძე
არჩილ ჭყოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს ეხმაურება, სადაც საუბარია საქართველოში რუსული პროპაგანდის მზარდ საფრთხეებზე და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შენელებულ ტემპზე. ამის შესახებ არჩილ ჭყოიძე sputnik-ის ჟურნალისტს თამაზ ჩოჩუას ესაუბრა:

არჩილ ჭყოიძე:-დასავლეთიდან ჩვენს ქვეყანას არანაირი დახმარება არ აქვს. სამაგიეროდ, დასავლეთი საქართველოში ეხმარება ლგბტ ორგანიზაციებს; სერიოზულად ეხმარება და სერიოზულ ფულს დებს იმისთვის, რომ ჩამოშალოს საგანმანათლებლო სისტემა; ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენს ქვეყანაში დასავლეთი პრაქტიკულად,ყველა იმ ორგანიზაციას აფინანსებს, რომელიც  ქართული ეკლესიის, ქართული ტრადიციის წინააღმდეგ გამოდის. ასევე ვერაფერი გააკეთა 20-25 წლის განმავლობაში, რომ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებით რაიმე წინსვლა ჰქონოდა საქართველოს. მეტიც 2008 წელს საქართველომ დაინახა, რომ ერთი ერთზე დარჩა რუსეთთან მაშინ, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები არამარტო ავღანეთში, არამედ ერაყშიც კი იმყოფებოდა საკმაოდ სერიოზული კონტიგენტით, 3000-ზე მეტი ჯარისკაცით.

თუ საქართველოს რეალური დახმარება უნდოდა აშშ-ს, შეეძლო ქართული ეკონომიკის წინ წაწევა. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო კუბა, მსოფლიო ბაზრის ფასთან მიმართებით, სამმაგ ფასში ყიდულობდა შაქარს და სხვა პროდუქციას. რეალურად ამით ის ეხმარებოდა კუბას. დღეს კი საქართველოში თუნდაც რთველი ყოველწლიურად პრობლემას წარმოადგენს.სახელმწიფოს არ შეუძლია კარგ ფასში ჩაიბაროს ყურძენი. იგივეა ციტრუსებთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ეს პროდუქტი ამერიკას რომ შეეძინა საქართველოსგან და გაეგზავნა თუნდაც ავღანეთში, სადაც მისი ჯარი დგას ქართულ ჯართან ერთად, ამით მას ექნებოდა სერიოზული მხარდაჭერა საზოგადოებაში… ხალხი, რომელიც ცხოვრობს გორში, საზღვრისპირა რეგიონებში, მათ არ აქვთ არანაირი განცდა სიმშვიდის. ვთქვათ, რუსებმა მოახდინეს კიდევ სხვა ტერიტორიების ოკუპაცია, ვინ დაიცავს მათ? არც არავინ! ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო ფიქრი, დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან, რომ იყოს დაცული.

მეორე მომენტი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, ისევ რუსეთიდან იგზავნება დაახლოებით 400-500 მილიონი დოლარი, რაც 6-ჯერ აღემატება ამერიკიდან გადმორიცხულ ფულად ტრანსფერებს და ქართული პროდუქტის 90 % იყიდება ისევ რუსეთში და ჩვენი ბიზნესი სარგებელს იღებს ისევ რუსეთისგან და არა ამერიკისგან.

-დღეს სამოქალაქო სექტორის არაერთი წარმომადგენელი საუბრობს, რომ სასაქართველოში პრორუსული ძალების აქტიური დაფინანსება ხდება რუსეთის მხრიდან…

— რასაც საუბრობენ ამერიკის მეხოტბეები და დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობოები, თითქოს პრორუსული ძალები ფინანსდებდნენ რუსეთისგან, არის ბლეფი. ერთი მაგალითი მაინც დადონ, ვინ, სად და რა თანხებით დაფინანსდა. საინტერესოა კიდევ ერთი რამ — აშშ, რომელიც მუდმივად საუბრობს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, რეალურად არაფერს აკეთებს. რამდენიმე წერილი მივწერეთ აშშ-ის ელჩს, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში; მედია საშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან დასავლეთიდან, როგორ ახდენენ მოსახლეობის დეზინფორმირებას. მეტსაც გეტყვით, ქვეყანამ, რომელიც თავს დებს, რომ დემოკრატიის შუქურაა, აქციის ჩატარების საშუალებაც კი არ მოგვცა აშშ-ის საელჩოსთან და წინ გადაგვიღობა თავისივე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ყველაფერზე არაერთხელ გავუგზავნეთ წერილი აშშ-ის ელჩს, მაგრამ არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია.

-რუსეთი თუ დასავლეთი? როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს დღეს საქართველომ?

— ჩვენ ქვეყანამ უნდა აწარმოოოს ზომიერი პოლიტიკა, როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან; არცერთზე არ უნდა ჩავბჟირდეთ, არც ამერიკაზე და არც რუსეთზე. ჩვენ უნდა ვევაჭროთ ერთსაც და მეორესაც. სამწუხაროდ, არავინ ითვალისწინებს ფაქტს, რომელიც მსოფლიოში ხდება და რომელიც საქართველოშიც ფეხს იკიდებს — ეს არის ჩინეთი, მესამე ზესახელმწიფო! მან აუარა გვერდი რუსეთს და შეძლო სარკინიგზო მაგისტრალი ისე დაეკავშირა ევროპასთან, რომ რუსეთის გავლა აღარ დასჭირვებოდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ  შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩინეთთანაც და ჩინეთი შესაძლოა გახდეს კიდეც ჩვენი  უსაფრთხოების გარანტი!


ყველა ახალი ამბავი
0