ინციდენტი წნორში - შუახნის ქალბატონი ცხოველთა დამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerმიუსაფარი ძაღლები
მიუსაფარი ძაღლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წნორში შუახნის ქალბატონი ძაღლების მოვლის მიზნით შემოწირულობას ითხოვდა. შეგროვებული თანხა კი ცხოველთა მოვლას არ ხმარდებოდა.

თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში ერთ-ერთმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ (GSPSA) წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ადგილობრივ ქალს საცხოვრებელ სახლში ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა. ძაღლებს არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები.

ადგილზე მისულ ცხოველთა დამცველებს ვითარება კიდევ უფრო მძიმე დახვდათ, რის გამოც მათ ორი ძაღლი წაიყვანეს.

მომხდარზე გაღიზიანებული ქალი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მისულ ერთ-ერთ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, ფიზიკურად გაუსწორდა.

ორგანიზაციის წევრები მაყვალა სპანდერაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ შუახნის ქალი სოციალური ქსელის მეშვეობით ცხოველთა მოვლის მიზნით ფინანსურ დახმარებას ითხოვდა. შემოსული შემოწირულობა კი ცხოველების მოვლა-პატრონობას არ ხმარდებოდა.

ინციდენტის ყველა მონაწილე სიღნაღის რაიონულ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს სსკ-ის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, აცნობეს Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს შსს-ში.

ყველა ახალი ამბავი
0