მოზარდის დაღუპვის საქმე: სასამართლომ გამომძიებელი პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავად განსასჯელი მარიანა ჩოლოიანი პროცესს არ ესწრებოდა, რადგან ცუდად გრძნობდა თავს. მან ნებართვა მისცა, რომ მოსმენა მის გარეშე ჩატარებულიყო

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა პოლიციის უფროსი გამომძიებელი მარიანა ჩოლოქიანი, რომელიც ბრალდებულია 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულებაში.

სირაძე 17 დეკემბერს, რამდენიმე დღით ადრე მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ძირითადი ვერსიაა თვითმკვლელობის მცდელობა, თუმცა საქართველოს საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს. ჩოლოიანს ბრალად ედება სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულება ღამით მის ყოფილ სკოლაში შესვლასა და სხვადასხვა კაბინეტში წარწერების გაკეთებასთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესზე ოთხშაბათს დაცვის მხარე 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდა. ბრალდების მხარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არსებობდა არასრულწლოვნებზე ზეწოლის განხორციელების, სამხილების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აქედან გამომდინარე, პროკურორმა ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი: მოზარდებს ვიდეოკამერების წინ გამოკითხავენ

„იმის გათვალისწინებით, რომ დღესაც არსებობს კონკრეტული საფრთხეები, რომელითაც შესაძლებელია სამართალწარმოებას ხელი შეეშალოს, უშუალოდ ბრალდების მხარე კვლავ მოითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დარჩეს. საქმეში მოიპოვება დაზარალებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები, ასევე ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებები, ასევე პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა დანაშაული", - განუცხადა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ ჟურნალისტებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა დაცვის მხარე.

ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა. თუმცა, ისინი გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას. მათი მიზანია, რომ საზოგადოებამ, სასამართლომ საქმე ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან განიხილოს, აღნიშნა მოსიაშვილმა.

თავად ჩოლიანი სხდომას, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, არ ესწრებოდა. სასამართლოსადმი წერილში ბრალდებულმა აღნიშნა, რომ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება და სურს, რომ სხდომა მის გარეშე ჩატარდეს.

ჩოლოიანს ბრალი ედება „მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულების" მუხლით, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა ჩოლოიანმა 10 დეკემბერს ლუკა სირაძე დაკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა.

უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

ყველა ახალი ამბავი
0