თეთრწყაროში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerეჭვმიტანილი ხელბორკილებში
ეჭვმიტანილი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მძარცველებმა ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს და მოკვლის მუქარით გაიტაცეს 16 100 ლარი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონები და ავტომობილი.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი – ადრე ნასამართლევი 33 წლის მამაკაცი და მისი თანამზრახველი 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ოქტომბერს ბრალდებულები ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთისა და ავსტრალიის მოქალაქეების სახლში მოტყუებით შევიდნენ.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც მოკვლის მუქარით გაიტაცეს 16 100 ლარი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან მათივე ავტომობილით მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0