07:51 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
მოსამართლის ჩაქუჩი

სასამართლომ ტყიბულის ტრაგედიაზე დაკავებულ ექვსივე პირს გირაოზე უარი უთხრა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ტრაგედია ტყიბულის შახტში (15)
77 0 0

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის გირაოს სახით 5–5 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტში მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ექვსივე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამართალდამცველებმა ტყიბულის შახტის თანამშრომლები მინდელის სახელობის შახტში მიმდინარე წლის აპრილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 6 აგვისტოს დააკავეს.

მინდელის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა. მოსამართლე თათია გოგოლაურმა ადვოკატების შუამდგომლობა არ გაიზიარა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წლის 21 სექტემბერსაც არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და იგივე გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარე თითოეული დაკავებულისთვის გირაოს სახით 5 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

5 აპრილს, დაახლოებით 03:30 საათზე ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც შახტის ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი — ა.ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი — გ.კ., შახტის მენეჯერი — მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე — ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.

კომპანია „საქნახშირის" დაკავებული ყოფილი თანამშრომლებიდან ხუთმა ბრალი აღიარა. ერთ-ერთი ბრალდებული კი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების მიხედვით, დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნები, რომელთა თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ ის, რომ შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.

თემები:
ტრაგედია ტყიბულის შახტში (15)

მთავარი თემები