პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სამკვირიანი უწყვეტი ძებნის სამუშაოების შემდეგ აღმოაჩინეს. ძიების პროცესში, მათ შორის, დრონიც იყო ჩართული.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სამი კვირა ეძებდნენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი სამეგრელოდან.

უბედური შემთხვევა ცაგერის რაიონში: მდინარემ კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი გამორიყა>>

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს დაფიქსირდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგული პირის ადგილსამყოფელის დასადგენად პოლიციის თანამშრომლებთან ერთად საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ფოთში 24 წლის მამაკაცს ეძებენ

თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში.

ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.

სამკვირიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად დღეს მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და თავისუფლების სამ წლამდე შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0