ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© photo: Levan Jibgashvili / FBლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გირაოთი გათავისუფლების მიზეზი ბრალის აღიარება გახდა

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს, რომელსაც პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნას ედავება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო. გირაოთი განსაზღვრული თანხის შეტანამდე მსახიობი პატიმრობაში დარჩება.

ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
ჯიბღაშვილის აღიარება: საიდან გაჩნდა მსახიობის ავტომობილში ჩანთა ნარკოტიკებით

პროკურატურა მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს. ადვოკატის თქმით, მსახიობი ბრალს სრულად ეთანხმება.

მსახიობმა სასამართლო სხდომაზე ოჯახსა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ბოდიში მინდა მოვუხადო, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის“, - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ბრალდებისა და დაცვის მხარეები არ ამბობენ, რა რაოდენობის და რა სახის ნარკოტიკი იპოვა პოლიციამ მსახიობის ავტომობილში.

ბრალდებულის ადვოკატი მთელი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ ჩანთა, რომელიც ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოიღეს, მსახიობს არ ეკუთვნოდა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამირან გიგუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩანთა ლევან ჯიბღაშვილის საკუთრება იყო.

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0