16:43 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1951)
220 0 0

დაღუპულის ოჯახის ადვოკატი შიშობს, რომ მისი მობილური ტელეფონის ჩამორთმევის კვალდაკვალ სამართალდამცველებმა შეიძლება მას თავისუფლებაც აღუკვეთონ.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი სკანდალი მომწიფდა – ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის შეიძლება დააპატიმრონ.

საქართველოს პროკურატურამ უფლებადამცველის მობილური ტელეფონი მას შემდეგ ამოიღო, რაც ადვოკატმა თანამგზავრის მიერ გადაღებული გოგონას გარდაცვალების ადგილის ფოტოები გაავრცელა. მოგვიანებით ექსპერტიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ეს კადრები ფოტომონტაჟის შედეგია.

„დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ, ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს ტელეფონი, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მალე თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, ძალიან არ უნდათ მე ამ საქმეში ვიყო, რადგან ხედავენ, უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდი ამ საქმეში. არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს უსაფრთხოებას“, – განუცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ მის ტელეფონში „არაოფიციალურად“ შეიძლება იპოვონ ის, რაც არ არსებობს.

პროკურატურის პოზიცია

ტელეფონის ამოღების ფაქტზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა დავით გუმბერიძემ. მან კონფისკაცია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ადგილის ამსახველ ფოტოებს დაუკავშირა, რომლებიც თანამგზავრით არის გადაღებული და გამოძიებას მიხეილ რამიშვილმა წარუდგინა.

როგორც ცნობილია, ფოტოები რამიშვილს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

პროკურორის განცხადებით, რამიშვილის ტელეფონში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებსა და ადვოკატის დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერას.

„შესაბამისად, რა ინფორმაციაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას. საეჭვო რომ არ იყოს ავთენტურობა, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, რომ უშუალოდ სპეციალისტის, ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. ტელეფონის დალუქვა მიხეილ რამიშვილის თანხმობით მოხდა“, – განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ რამიშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გუმბერიძემ განაცხადა, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა.

„პროკურატურის მიერ უმოკლეს ვადებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქმეზე, რაც უკავშირდება კონკრეტულად სატელიტის ფოტოებს, რაც წარდგენილი იქნა გამოძიებაში. ჩვენ დადასტურებული გვაქვს ფაქტი ექსპერტიზაზე, რომ ეს ფოტოები არის მონტაჟის შედეგად მიღებული და შეიცავს ცრუ ინფორმაციას“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი – პროკურატურამ ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა>>

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1951)

მთავარი თემები