თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე კერძო სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა შარაშიძის ქუჩაზე დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 30 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.