ზუგდიდის ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

© Sputnik / STRINGERკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი ბავშვია

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ქალი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებით მიმართვის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 253 ადამიანს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე მიმართვის მაჩვენებელი 450-ს გადააჭარბებს. H1N1 ტიპის ვირუსმა, ანუ "ღორის გრიპით" გამოწვეულმა გართულებამ დღემდე საქართველოში 20-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
მასმედია: აჭარაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა „ღორის გრიპისგან"

სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტი კლინიკაში გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა გუშინ შეიყვანა.

„ქალი შემოიყვანეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ორმხრივი ტოტალური პნევმონიით და ფილტვების შეშუპებით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღებულია ნაცხი ვირუსის იდენტიფიკაციისთვის", – განაცხადა მან.

მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში დაავადების ერთკვირიანი ანამნეზით შეიყვანეს.

ამ დროისთვის ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი ბავშვია. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ღორის გრიპი" მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერწვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიური უწოდეს, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0