სოფელ ფიჩხოვანში ბავშვებმა კრაზანის ბუდეს ცეცხლი წაუკიდეს და... სახლი დაწვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე
მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანში ბავშვების დაუდევრობით ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ნაწილობრივ დაიწვა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანში, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.  

სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო
ხანძარი ზუგდიდში – ცეცხლი ოთხ ბინას მოედო

„ოჯახს აივანზე თივა ჰქონდა გაშლილი. ბავშვებმა მასში კრაზანის ბუდე იპოვეს და ცეცხლი წაუკიდეს. არ ეგონათ, რომ ცეცხლი თივასაც წაეკიდებოდა და მერე სახურავზე გადავიდოდა“, — განმარტა ქარუმაშვილმა.

ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა ებრძოდა. ხანძარმა დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა სახლის გადარჩენა შეძლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ორსართულიანი სახლი ხანძრის ქრობის დროს წყალმა მთლიანად ჩამორეცხა, მაგრამ მთავარია, რომ არ დაიწვა და რემონტს ექვემდებარება. პატრონებმა მოასწრეს და მეზობლების დახმარებით იქიდან ფასეული ნივთებიც გაიტანეს. სახურავი მთლიანად შესაცვლელია“, — ამბობს მერი.

დაზარალებულებს საცხოვრებლის აღდგენამდე მერიამ მეზობლად მდებარე სახლი უქირავა. გარდა ამისა, სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის და ადგილობრივი ხელისუფლება მატერიალურ დახმარებას გაუწევს მათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0