„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოსანი თავისუფალია

CC0 / Pixabay / გათავისუფლება
გათავისუფლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს გია თვალავაძეს გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, იუწყება პირველი არხი.

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს >>

თვალავაძე და კიდევ ხუთი პირი 24 სექტემბერს დააკავეს. ამ ხუთ პიროვნებას ბრალად ედება ის, რომ ისინი თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ, ხოლო გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, არ რეაგირებდა „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე. მაშინ ექვსივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

„პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი – 20 ათასი ლარით“, – გამოაცხადა პროცესზე მოსამართლემ.

აბები - Sputnik საქართველო
საქართველოში დაახლოებით 25 აფთიაქი „სააფთიაქო ნარკომანიაში“ ამხილეს

პატიმრობაში ყოფნისას თვალავაძე გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას.

საქმის წინასწარი მოსმენა 12 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მისი მონაცემებით, აღნიშნულ აფთიაქებში პრეპარატების უკანონო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 4 მილიონ ლარს აჭარბებს.

აღნიშნულ საქმეებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში საერთო ჯამში 20 ადამიანია მიცემული.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0