მომიტინგეები და პოლიცია საქართველოში - უფლებები და წესები

გამოწერა

საკითხი, რა უფლებები აქვთ საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს საქართველოში, ასევე, რა ეკრძალებათ მათ, აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 21 ივნისს თბილისში პოლიციამ მომიტინგეები დაშალა.

საპროტესტო აქცია თბილისში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე შეკრებილებს, მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, საავადმყოფოებში 240 დაშავებული გადაიყვანეს — როგორც მომიტინგეები, ისე პოლიციის თანამშრომლები.

ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეებისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა. ითქვა ისიც, რომ სამართალდამცველები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. 

აქციის დაშლა პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
„პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა“ - ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მისი თქმით, ძალოვნებმა მომიტინგეები მკაფიო და გასაგები ფორმით არ გააფრთხილეს სპეციალური საშუალებების — ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, თბილისში მომხდარ არეულობაში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა. აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დაწყებული არეულობა „ნაციონალური მოძრაობის აგრესიული მცდელობაა, რათა არიოს სიტუაცია ქვეყანაში“.

იმ დღეს პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა.

როგორც შს-მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, „აქცია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა და აშკარად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.

მისი თქმით, პოლიციამ ძალა მხოლოდ იმ მიზნით გამოიყენა, რომ არ დაეშვა მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შეჭრა, აღედგინა სამოქალაქო წესრიგი, დაებრუნებინა აქცია სამართლებრივ ჩარჩოებში, აღეკვეთა თავდასხმები პოლიციაზე და ასევე მართლწესრიგის უხეში დარღვევა.

ყველა ახალი ამბავი
0