„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია მოითხოვს გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას - როგორც მმართველ პარტიასთან შეთანხმების ერთ-ერთ პირობას.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხის“ 2,5%-იანი წილის მფლობელი გიორგი რურუა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება ედება ბრალად, პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი". 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს, რადგანაც მას საკუთარი, ოფიციალურად გაფორმებული ბევრი იარაღის შენახვის უფლება აქვს. თავად რურუამ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული მხარეა.

ორშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ რურუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შეუამდგომლობა დააყენა, ბრალდების მხარე კი მის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. მოსამართლე მხარეების პოზიციას გაეცნო და რურუა პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიცია მოითხოვს გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას - როგორც მმართველ პარტიასთან შეთანხმების ერთ-ერთ პირობას.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური კრიზისისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების თაობაზე შეთანხმების შესაძლო ჩავარდნის ფონზე გასულ კვირაში ორი მსჯავრდებული – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, რომელთა გათავისუფლებასაც ოპოზიცია მოითხოვდა.

რურუაზე პრეზიდენტის შეწყალება ვერ გავრცელდებოდა, რადგან სასამართლოს მის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

ოპოზიციას, რომელიც რურუას გათავისუფლებას მოითხოვს, მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება, ისინი კონსტიტუციაში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. 

ქალი ქუჩაში - Sputnik საქართველო
თავისუფალი არჩევნების ფასი საქართველოში: პოლიტიკური ვნებათაღელვა კორონავირუსის ფონზე

შესწორებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის ხმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მხარს ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დაუჭერს, მით უმეტეს, რომ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს მმართველ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის დადებული სამარცხვინო შეთანხმება უწოდა.

„სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება... როდესაც რამეს ამბობ, ვალდებულებას იღებ ადამიანურ ურთიერთობებში, პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ვალდებულებას საერთაშორისო პოლიტიკაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ ამ თემის კომენტარისას.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემის ცვლილებებს ეხება, 8 მარტს შედგა. ოპოზიცია უმრავლესობის ინიციატივის მხარდაჭერას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა, თუ ე.წ. „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება მოხდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0