დიდ დიღომში დაღუპული დედა-შვილის ცხედრები სახლში გადაასვენეს

CC0 / Pixabay / ხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, დაკეტილ ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, აფეთქება კი შუქის ანთებას მოჰყვა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ცხედრები სახლში გადაასვენეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

36 წლის ნათია ციცვიძის და მისი ოთხი წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე გადაასვენეს, სადაც ოჯახი წლების მანძილზე, ახლადშეძენილ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა. გარდაცვლილია ასევე ნათია ციცვიძის და, რომელიც მასთან სახლში იმყოფებოდა.

აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
ერთად ერთმანეთისთვის – საზოგადოება დიღომში დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს

ნათია ციცვიძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. მას დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

გარდაცვლილია ასევე ლევან დავლაძე, რომელიც ამ კორპუსში მეგობრის ბინის სანახავად მივიდა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება სწორედ მის მიერ სახლში შუქის ანთებას მოჰყვა. ნათია ციცვიძის ბინა ამ ბინის მეზობლად იყო.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე გუშინ, საღამოს ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0