სკოლის შემოწმება და დირექტორის გარდაცვალება – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის სკოლაში ჩატარებული შემოწმებით საქართველოს პროკურატურა დაინტერესდა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგ ინსულტის შედეგად სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში 2018 წლის 2 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს. მისმა ნათესავებმა ამაში ხელისუფლება დაადანაშაულეს. საქმე ისაა, რომ მანამდე სკოლის დირექტორმა საჯაროდ ისაუბრა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რათა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაეჭირა სახელისუფლო კანდიდატისთვის. არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი განათლების უწყებამ სკოლაში მასშტაბური შემოწმება ჩაატარა და გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა.

მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
„ეს სპეკულაციას ჰგავს" – ბატიაშვილი სკოლის დირექტორის გარდაცვალების ირგვლივ მოვლენებზე

პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

პროკურატურის გადაწყვეტილებას კომენტარით უკვე გამოეხმაურა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

„როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი", – განაცხადა ბატიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამინისტროში ვინმე ლავრენტი ქირიას ანონიმური წერილი შევიდა. კერზაიას ახლობლები კი აცხადებენ, რომ ქირია გამოგონილი ადამიანია. მათი თქმით, სკოლის შემოწმება იმიტომ დაიწყო, რომ სკოლის დირექტორმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარებაზე უარი უთხრა.

ყველა ახალი ამბავი
0