ცემა და შეურაცხყოფა ქმრისა და დედამთილისგან: თეთრიწყაროში ქალმა თავის მოკვლა სცადა

გამოწერა
შსს-მ ახალგაზრდა ქალის მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარუდგინა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თეთრიწყაროს რაიონში 33 წლის ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ქალის მეუღლე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე – 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლეს, რის გამოც ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა.

ძალადობა - Sputnik საქართველო
ძალადობა მეუღლეზე – ინციდენტის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა

დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებულს ბრალი ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მუხლით წარედგინა. მას 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება ახალგაზრდა ქალის დედამთილს, გამოძიებით დადგინდა, რომ მისი მხრიდანაც დაფიქსირდა ქალის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტები. მასაც ბრალი რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე წარედგინა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე სსკ-ის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0