საქართველოს სამთო კურორტები რეკორდებს ხსნიან

გამოწერა
საქართველოს ზამთრის კურორტები სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე უცხოელ ტურისტებს შორის. ამაზე მეტყველებს ქვეყნის ოთხივე სამთო კურორტზე ვიზიტორების რაოდენობის ზრდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მონაცემების თანახმად, 2011-2012 წლის ზამთრის სეზონიდან დაწყებული, ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე ვიზიტორების რაოდენობა 578%-ით გაიზარდა.

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოს სამთო კურორტებს 603 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია. თუ ამ მონაცემებს 2017-2018 წლების მაჩვენებელს შევადარებთ (დაახლოებით 525 ათასი ვიზიტორი), ზრდა 15%-ს შეადგენს.

ზამთრის კურორტებზე სეზონი ძირითადად დეკემბერი-აპრილის ჩათვლით გრძელდება. წელს იგი 128 დღე გაგრძელდა.

ტურიზმის განვითარება, მათ შორის მდიდარი ტურისტების მოზიდვა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით იგეგმება ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მომსახურების სფეროში დასაქმებულთა გადამზადება.

2018 წელს ამ მიმართულებით მთლიანობაში 90 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განხორციელდა.

2018 წელს ტურიზმმა საქართველოში ყველა რეკორდი მოხსნა. წლის განმავლობაში უცხოელებმა ქვეყნის საზღვარი დაახლოებით 8,7 მილიონჯერ გადმოკვეთეს, რაც 10%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. აქედან ტურისტული ვიზიტი 4,8 მლნ იყო.

საქართველოსადმი ყველაზე დიდ ინტერესს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები იჩენენ.

ყველა ახალი ამბავი
0