თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში თხილის ბიზნესში მონაწილე პარტნიორებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს შუახნის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თხილის ქარხანასთან მოხდა. მამაკაცს დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
„მამაკაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები აღენიშნება, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.