თავდაცვის უწყება: დავით ბერიაშვილის საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტროს გერბი
თავდაცვის სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება ერთი წლით შეეზღუდება.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ჯარისკაცი სცემეს – თავდაცვის სამინისტრომ საქმე აღძრა

რეკრუტ დავით ბერიშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია Rustavi2-მა გუშინ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დავით ბერიშვილი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, ირწმუნება, რომ იგი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ სასტიკად სცემა. ექიმებმა მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო მოსამსახურეს ტვინის შერყევა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს.

სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ელგუჯა ბიბინიძის მიერ ჯარისკაცის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან, კომუნიკაცია გუშინვე, გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს და ექიმებისგან ნებართვის მიღების შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმის მასალებში დევს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ჩხუბი კოჯრის ბაზაზე: ორ სამხედრო პირს პატიმრობა შეეფარდა

უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს 00:40 საათზე დაიწყეს და 02:35 წუთზე დაასრულეს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ორი დღის განმავლობაში გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება დავით ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საქმეზე დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით ბერიშვილს ჩაუტარა გამოკვლევა, რისი პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფას სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას, ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება ერთი წლით შეეზღუდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0