გურიაში თურქეთის სამი მოქალაქე გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძალველებმა მძევლად აიყვანეს თურქეთის მოქალაქე, მის ძმას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 130 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვეს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა თურქეთის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან თურქეთის 45 წლის, 38 წლისა და 28 წლის მოქალაქეები.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის 33 წლის მოქალაქეს და ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.

„გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის - ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0